Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მიესალმება სირიელი ოპოზიციონერების ახალი ჯგუფის შექმნას


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი დადებითად აფასებს სირიელი ოპოზიციონერების ახალი კოალიციის შექმნას. ეშტონმა დღეს კაიროში, ევროკავშირისა და არაბთა ლიგის შეხვედრაზე პირობა დადო, რომ ევროკავშირი მხარდაჭერას გაუწევს ახალ ჯგუფს. „სირიის ტრაგედია არის ტრაგედია, რომელიც ეხება არა მარტო ამ ქვეყანას, არამედ მთელ რეგიონს. აქ წარმოდგენილი ქვეყნებისთვის ცნობილია, რა გამოწვევებს ქმნიან ლტოლვილები, რომლებიც გარბიან სიკვდილის შიშით, ცნობილია ძალადობის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელების საფრთხე, ცნობილია გამოწვევა, რომელიც ექმნება სტაბილურობას რეგიონში და ამასთან დაკავშირებული შეშფოთება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და განვამტკიცოთ ჩვენი ძალისხმევა მთელი სირიელი ხალხის მხარდასაჭერად“, განაცხადა კაიროში ევროკავშირის საგარეპოლიტიკურმა ლიდერმა. ეგვიპტეში მის ვიზიტამდე, არაბთა ლიგამ და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ სირიის "კანონიერ წარმომადგენლებად" აღიარეს ოპოზიციონერების ახალი, ეროვნული კოალიცია. სირიელი ოპოზიციონერების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა გასული კვირის მიწურულს კატარში გამართულ შეხვედრაზე მოილაპარაკეს კოალიციის შექმნის შესახებ.
XS
SM
MD
LG