Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთა დებატები გაიმართა


9 სექტემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სამი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების პირველი საჯარო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობას ღებულობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვაში ბრალი ნატოს დადო. „პირველი კანონი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივიღებთ, ნატოში შესვლაზე უარის თქმა და ავღანეთის სასაკლაოდან ქართველი ბიჭების გამოყვანა იქნება. ესაა სხვისი ომი და იქ ჩვენი სამხედროები სააკაშვილმა საკუთარი სკამის გასამყარებლად გაგზავნა”, - აღნიშნა ნათელაშვილმა. ვანო მერაბიშვილის თქმით კი ხელისუფლებამ შეასრულა ყველა დაპირება, გაისტუმრა შიდა დავალიანება, 15-ჯერ გაზარდა ბიუჯეტი და ახლა კი აპირებს შექმნას „სპეციალური კალენდარი“, რომელშიც აღნუსხული იქნება სამომავალოდ გასაკეთებელი საქმეები. თუმცა, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, გიორგი თარგამაძემ პრემიერ-მინისტრი სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, „რომ საქართველოში ათასობით ადამიანია, რომელსაც არ აქვს გასტუმრებული ძველი დავალიანებები, მათ შორის პენსიები“. „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ გამართულ დებატებში არ მონაწილეობდა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ დებატებს მხოლოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართავს.
XS
SM
MD
LG