Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მე ვარ ბლუზი". ნაწილი I


უილი დიქსონი
უილი დიქსონი
"ლედ ზეპელინის" პირველ დისკზე ორი დიდებული ბლუზია: "I Can't Quit You Baby" და "You Shook Me". მე რომ მკითხო, მათ გარეშე გაძნელდებოდა კიდეც ალბომის გენიალურ დებიუტად მოხსენიება. სხვა სიმღერებისგან განსხვავებით, ისინი არც რობერტ პლანტს დაუწერია და ჯგუფის არც სხვა რომელიმე წევრს. ავტორი უილი დიქსონი გახლავთ. 60-70-იანი წლების როკმუსიკის განვითარებას მან რომ სამსახური გაუწია, ბარე ორი ვერ დაიკვეხნის. მრავალი როკჯგუფის რეპერტუარი სწორედ მისი ნაწარმოებებით დამშვენდა და გაპატიოსნდა. მხოლოდ "Spoonful"-ის "Cream"-ისეული ვერსია, ან "Back Door Man", მორისონის შესრულებით, ან, თუნდაც, "როლინგების" ნამღერი "Little Red Rooster" რომ ვახსენო, ესეც საკმარისია. გასული საუკუნის ერთ-ერთი მთავარი, ეპოქალური თხზულება კი, "Hoochie Coochie Man", რომელიც ბევრს ხალხური ჰგონია, სწორედ მისისიპელის განცდილი და ნაფიქრი შედევრია.



"მე ვარ ბლუზი" - უილი დიქსონი ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავი კოლეგებზე წინწასულ თუ უკეთეს მუსიკოსად მიაჩნდა. პასუხი მარტივია - ბლუზი ხომ მელანქოლიას ნიშნავს, მუსიკალურ-ტონალური ფორმით გადმოცემული შინაგანი მდგომარეობაა. ჰოდა, უილი დიქსონის ისტორიაც სავსეა სევდითა თუ ტკივილით, მისი ცხოვრება მისივე ბლუზებში იკითხება და რაც კი გადახდენია, თავის სიმღერებში აუსახავს. 1915 წლის 1 ივლისს დაიბადა. ბავშვობა ზუსტად ისეთივე სტანდარტული ჰქონდა, როგორიც მისი ეპოქის აფროამერიკელ კოლეგებს: გალობა ბაპტისტური ეკლესიის გუნდში, ქუჩა-ქუჩა ხეტიალი, სიდუხჭირე, მუშტი-კრივი და ბალღური ბლუზები ლუკმაპურის საშოვნელად. დედა დარბაისელი ქალი, ხოლო მამა მობანდიტო ტიპი იყო - ქამარში ნაგანგაჩრილი დაიარებოდა და დიდი ლოთი-შფოთი ვინმე გახლდათ. თვრებოდა და, ცხოვრებაზე გულაყრილი, ცოლ-შვილს უსწორდებოდა ხოლმე. ერთ მშვენიერ დღეს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ასე თქვეს, სადღაც იჩხუბა და მასზე უარესს გადაეყარა, დანით გამოასალმეს სიცოცხლესო. დედა-შვილს დიდად არ უნაღვლია, მისი ადგილი სხვა კაცმა დაიკავა, რომელიც ბლუზმენი გამოდგა და გერს ეს მუსიკა სწორედ მან შეაყვარა. ოჯახურ დუეტს, სიმღერის გარდა, მძიმე შრომაც უწევდა - წელში გაწყვეტამდე ხან ნახშირს ეზიდებოდნენ, ხანაც ბამბის პლანტაციებში წვალობდნენ, თუმცა საკმარისი ფული მაინც არ ეშოვებოდათ და პატარა უილის ქურდბაცაცობა დასჩემდა. ერთხელაც გამოიჭირეს და არასრულწლოვანთა კოლონიაში უკრეს თავი. მოგვიანებით იქ გატარებულ წლებზე სიმღერას დაწერს - "Back Door Man", რომელიც მორისონის შესრულებით უკვე ვახსენე. ამჯერად კი თავად ორიგინალს მოვუსმინოთ:



დიახ, უილი დიქსონს ბედის ნებიერა არ ეთქმის, თითქოს უბედობა სულ კუდში დასდევდაო - კოლონიიდან გამოსულმა სამუშაოს საშოვნელად ჩრდილოეთში გამგზავრება რომ დააპირა, გზად მისისიპის პოლიციამ დააკავა. ბამბის პლანტაციებში საზაფხულო სამუშაოებისათვის მუშახელი სჭირდებოდათ და, როგორც წესი, ჩრდილოეთში მიმავალ აფროამერიკელებს სხვადასხვა მოტივით აპატიმრებდნენ. ერთხელ კანონის მცველებმა რომელიღაც მუშა ფეხქვეშ გაიგდეს, უილი კი იმ უბედურს გამოექომაგა. ძვირად დაუჯდა - თავში ხელკეტი ისე სდრუზეს, 2 წლის თავზე სმენა ძლივს დაუბრუნდა. საბოლოოდ, ჩრდილოეთში მაინც ჩააღწია. მაშინდელ ჩიკაგოში აფროამერიკელებს თავის გასატანად ორი გზა ჰქონდათ: ან სცენა, ან რინგი. დიქსონიც ამ უკანასკნელს დასჯერდა: რაღაც ხანს ჯო ლუის სპარინგ პარტნიორობით შოულობდა ლუკმაპურს, თავადაც ჩინებულად იქნევდა მუშტებს: 1937 წელს ჩიკაგოს ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში. მაგრამ მის სულში მუსიკა ტრიალებდა და იხარშებოდა. რომელიღაც უჩინო ჯგუფს შეეკედლა. პირველად სცენაზე გიტარით რომ გამოვიდა, მეტად სასაცილო სანახავი აღმოჩნდა. მსმენელი ისე ახარხარდა, შეღონებულნი ძლივს მოაბრუნეს. ტანად მთასავით კაცი გახლდათ და მის ვეება ხელებში ინსტრუმენტი ციცქნა სათამაშოს მოგაგონებდათ. ადგა და გიტარა კონტრაბასით ჩაანაცვლა, დაგროვილი სათქმელი ბლუზის ენაზე აამეტყველა. მაგრამ დიდხანს არ დასცალდა, რადგან ნაცისტებთან საომრად, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ჰოდა, სწორედ აქ იჩინა თავი მეამბოხის სულისკვეთებამ, მძიმე წარსულმა რომ ჩამოუყალიბა. პროტესტის მიჩქმალული სურვილი სააშკარაოზე გამოიტანა და წყენაზე პასუხი შემდეგი სიტყვებით გასცა: არ დავიცავ იმ პრეზიდენტს, რომელიც ჩემს ხალხზე ძალადობს, ამცირებს და ანადგურებსო. ბუნებრივია, ვალში არც მთავრობა დარჩენილა: 1 წელი ციხეში აყურყუტეს, მის გასატეხად რა აღარ იღონეს, მაგრამ ბლუზმენი ჯიქურ-ჯიუტად მაინც თავისაზე იდგა. იმხანად ხელოვანების - მეტწილად, მუსიკოსების - ჯანყს გაცილებით დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსის ბრძოლას. დიქსონის ამბოხიც რეზონანსული გახდა და თითის დაქნევით გაათავისუფლეს, შენისთანების ნდობა და ომში წაყვანა არ შეიძლებაო. ოფიციალურად კი განაცხადეს, რომ თითქოს 5 წლით დააპატიმრეს და 10 ათასი დოლარითაც დააჯარიმეს. როგორც თავად მუსიკოსი იხსენებდა, სისტემასთან შებრძოლება გარდამტეხი გახლდათ მის ცხოვრებაში, რადგან თავი პირველად იგრძნო გამარჯვებულად და სასოწარკვეთა სამუდამოდ შეეცვალა მომავლის იმედით. და სწორედ აქედან იწყება უილი დიქსონის მუსიკალური ცხოვრების საუკეთესო და ღირებული წლებიც, რომლებიც სახელოვან ხმის ჩამწერ სტუდიას, "Chess Records"-ს დაუკავშირდა. თუმცა ამის შესახებ მომავალ კვირაში მოგახსენებთ.

XS
SM
MD
LG