Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საპარლამენტო დედაქალაქის ახალი სიცოცხლე


საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ერთთვიან ფუნქციონირებას ადგილობრივი მოსახლეობა არაერთგვაროვან შეფასებას აძლევს. რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ერთი ნაწილი საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს და ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში მუშაობას იმედიანად შეჰყურებს და ამბობს, რომ ქალაქს, რომელსაც საკურორტო ან სამრეწველო კუთხით განვითარების ნაკლები პერსპექტივა აქვს, საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი სიცოცხლისუნარიანს გახდის. რესპონდენტთა უფრო მცირე ნაწილის აზრით, მოსახლეობაზე ჯერჯერობით არც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ასახულა და არც პარლამენტის ფუნქციონირება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი დასძენენ, რომ მოსახლეობის მოლოდინი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა, რადგან ადგილობრივები შემოსავლის მეტი წყაროს გაჩენას იმედოვნებდნენ, თუმცა ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ პარლამენტის ფუნქციონირება სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს.

პარლამენტის უმრავლესობის წევრთა უკმაყოფილებას კი, თავის მხრივ, პარლამენტის ახალი შენობის მდგომარეობასთან ერთად, მათი განცხადებით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და დეპუტატების ქუთაისში ცხოვრების პრობლემა იწვევს. 21 ოქტომბრის შემდეგ საპარლამენტო დედაქალაქში ყოველდღიურად ფოთიდან ჩამოდის მისი მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია. ბესელიასგან განსხვავებით, პარლამენტის სხვა დეპუტატების ნაწილი პირველი სხდომის შემდეგ ქუთაისში ნათესავებთან ან მეგობრებთან დაბინავდა, ნაწილმა კი საცხოვრებელი იქირავა. ქირით ან ნათესავებთან მცხოვრებ დეპუტატებზე გაცილებით მცირეა რაოდენობა პარლამენტის იმ წევრებისა, რომლებმაც სხდომების პერიოდში კერძო სასტუმროებში დაბინავება გადაწყვიტეს. სასტუმრო „იმფაიერის“ მენეჯერი ანა გოქაძე ამბობს, რომ ნომრები მცირე ხნით იჯავშნება.

ქუთაისში, პარლამენტის რეზიდენციის მთავარ შესასვლელთან კი ყოველდღიურად დგანან ადამიანები, რომლებიც დეპუტატებთან შესახვედრად სხვადასხვა რეგიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ჩამოდიან. მოქალაქეები პარლამენტარებთან პირადი შეხვედრებით ცდილობენ მოაგვარონ თავიანთი პრობლემები.
XS
SM
MD
LG