Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​​„ამერიკელები“ საქართველოში


გამომცემლობა „დიოგენემ“ სერიით „ამერიკელები“ დაიწყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტების გამოცემა. დღის სინათლე უკვე იხილა სერიის პირველმა ორმა წიგნმა - ჯონათან საფრან ფოერის „სრულმა გასხივოსნებამ“ და ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომმა“, რომლის მთარგმნელები, შესაბამისად, გია ჭუმბურიძე და ქეთი ქანთარია არიან. სერია, რომელიც, ჯამში, 20 წიგნისგან შედგება, საშუალოდ თვეში ერთი წიგნით შეივსება.

„აღმოაჩინე შენი ამერიკა“ – ასეთია სერიის პირობითი სლოგანი, რომლის შინაარსის ახსნისას გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძე ამბობს:

„დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ტომი ამ სერიისა იქნება არა მარტო ახალი ქართველი მკითხველისთვის (პრინციპულად ახალი ავტორები და ახალი თარგმანებია), არამედ ერთმანეთისგანაც ძალიან განსხვავებული ერთეულებისაგან შედგება ეს ოცტომეული და, შესაბამისად, ამერიკული პროზის ამ მრავალფეროვნებას მაქსიმალურად ნათლად წარმოაჩენს“.

გამომცემლობა „დიოგენემ“ ახალი სერიის წამოწყებით განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას, რომელიც ასევეა წარმოდგენილი გამომცემლობის კიდევ ერთ პოპულარულ სერიაში, სახელწოდებით „დიოგენეს ბიბლიოთეკა“, რომლის ფარგლებში უკვე გამოიცა პოლ ოსტერისა და ჰენრი მილელის ნაწარმოებები, თუმცა, როგორც „დიოგენეს“ საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ზაზა შენგელია ამბობს, ამერიკელი ავტორების ცალკე გამოყოფა მნიშვნელოვანი ტექსტების სიმრავლემ განაპირობა:

„რიცხვი იმ კარგი წიგნებისა, რომლებიც ქართულ ენაზე არ არის თარგმნილი, იმდენად დიდია, რომ ერთი და იმავე ავტორის რამდენჯერმე შეტანა მოგვიწევდა „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ სერიაში. ამიტომ, ასე რომ არ მომხდარიყო (და სხვა მოსაზრებების გამოც), გავაკეთეთ ეს სერია, რომლის რიცხვი შეზღუდულია, „დიოგენეს ბიბლიოთეკისგან“ განსხვავებით, და ეს 20 წიგნი მოიცავს იმ ავტორებსა და ნაწარმოებებს, რომლებიც ღირებულია და შეიქმნა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და ოცდამეერთე საუკუნეში“.

ფილიპ როთი
ფილიპ როთი
„ამერიკელების“ სერიით თარგმნილი პირველი ორი წიგნი - ჯონათან საფრან ფოერის „სრული გასხივოსნება“ და ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ მსოფლიო ბესტსელერებია და მათ მიხედვით ჰოლივუდში ფილმებიც კია გადაღებული. „სრული გასხივოსნება“ - ეს არის გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრაინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნაური და სასაცილო ენით.
მაგალითად:

„რეფერენდუმი! - დასჭექა ყოვლადღირსმა რაბიმ. - რეფერენდუმის გარეშე არაფერი გამოვა, რამეთუ ითქვა: თუკი საღ გონებაზე მყოფი, ზნეობრივად უმწიკვლო, მეტ-ნაკლებად განათლებული, თუნდაც რაიმე ქონების მფლობელი, მარხვის შემნახველი, ზრდასრული, მამრობითი სქესის ყოველი ებრაელი საკუთარი განუმეორებელი ხმით ჩნდება ამქვეყნად, განა ხმანი იგინი არა უნდა მოსწვდეს ჩვენს სმენას?“

წიგნის მიხედვით 2005 წელს გადაღებულ ფილმში თარჯიმან ალექსეის როლს ჯგუფ Gogol Bordello-ს სოლისტი ევგენი გუდზი ასრულებს. ფილმის საუნდტრეკშიც Gogol Bordello-ს სიმღერა „Start Wearing Purple“-ია გამოყენებული.

რაც შეეხება ფილიპ როთის მიერ 1969 წელს დაწერილ „პორტნოის სინდრომს“, მისმა ქართულმა თარგმანმა აშკარად დაიგვიანა, თუმცა როგორც „დიოგენეს“ დირექტორი თამარ ლებანიძე ამბობს, დიდი ამერიკელი მწერლის ტექსტს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა:

თამარ ლებანიძე
თამარ ლებანიძე
„ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებისათვის გაწნული სილა. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებასაც მოხვდება ალიყური, რადგანაც ამ წიგნში არის მთელი რიგი პასაჟებისა, რომელიც არაჩვეულებრივად ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას და ისეთ პრობლემებს გამოხატავს, რომ წარმოუდგენელიც კია, ამრიკელსა და ქართველს ამდენი სერთო თუ შეიძლება ჰქონდეს. იგულისხმება რელიგიის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანთა შორის ურთიერთობა და სხვა ძალიან ბევრი რამ“.

