Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპო იბომბება, დამასკზე ასადმა კონტროლი აღადგინა


სირიის სამთავრობო ჯარები არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით მასირებულად ბომბავენ მეამბოხეთა პოზიციებს სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოში. სირიის ოპოზიციის შეიარაღებული ძალების სარდლობამ შაბათს განაცხადა, რომ მისი მებრძოლები „მძლავრი თავდაცვისათვის“ ემზადებიან. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა სირიელმა მაღალჩინოსანმა კი განაცხადა, რომ რაც ალეპოში ხდება, მხოლოდ „ჟურნალია და ნამდვილი კინო კი წინ არის.“ სირიის ოფიციოზის ინფორმაციით, ბაშარ ალ ასადის მომხრე არმიამ სრულად აღადგინა კონტროლი დედაქალაქ დამასკზე, განდევნა რა შეიარაღებული ოპოზიცია მისი ბოლო სიმაგრიდან. ბრძოლების პარალელურად, დამასკის გარეუბანში შაბათს გაუჩინარდა 48 შიიტი ირანელი მომლოცველი. სირიის სამთავრობო ტელევიზია და ირანი ერთხმად აცხადებენ, რომ პილიგრიმები „შეიარაღებულმა ჯგუფებმა“ გაიტაცეს. მათი ბედის შესახებ არაფერი არ არის ცნობილი. გაეროს მონაცემებით კი, სირიაში წელიწადნახევრიანი ბრძოლების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 19 ათას კაცს აღწევს.
XS
SM
MD
LG