Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 2 ოქტომბერი


დღევანდელი პრესა არჩევნების დღის ამბებზეც ჰყვება. “რეზონანსის” ავტორი 1 ოქტომბრის ღამით “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მიერ გამარჯვების აღნიშვნაზე წერს: “რომ არა ლურჯი დროშები და რეკონსტრუირებული თავისუფლების მოედანი, ისეთივე შთაბეჭდილება იქმნებოდა, როგორიც იყო 2003 წელს, როდესაც “ნაციონალები” გამარჯვებას ზეიმობდნენ და მაშინ საკუთარი და ჯერ კიდევ არასახელმწიფო წითელჯვრიანი დროშებით დაქროდნენ თბილისის ქუჩებში (სხვათა შორის, ამ დროს ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი გაყალბებული არჩევნების შედეგებს უკვე აპროტესტებდა და სააკაშვილი მათ მხოლოდ მესამე დღეს შეუერთდა)”.

ამავე გაზეთისთვის “ქართული ოცნების” პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძეს უთქვამს: “სპეცრაზმია შესული ხაშურის, დუშეთის, გორის საარჩევნო უბნებზე. დიახ, სწორედ ახლაა საჭირო ყურადღების მობილიზება. ეს ხელისუფლება თუკი არ დაემორჩილება ხალხის ნებას და მის წინააღმდეგ რამეს მოიმოქმედებს, დამერწმუნეთ, რომ საქმე ძალიან ცუდად წაუვათ. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ”.

არჩევნების დღეზე სხვადასხვა სტატიაში წერს “ახალი თაობა” – “სააკაშვილმა „ოცნების“ გამარჯვება აღიარა”, “ნაციონალები თავად ხაზავდნენ და ისე აძლევდნენ ბიულეტენს ამომრჩეველს”, “კახეთში “ქართული ოცნების” კოორდინატორები პოლიციაში დაიბარეს”, “შიდა ქართლში ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა არ მიაცემინეს”, “ნაძალადევში ნაციონალი ქალები აგრესიულად იქცეოდნენ” - ასეთია “ახალი თაობის” სათაურები.

“24 საათს” “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით დარჩიაშვილმა, უთხრა: “32 პროცენტი, რომელმა უარი თქვა ეგზიტ პოლში მონაწილეობაზე, ამ პროცესში ჩართვაზე თავს იმის გამო იკავებდა, რომ “ქართული ოცნების” კამპანიის ფარგლებში რიგით ამომრჩეველს აფრთხილებდნენ - თუ ვინმე “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა ხმას, მას დაიმახსოვრებდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, 32 პროცენტში მყოფ მოქალაქეებს შესაძლოა არ განეცხადებინათ თავიანთი არჩევანის შესახებ. ჩემი აზრით, ამ 32 პროცენტში უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იქნება”.

დღევანდელი “ალია” წერს: “როგორც ამბობენ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიშასთან მისულა “თავისუფლების ინსტიტუტი” და მათი ორი “მოზგი” - ბოკერია და რამიშვილი. სააკაშვილთან ეს შეხვედრა მას შემდეგ დაგეგმილა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო გავრცელებულიყო ჟვანიას სიკვდილის ამსახველი ვიდეომასალა. “თავისუფლების ინსტიტუტის” შეშფოთება ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ეჭვს არ იყო მოკლებული და მათი ეჭვი, როგორც ამბობენ, ყოფილა ერთადერთი რამ: ხომ არ გაურიგდა “იმას” მიშა და თავის გადარჩენისთვის ხომ არ გაგვწირა!” - წერს “ალიას” ავტორი და ამავე სტატიაში ჰყვება, თითქოს გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს დამუქრებია - “შენ თუ გგონია, გმირად წახვალ, ძალიან ცდებიო”.

ამავე სტატიაში წაიკითხავთ: “მთელი ნაციონალური სპექტრი გამარჯვებას ზეიმობდა. პირველი, ვისაც კაცობა ეყო ნაციონალებიდან, გიორგი კარბელაშვილი აღმოჩნდა და შავგულიძეს გამარჯვება მიულოცა: “დღეს მინდა ვთქვა - მე ვაღიარებ დამარცხებას!”. “ფეისბუკის” მომხმარებლების 80%-მა კარბელაშვილი კაცურ კაცად აღიარა! ამის მერე არჩილ გეგენავამ მიულოცა ზაზა პაპუაშვილს გამარჯვება და ღმერთმა დაგლოცოთო, უთხრა. მერე ნიკო ხაჩირაშვილმა სოსო ჯაჭვლიანთან აღიარა დამარცხება... მოკლედ, რა არ ხდება ამ ტურფა საქართველოში”, - წერს “ალიას” ავტორი.

“საქართველოს რესპუბლიკის” ერთ-ერთი ავტორი მიხეილ სააკაშვილის 1 ოქტომბრის ტელემიმართვას ეხმაურება: “აშკარად დათრგუნული ჩანდა. სადღა იყო მისი ხელოვნური ყინჩობა და შემართებაო”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG