Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქომაგის” ბენეფიციარები დაკითხეს


”ქომაგის” ბენეფიციარები დაკითხეს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:15 0:00
გადმოწერა
საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგის” 6 ბენეფიციარი 6 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ”ქომაგის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, დაკითხვაზე მოწმის სტატუსით მყოფ ბენეფიციარებს განუმარტეს, რომ იკითხებოდნენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე. ფონდ ”ქომაგის” თავმჯდომარის ია მეტრეველის განცხადებით, ბენეფიციართა დაბარება ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ფონდი „ქომაგი“ მიმდინარე წლის მაისში დაფუძნდა და, მისი თავმჯდომარის ია მეტრეველის სიტყვებით, ფონდის მიზანია პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანების - უპირველეს ყოვლისა, პედაგოგების - დახმარება. მაისშივე მაშინდელი კონტროლის პალატის მტკიცებით, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქომაგი", მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიასთან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და, ამდენად, ის კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია.

მაია გიორგაძე 149-ე სკოლის ყოფილი დირექტორია, 148-ე სკოლის ყოფილი დირექტორია მისი მეუღლე. მაია გიორგაძე თავს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულად მიიჩნევს და ამბობს, როდესაც უმუშევრად დავრჩით, ფონდ ”ქომაგს” მივმართეთ დასახმარებლადო. მას შემდეგ, რაც ფონდისგან მიღებული 600 დოლარის ჩარიცხვის გამო მათი საბანკო ანგარიში დაყადაღდა, მაიამ ”ქომაგს” კიდევ ერთხელ მიმართა და თავისი ძმის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა სთხოვა. მაია გიორგაძე ჰყვება, რომ მისი ძმა 6 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე წაიყვანეს:

”მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა: უმუშევრები ვართ, ასე ღიად დაპირისპირებული ცოლ-ქმარი ვართ და არავინ გვიღებს ჩვენ. ასევე მე მყავს პენსიონერი დედ-მამა და უმუშევარი ძმა და ისევ მივმართე ქალბატონ იას და ჩემი ძმის საბანკო ანგარიშზე ისევ დახმარება ვთხოვე. ისევ გამოიჩინეს კეთილი ნება ქართველმა ემიგრანტებმა და გარკვეული თანხა, ეტყობა, ჩაირიცხა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვნახეთ თანხის ჩარიცხვა, იმიტომ რომ ბანკი არ გვიჩვენებდა ამას. მაგრამ გუშინ, დახლოებით 5-ის ნახევარზე, დაურეკეს ჩემს ძმას და უთხრეს, რომ მისულიყო საფინანსო პოლიციაში.”

როგორც მაია გიორგაძე ჰყვება, როდესაც მისმა ძმამ თანხის უქონლობის მიზეზით უარი თქვა დაკითხვაზე წასვლაზე, მას სახლში მიაკითხეს და წაიყვანეს დასაკითხად.

ფონდის ადვოკატის ლალი თევდორაშვილის განცხადებით, 6 სექტემბერს დაკითხვაზე დაიბარეს 6 ბენეფიციარი, მათ შორის, თბილისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ლალი თევროდაშვილის სიტყვებით, დაკითხვაზე წაყვანის წინ ბენეფიციარებისთვის არ განუმარტავთ, რისთვის მიჰყავდათ, რა სტატუსით და არც უწყება გადაუციათ:

”ის ბატონი, რომელიც მოვიდა დღეს და გვითხრა, რომ ასევე დაიბარეს ფინანსთა სამინისტროში, ის საერთოდ ავტობუსიდან ჩამოსვეს და ავტობუსიდან წაიყვანეს, თითქოს ძალიან დიდი კრიმინალი იყო.”

ლალი თევდორაშვილის სიტყვებით, მხოლოდ დაკითხვისას შეიტყვეს ბენეფიციარებმა, რომ ისინი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარე საქმეზე იყვნენ დაკითხულები. ლალი თევდორაშვილის სიტყვებით, თავად დაკითხვა ზეწოლის გარეშე მიმდინარეობდა.

ფონდ ”ქომაგის” თავმჯდომარის ია მეტრეველის განცხადებით, 6 სექტემბერს დაბარებული 6 ბენეფიციარის დაკითხვა მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით მოეწყო. თავად ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით ია მეტრეველი აცხადებს, რომ ფონდი იყენებს მხოლოდ კანონიერ გზებს ბენეფიციართა დასახმარებლად.

”ეს ყველაფერი, ეს ხალხის დაბარება დაკითხვაზე ემსახურება იმას, რომ მორალურ ზეწოლას ახდენენ ადამიანებზე, მორალურ შეურაცხყოფას აყენებენ მათ, რაც ემსახურება ხალხის დაშინებას, რომ ფონდ ”ქომაგში” აღარ მოვიდეს ხალხი დახმარებისთვის და, შესაბამისად, გაჩერდეს ფონდის საქმიანობა. ეს არის მათი მთავარი მიზანი”, - ამბობს ია მეტრეველი.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია რა ნიშნით და რა მიზნით დაიბარა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფონდ ”ქომაგის” ბენეფიციარები, მაგრამ უშედეგოდ. სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თანაშემწემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ პრესსამსახურიდან თავად დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა, ჩვენი დამატებითი მცდლობის მიუხედავად, არავინ გამოგვხმაურებია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფონდი ”ქომაგი” მიმდინარე წლის მაისში დაფუძნდა. ”ქომაგის” ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი მიზანია უცხოეთში მყოფი ემიგრანტების მიერ შეგროვილი თანხით საქართველოში მყოფი იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი არიან.
”ქომაგის” ანგარიშზე საქართველოში არალიცენზირებული ბანკიდან კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით 2012 წლის 10 მაისს 90 ათასი ევროს უკანონოდ გადარიცხვის გამო უკვე დაჯარიმდა საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი, რომელსაც გერმანიამ ჯერ პოლიტიკური თავშესაფარი, შემდეგ კი მოქალაქეობა მისცა. ამის გამო ფონდ "ქომაგის" ანგარიშს ყადაღა დაუწესდა.

მაისშივე მაშინდელი კონტროლის პალატა იუწყებოდა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქომაგი", მისი საჯაროდ განცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიასთან "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია. კონტროლის პალატა აღნიშნავდა, რომ ბიძინა გიორგობიანმა თანხა ფონდის ანგარიშზე პოლიტიკური და საარჩევნო მიზნით გადარიცხა - მოქალაქეების მატერიალურად დასაინტერესებლად.

მას შემდეგ, რაც „ქომაგის“ ანგარიშებს ყადაღა დაედო, ფონდის ხელმძღვანელობამ ბენეფიციართა საბანკო ანგარიშების მისამართები გადასცა თავიანთ შემწირველს და ის თავად რიცხავდა ფულს. ”ქომაგის” თავმჯდომარის ია მეტრეველის განცხადებით, ამ დრომდე დაახლოებით ათასმა ადამიანმა მოასწრო დახმარების მიღება, 48 ადამიანის საბანკო ანგარიში კი დაყადაღებულია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG