Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცოპერაცია საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან


სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე
სპეცდანიშნულების რაზმის წევრები საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე
საქართველოს სპეცსამსახურები განაგრძობენ ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთის მახლობლად, მდინარე ლოპოტის ხეობაში, მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს მძევლების გათავისუფლებისა და გაუვნებელყოფის ოპერაციას რუსეთიდან შემოსული შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრობელი - სოლომონ წიკლაური, არჩილ ჩოხელი და ვლადიმერ ხვედელიძე. ხუთი სპეცრაზმელი დაიჭრა. ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი.

პირველი ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფის შემოჭრისა და მძევლების აყვანის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 აგვისტოს გაავრცელა. სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ:

"საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია."
ბუნებაში ვიყავით გასული საქეიფოდ. უკან რო ვბრუნდებოდით (მოუყვებოდით მდინარის პირას), შეგვხვდა რამდენიმე ადამიანი, ავტომატით შეიარაღებული, რომლებმაც გვითხრეს, რომ აყვანილი ვართ მძევლებად და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. გაგვაფრთხილეს, თუ გაქცევას შეეცდებით, მოგკლავთო...
ყოფილი მძევალი

სამინისტროს მონაცემებით, ოპერაციაში, რომელიც მძევალთა სამი ჯგუფის გათავისუფლების მიზნით დაიწყო, რამდენიმე ასეული სპეცრაზმელი, მსუბუქი ტექნიკა და ვერტმფრენი მონაწილეობდა, ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ კი დღის მეორე ნახევარში გავრცელდა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, ლიკვიდირებულია შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი. ამჟამად ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. მიმდინარეობს მათი დაკავების ღონისძიება. შსს მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს.“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ყოფილი მძევლების ჩვენებები. ცნობისათვის, სამინისტროს განცხადებით, ყველა მძევალი უვნებლად იქნა გათავისუფლებული.

ყოფილი მძევალი: „ბუნებაში ვიყავით გასული საქეიფოდ. უკან რო ვბრუნდებოდით (მოუყვებოდით მდინარის პირას), შეგვხვდა რამდენიმე ადამიანი, ავტომატით შეიარაღებული, რომლებმაც გვითხრეს, რომ აყვანილი ვართ მძევლებად და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. გაგვაფრთხილეს, თუ გაქცევას შეეცდებით, მოგკლავთო.“

ყოფილი მძევალი: „იყვნენ 15-ზე მეტი. ჰქონდათ დიდძალი შეიარაღება, ავტომატები, სხვა იარაღი და ის, „მუხას“ რომ ეძახიან.“
ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურები თანამშრომლობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს არაორდინარული ვითარება, რაც იძლევა სერიოზულ საფუძველს იმის სალაპარაკოდ, რომ ეს ყველაფერი იყოს მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ წაქეზებული ან ორგანიზებული...
დავით დარჩიაშვილი

თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის მკვიდრი ეს ორი ახალგაზრდა, კიდევ სამ მეგობართან ერთად, რუსეთის ტერიტორიიდან შემოსულმა შეიარაღებულმა პირებმა 26 აგვისტოს გაიტაცეს. სწორედ სოფელ ლაფანყურიდან ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას რადიო თავისუფლების პარტნიორი რადიოს, „ჰერეთის“ კორესპონდენტი კახა კუპატაძე, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით:

„ჯერ ნაადრევია სპეცოპერაციის დასრულებაზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ ხეობაში დიდი რაოდენობით ტექნიკა და სამხედრო ძალა იმყოფება. მეტიც, გუშინდელთან შედარებით, ვერტმფრენებიც მეტი ინტენსივობით დაფრინავენ.“

სპეცოპერაცია არ დასრულებულა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითაც. შესაბამისად, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რა მიზნით შემოვიდა დივერსიული ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი, არ გამორიცხავს, რომ საქმე გვაქვს არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან, რომელიც ჩეჩნეთის და დაღესტნის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერალურმა ძალებმა გამოდევნეს:
დავით დარჩიაშვილი
დავით დარჩიაშვილი

„ჩრდილოკავკასია ზოგადად არის არასტაბილური რეგიონი, მუდმივად არის იქ დივერსიული აქტები და ასეთ დროს ჩვეულებრივი ამბავია ე.წ. გადმოღვრა ამ კონფლიქტებისა მეზობელ ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურები თანამშრომლობენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს არაორდინარული ვითარება, რაც იძლევა სერიოზულ საფუძველს იმის სალაპარაკოდ, რომ ეს ყველაფერი იყოს მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ წაქეზებული ან ორგანიზებული.“

მოგვიანებით საქართველო-რუსეთის საზღვართან მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომლის თქმითაც, საქართველოს ჰყავს ისეთი ჯარი, პოლიცია და ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ქვეყნისა და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა ნებისმიერ პირობებში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG