Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 3 აგვისტო


ლონდონის ოლიმპიადის ამბები დღეს პრესის პირველ გვერდებზეა. ერთი მხრივ, ამის მიზეზია სპორტული შედეგებით იმედგაცრუება, მეორე მხრივ კი, ყურადღების ცენტრში მოექცა ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანთან დაკავშირებული ამბავი.

“ქართული სკანდალი ოლიმპიადაზე” – “რეზონანსში” წაიკითხავთ ამ სათაურით სტატიას, რომელშიც ბეთქილ შუკვანთან ინტერვიუც არის ჩართული. ის “ქართული ოცნების” მიმართ მის მიერ დაუფარავად გამოხატული სიმპათიის გამო სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებასა და კონფლიქტზე ლაპარაკობს და ლონდონის ოლიმპიადიდან წამოსვლის შესახებ ჰყვება: “იმ საღამოსვე მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ქალაქიდან შორს ვიყავით და ვერ ვერკვეოდი. ბილეთის დაჯავშნაც არ ვიცოდი. ჭიდაობის შემდეგ ორი დღე ოთახში ვიყავი ჩაკეტილი, გარეთაც არ გამოვსულვარ. ბიჭების “ბალელშიკობაც” ვერ შევძელი, ვიცოდი, რომ დამხვდებოდნენ და იმიტომ. ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში, მას ვთხოვე ბილეთი დაეჯავშნა და ის დამეხმარა”.

“24 საათის” ლონდონში მყოფი კორესპონდენტი წერს, რომ “იმ გრაფიკს, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ოლიმპიადის დაწყებამდე შეადგინა (7-8 მედალი) ძალიან ჩამოვრჩებით. ახლა გათვლებს თუ დავიწყებთ, ნათელი გახდება, რომ ამდენი მედლის აღება გაგვიჭირდება, მაგრამ თუ ჭიდაობის სამივე სახეობაში თითო ოქროს მოვიგებთ, ეს უკვე რეალური და ძალიან კარგი შედეგი იქნება”.

“ქართუ ბანკში” დროებითი მმართველის ყოფნის დროს მომხდარი დარღვევებისა და დროებითი მმართველის “ქართუ ბანკში” კიდევ ერთხელ შესვლის ალბათობაზე “ვერსიას” ბანკის ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ესაუბრება. ძირითადი თემა 4 დეველოპერულ კომპანიასთან დროებითი მმართველის მიერ გაფორმებული 50 მილიონიანი ხელშეკრულებაა: “ამ ხელშეკრულებაში ყველაზე მეტად გაუგებარი ერთი პუნქტია, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ფული სულ სხვა დანიშნულებით უნდა გაიცეს და აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: მაგალითად, დეველოპერს ერთ ჩარიცხვაზე 15 მილიონი ლარი ერიცხება, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან 15-მილიონიანი ობიექტი 1-2 წლის მანძილზე შენდება, ამიტომ ნებისმიერი ბანკი მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში და, მათ შორის, “ქართუ ბანკიც”, ასეთ სესხებს ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესაბამისად გასცემს” - ამ და სხვა დარღვევებზე უყვება “ვერსიას” ნოდარ ჯავახიშვილი. ის ბანკის არალიკვიდურობის დადგომისა და ბანკში დროებითი მმართველის დაბრუნების საფრთხეზე ლაპარაკობს.

“ხელისუფლებამ ქვეყნიდან ქონების გატანა დაიწყო” – “ახალი თაობის” პირველ გვერდზეა გამოტანილი ეს სიტყვები “სახალხო კრების” ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ბათიაშვილთან ინტერვიუდან. მას ჟურნალისტი ეუბნება: “ვრცელდება ინფორმაციები, რომ ეს რამდენიმე დღეა ხელისუფლების განძით დატვირთული თვითმფრინავები მიფრინავს თბილისის აეროპორტიდან. დაგროვილ სიმდიდრეს და ქონებას ეზიდებიანო...”. ბათიაშვილი პასუხობს: “პირადად ჩემი თვალით არ მინახავს, თუმცა ამის შესახებ მეც გავიგე. ეს ინფორმაციები ტრიალებს და ხელისუფლება რომ პანიკაშია, სააკაშვილი რომ პანიკაშია, ამაში ორი აზრი არ არის. რასაკვირველია, მათ, უპირველეს ყოვლისა, აღელვებთ თავისი ქონების საკითხი. ის უზარმაზარი, მილიარდობით ქონება, რომელიც მათ დააგროვეს ძარცვა-გლეჯით მთელი ამ წლების განმავლობაში”.

საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წლის თავის აღნიშვნის კონტექსტში, “საქართველოს რესპუბლიკა” იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს აქვეყნებს. შეკითხვაზე, საქართველოს რითი იცნობენ იაპონელები, იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პასუხობს: “იაპონიაში საქართველო ცნობილია ქართული ღვინით, ქართული მაწვნით და სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით. ასევე, ჩვენთან კარგად იცნობენ კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ქართველებს. მაგალითად, იაპონიის წამყვან ტრადიციულ სპორტ სუმოში სამი ქართველი მოღვაწეობს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სუმოს სამყაროში. ასევე იაპონიაში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს საქართველოს სიამაყეს, მსოფლიო ბალერინას ნინო ანანიაშვილს, რომელიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში ატარებს წარმოდგენებს იაპონიაში”, - ამბობს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი “საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლის შესრულებას ეძღვნება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG