Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 30 ივლისი


“24 საათი” ორი პუბლიკაციით ეხმაურება ქართველი ძიუდოისტის, ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვებას ლონდონის ოლიმპიადაზე. ერთის სათაურია - “იამაყე, საქართველო!” - ასეთი ფრაზით მიუმართავს იაპონელ კოლეგას სტატიის ავტორისთვის, როცა ქართველი ძიუდოისტის გამარჯვების გამო დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. მეორე პუბლიკაცია კი გახლავთ დაჯილდოების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილის პრესკონფერენციის ტექსტი: “საქმე ის არის, რომ ჭიდაობენ არა ტიტულები, არამედ მოჭიდავეები. შესაბამისად, მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ ვინ შემხვდებოდა: მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის თუ ოლიმპიური თამაშების. ყველა მეტოქესთან ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომევლინაო”, - უთქვამს შავდათუაშვილს, რომელმაც სამი თვის წინ ისიც კი არ იცოდა, ოლიმპიურ ლიცენზიას მოიპოვებდა თუ არა.

პოლიტიკურ ამბებს რაც შეეხება, “ბლეფი” - ასე ასათაურებს სტატიას “კვირის პალიტრის“ ავტორი, რომელიც არჩევნების გაყალბების თანამედროვე მექანიზმებზე წერს. სტატიაში განმარტებულია რას ნიშნავს “მარაო”, “კარუსელი”, “ოქმების გამოცვლა” და ა.შ., ბოლოს კი ლაპარაკობს “ბლეფზე” : ”ბლეფი დიდ როლს ასრულებს არჩევნების ბედის გადაწყვეტაში”.

“კვირის პალიტრაშივე” გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ: “არის რაღაცები, სადაც შეგიძლია ქართველი მოატყუო და არის რაღაცები, რასაც, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, ქართველი არ “ჭამს”. ბევრი თვალსაზრისით ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა და გახდა რეალისტური მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანია გადავიდა რეგიონებში”.

გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუ დღეს “ვერსიაშიც” ქვეყნდება, თუმცა ამ გაზეთში ყურადღებას პარლამენტის საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილთან ინტერვიუზე შევაჩერებ. ის ამბობს, რომ დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში” სასურველის რეალობად გასაღებაა. არჩევნების გაყალბებასთან მისი სახელის ასოცირებაზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად ცესკოში მუშაობის პერიოდს იხსენებს: “წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც 41 პარტიის წარმომადგენელი წარადგენს დოკუმენტაციას, სადაც 40-ს ხარვეზი აქვს, მაგრამ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც ხარვეზი არ აქვს და რომლის წარმომადგენელიც ვარ მე. შეცდომა არ მქონია, აი, ამის დაჯერება იყო შეუძლებელი”.

“რეზონანსი” დღეს წერს კიდევ ერთი ორგანიზაციის - “პენ შონ ბერლანდის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე, რომლის თანახმადაც, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” თანაბარი რეიტინგი აქვთ - 42-42%.
“რეზონანსშივე” ქვეყნდება დღეს ვრცელი ინტერვიუ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით დარჩიაშვილთან: “თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენს საშინაო პოლიტიკასა და სოციალურ ურთიერთობებს გააკონტროლებს არა სამოქალაქო საზოგადოება და პოლიცია, არამედ ორგანიზებული დანაშაული, “კანონიერი ქურდები”. მეორეც, მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რა განცხადებები აქვთ ხიდაშელსა და სხვებს, საქართველო საგარეო პოლიტიკაში რუსული პუტინისეული პოლიტიკის სატელიტად იქცევა. ეს მგონია და რა ვქნა...”.

“ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, ივანიშვილის მიერ ჯარიმის სახით 80 მილიონის გადახდის ფაქტზე ამბობს: “ეჭვი ყოველთვის ჩნდება, როცა ამბობ, რომ რაღაცას არ გააკეთებ, რომ არ მოხდება უკანონო ჯარიმების გადახდა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივში გადატანა და შემდეგ ასეთი რაღაცები ხდება, რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს ეს”.

“კვირის ქრონიკა” დღეს გასულ კვირაში ხიზრი ალდამოვის მიერ ჩატარებული პრესკონფერენციის ტექსტურ ვერსიას სთავაზობს მკითხველს. ალდამოვზე “კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და ამბობს, რომ რუსეთის მთავარი გზავნილი მსოფლიოსთვის არის, რომ “საქართველო არის ტერორისტების თავშესაფარი ქვეყანა, რომელიც ცდილობს ჩაშალოს ოლიმპიური თამაშები” ტერორისტული გზით და რომ “ხიზრი ალდამოვი არის სერიოზული ჯაჭვის ერთი ჩვეულებრივი რგოლი, რომელსაც მეტ-ნაკლებად დაეჯერება”.

“გუჯი” - ასე ეწოდება წერილს, რომელიც “ტაბულის” გარეკანზეა გამოტანილი და საფრანგეთში მოღვაწე ხელოვან გუჯი ამაშუკელს ეძღვნება: “საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ ის ხელოვნების მეტრად აღიარა, საკუთარ თავს კი ქმნილებათა ხელოსნად მიიჩნევსო”, - წერს სტატიის ავტორი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG