Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 14 სექტემბერი


”პარლამენტში ”მაროდიორობა” დაიწყო” – ”რეზონანსის” პირველ გვერდზე ნახავთ ამ სათაურს. ავტორი წერს: ”დღემდე არ გაკეთებულა კომენტარი, რატომ ანგრევენ პარლამენტის შენობას, მით უმეტეს, არჩევნების წინ, როდესაც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია სხდომის ჩატარება გახდეს საჭირო. ქუთაისში პარლამენტი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდა გადავიდეს, მანამდე კი რა მოხდება და რა საკითხის განხილვა იქნება საჭირო, არავინ იცის. ორი დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ”მასთ ქერთან” დაკავშირებით სხდომა ტექნიკური მიზეზით ვერ გაიმართებაო, ცხადი გახადა, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის შენობის ასე სწრაფად დანგრევის გადაწყვეტილება სწორედ იმ მიზეზით მიიღო, რომ სხდომები აღარ ჩატარდეს, რაც უნდა საჭირო იყოს”.

”24 საათი” დაინტერესდა არჩევნების საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩატარების პროცედურით: ”როგორც გაზეთ ”24 საათს” საკონსულოებში განუმარტეს, საკონსულო რეგისტრაციისთვის მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭირო არ არის. საკონსულო რეგისტრაცია მოქმედებს მხოლოდ 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის და უცხოეთში მყოფი მოქალაქის სტატუსს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს”, - წერს ”24 საათის” ავტორი. ჩეხეთის რესპუბლიკაში 42-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს, ოთარ ნადირაძეს, მისთვის უთქვამს, რომ ”არალეგალებს შეუძლიათ შევიდნენ სპეცსიაში, თუ მათ აქვთ საქართველოს პასპორტი. ბინადრობის მოწმობა აუცილებელი არ არისო”.

”ახალ თაობაში” ირინა სარიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება, რომელშიც რესპონდენტი ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ყოფნის იურიდიული უფლების ამოწურვის ვადაზე მიანიშნებს: ”ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ, რომ 2-დან 5 ოქტომბრამდე ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ყოფნის იურიდიული ვადა გასდის, ანუ მან შემდეგ უნდა დატოვოს საქართველოს საზღვრები - კანონით ასეა - და შემოვიდეს ახალი საბუთითა და ახალი მოთხოვნით მოქალაქეობასთან დაკავშირებით. აი, ეს საკითხი რატომღაც ძალიან უყურადღებოდ რჩება. ჩნდება კითხვები: ვის ხელში რჩება კოალიცია ამ შემთხვევაში? არის თუ არა რეალური, რომ ბიძინა ივანიშვილი უკან აღარ შემოუშვან? რამდენად იცის თავად ეს და რამდენად გაცნობიერებული აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს?”.

საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შესახებ მოსაზრება ქვეყნდება ”საქართველოს რესპუბლიკაში”: ”კვლევის შედეგები შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური. ამავდროულად, ფასდება, რამდენადაა მიღებული შედეგები მტკიცებულებებზე დამყარებული და, შესაბამისად, - სარწმუნო. ეს კი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მკვლევარის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე. სწორედ ეს ბოლო მომენტი გახლავთ ”ენ დი აის” ”კვლევების” განხილვა-შეფასებისას განსაკუთრებით საყურადღებო და, ამავე დროს, ზედმიწევნით გასაიდუმლოებული. საქმე ის გახლავთ, რომ ”ენ დი აი” თვითონ ამგვარ კვლევას არ ატარებს - ის ამ კვლევის მხოლოდ დაკვეთას იძლევა. ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით კი, საქართველო ბედნიერების ინდექსით ისევე არის პირველ ადგილზე, როგორც ”ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებით აჭარბებს ევროგაერთიანების საშუალო მაჩვენებელს” და უსწრებს... დანიას(?)!” - წერს ”საქართველოს რესპუბლიკაში” მოსაზრების ავტორი.

”ვერსია” ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უბრუნდება. ამ თემაზე ქვეყნდება ინტერვიუ წინააღმდეგობის მოძრაობა ”იბერიის” ხელმძღვანელ ვაჟა წიკლაურთან, რომელიც მომხდარის საკუთარ ვერსიას ჰყვება და ორივე მხარეს მსხვერპლზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს: ”ჩრდილოკავკასიელებმა ძალიან კაგრად იციან, რა მოხდა სინამდვილეში. ამიტომაც ისინი არაფერში ადანაშაულებენ ქართველ ხალხს. არადა, სააკაშვილს სურდა, ჩეჩნებს თბილისში ტერაქტების სერია დაეწყოთ. სწორად ვერ გათვალა. ჩეჩნებმა და ქისტებმა ალაჰი დაიფიცეს სააკაშვილის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამიტომ ძალიან შეშფოთებულია დღეს ჩვენი პრეზიდენტი - სადაც ჩადის, ყველგან პატარა ბავშვებს შემოიხვევს ხოლმე, იქნებ, ჩეჩნებმა ბავშვები მაინც დაინდონ და არაფერი მომიწყონო” - ამას ეუბნება წინააღმდეგობის მოძრაობა ”იბერიის” ლიდერი ვაჟა წიკლაური გაზეთ ”ვერსიას”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG