Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტიური სარიბარელები


სოფელ სარიბარში ახლა იმაზე მსჯელობენ, 8 მეასედ მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სისტემის დამონტაჟების შემდეგ რა რაოდენობის პომიდორი დარგონ.

ერთ დროს სოფელ სარიბარში 60 კომლი ცხოვრობდა, ახლა იქ 8 ოჯახიღაა დარჩენილი. ეს სოფელი კასპის რაიონშია და ძირითადად ეთნიკური ოსებით არის დასახლებული. სარიბარი ოსური სიტყვაა და ქართულად თავისუფალს ნიშნავს. სოფელი წლების განმავლობაში ნელ-ნელა იცლებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარიბარს ოკუპირებული ტერიტორიიდან სარწყავი წყლის მიწოდებაც შეუწყვიტეს და მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლიდან ქალაქში წავიდა. დარჩენილ 8 ოჯახს თავი ძლივს გააქვს. უგზოობის გამო სოფელში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და სარიბარელებს ქალაქში მოსახვედრად ათეულობით კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

სარიბარს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სოფელი ორჭოსანი ესაზღვრება. სარიბარელებს ნათესავები ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაღმაც ჰყავთ, მაგრამ მათთან მიმოსვლას რუსი მესაზღვრეების შიშით ვერ ახერხებენ. გელა ვალიშვილი გვიყვება, რომ სარიბარელები და მეზობელი ორჭოსნელები მიწის ნაკვეთების დამუშავებისას ერთმანეთს ესაუბრებიან, ხანდახან კი სოფლების საზღვრად დადგენილ ჭადართან ორივე მხრიდან მიდიან და ეგრეთ წოდებულ საზღვარს ხელის გადაყოფით ჭიქის მიჭახუნების დროს არღვევენ ხოლმე.

მთავრობისგან მიტოვებულმა სარიბარელებმა სოფლის პრობლემებზე ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიემართათ...
მთავრობისგან მიტოვებულმა სარიბარელებმა სოფლის პრობლემებზე ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიემართათ. მათ აღმოაჩინეს, რომ „გორის საინფორმაციო ცენტრში“ საერთაშორისო ორგანიზაცია „უსაფრთხო მსოფლიოს“ (saferworld) კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფლებში საკონტაქტო პირების ქსელი ჰქონდა შექმნილი. სარიბარელი გელა ვალიშვილი ამ ქსელში ჩაერთო და სოფლის გასარწყავების საკითხი დააყენა.

„უსაფრთხო მსოფლიომ“ 8 ოჯახისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემა შეიძინა, ეს რვა ოჯახი კი 8 მეასედ მიწის ნაკვეთზე პომიდორს ერთობლივად მოიყვანს. სარიბარელები ვარაუდობენ, რომ 2-3 ტონა მოსავალს მიიღებენ. სისტემის დამონტაჟებას გორის რაიონის სხვა სოფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ცოლ-ქმარი რუსუდან მესხი და მალხაზ კუსრაევი სარიბარში სოფელ წითელუბნიდან ჩავიდნენ და სისტემის დამონტაჟებას ყურადღებით აკვირდებოდნენ. მათი აზრით, სარიბარელთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ეს მაგალითი სხვა სოფლებმაც უნდა გადაიღონ.

წვეთოვანი სარწყავი სისტემის ამუშავება დალოცვის გარეშე როგორ ჩაივლისო, თქვეს თავისუფლების მოყვარე სარიბარელებმა და მშვიდობისა და უსაფრთხოების სადღეგრძელო დალიეს...
სარწყავი სისტემა სოფლის მეურნეობის სპეციალისტმა მამუკა მერებაშვილმა სულ რაღაც ერთ საათში დაამონტაჟა. მიწის ნაკვეთი 1500 ლიტრიანი ავზიდან გამოყვანილი დახვრეტილი მილებით დაქსელეს, ავზი ჭის წყლით შეავსეს და წყალმა მალე წვეთ–წვეთად იწყო დინება, რამდენიმე საათში კი მიწა მთლიანად გაიჟღინთა. სპეციალისტმა წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკრებილ საზოგადოებას რეკომენდაციებიც მისცა.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე აცხადებს, რომ რაიონში წყლის სისტემების სრული აღდგენა ვერ მოხერხდება და ამიტომ იქ, სადაც დიდი პრობლემებია, წყალდამზოგი სისტემა უნდა იქნეს გამოყენებული.

სამი წელია „უსაფრთხო მსოფლიო“ რეგიონში ადგილობრივ თემებთან პრობლემების გამოკვეთასა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ნათია ნადირაძე აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარება სოლიდარობისა და საერთო პასუხისმგებლობის ნაყოფია.

წითელი ღვინო, ოსური ხაბიზგინები... - წვეთოვანი სარწყავი სისტემის ამუშავება დალოცვის გარეშე როგორ ჩაივლისო, თქვეს თავისუფლების მოყვარე სარიბარელებმა და მშვიდობისა და უსაფრთხოების სადღეგრძელო დალიეს, სტუმრები კი რამდენიმე თვეში, უკვე მოსავლის მიღებისას, სოფელში კიდევ ერთხელ დაპატიჟეს.
XS
SM
MD
LG