ფრაგმენტი „პორტნოის სინდრომიდან“: ”საზოგადოება მხოლოდ თვალს კი არ ხუჭავს ადამიანთა შორის უთანასწორო ურთიერთობებზე, არამედ ხელსაც კი უწყობს მათ. განა შეიძლება ამის უარყოფა? არა! მუდმივი კონკურენცია, ქიშპი, შური, გაუტანლობა - ადამიანის ბუნებაში მთვლემარე ყველა ამ ბოროტებას სისტემა კვებავს. ფული, საკუთრება, ქონება - ამგვარი მახინჯი სტანდარტებით საზღვრავთ თქვენ ბედნიერებას და წარმატებას. თქვენი სისტემა არსით ექსპლუატატორული, დამამცირებელი და უსამართლოა“.
ფილიპ როთის ეს ტექსტი უხვად არის გაჯერებული არანორმატიული ლექსიკით, რომლის გადმოქართულება, მთარგმნელ ქეთი ქანთარიას თქმით, ერთდროულად შრომატევადი, რთული და სახალისო საქმე იყო.

„როცა თარგმნი ასეთ წიგნს, მუდმივად ფიქრობ იმაზე, თუ როგორ უნდა ითარგმნოს გარკვეული ლექსიკა, რომელიც ქართულ ლიტერატურაში უცხო სხეულად გამოიყურება. თარგმნა არ გამჭირვებია, მაგრამ საჭირო იყო რაღაცის შეთანხმება, დაზუსტება... ერთხელ, რედაქციაში მისული, ძალიან სახალისო პროცესს შევესწარი, როცა რედაქტორები და გამომცემლობის სხვა თანამშრომლები განიხილავდნენ საკითხს - როგორ უნდა ითარგმნოს ქალის სასქესო ორგანოს ამსახველი სიტყვა. რაც შეეხება რომანისა და მისი ავტორის მნიშვნელობას, ფილიპ როთი არის ის მწერალი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მე-20-21-ე საუკუნეების ლიტერატურა“, - უთხრა ქეთი ქანთარიამ რადიო თავისუფლებას.

”პორტნოის სინდრომი” ფილიპ როთის რიგით მეოთხე და ყველაზე სკანდალური წიგნია. ემოციური რეზონანსი, რომელიც ამ წიგნმა გამოიწვია, ბოლომდე დღესაც არ ჩამცხრალა, განსაკუთრებით ამერიკის ებრაულ თემში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი მწერალს დღემდე ანტისემიტ ებრაელად მიიჩნევს. ბევრი უსიამოვნების მიუხედავად, თავად 80 წლის სახელოვანი მწერალი არ ნანობს ამ წიგნის გამოცემას, მით უფრო, რომ ავტორმა საზოგადოების რისხვასაც გაუძლო და თავსდამტყდარ პოპულარობასაც:

”მე ეს გადავიტანე. ჩემი მეოთხე წიგნი იყო. როგორც აღნიშნეთ, უკვე 30 წიგნი მაქვს დაწერილი, ანუ 26 წიგნის წინანდელზე ვლაპარაკობთ. ამან დიდი ხნის წინ განსაზღვრა ჩემი მწერლად აღქმა და, ვფიქრობ, ამ წიგნმა განაპირობა ჩემი სხვა წიგნების მიღება. არ ვნანობ ამ წიგნის დაწერასა და გამოცემას. არ შემეძლო მეწინასწარმეტყველა, რაც მოხდა. ეს იყო უზარმაზარი, სრული წარმატება”.
ძალიან მიხარია, რომ ფილიპ როთი გამოიცა ქართულად. აქამდე ამ მწერლის ტექსტების წასაკითხად გერმანულენოვან ინტერნეტში დავძვრებოდი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავის დროზე amazon.com-ში გავწევრიანდი, იყო ფილიპ როთი. ძალიან მაგარია, მისი ტექსტი რომ ითარგმნა...
ანა კორძაია-სამადაშვილი

ფილიპ როთი უთუოდ ყველაზე წარმატებული მოქმედი ამერიკელი მწერალია, თუმცა, როგორც ”დიოგენეს” საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ზაზა შენგელია ამბობს, სერიის მომდევნო ავტორები თავიანთი გავლენითა და მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდებიან მას:

„ეს არის ჰანტერ ტომპსონის ცნობილი წიგნი Fear and Loathing in Las Vegas, რომელიც ასახავს მის მოგზაურობას ლას ვეგასში. ჯერ სათაურის საბოლოო ვარიანტზე არ ვართ შეთანხმებული, მაგრამ პირობითად შეგვიძლია დავარქვათ „ზაფრა და გულის რევა ლას ვეგასში“. სათაურის ეს ვარიანტი ძალიან საინტერესოა და წიგნის განსხვავებულად გააზრების საშუალებას იძლევა. კიდევ ერთი წიგნი იქნება უილიამ ბეროუზის Junkie, რომელიც ძალიან ცნობილი წიგნია და რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უკავია ამერიკულ ლიტერატურაში, მთელი ეპოქაა“.

ზაზა შენგელიას თქმით, სერია ”ამერიკელები” საშუალოდ თვეში ერთი წიგნით შეივსება, რაც ძალიან ახარებს მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილს - ფილიპ როთისა და სხვა დიდი ამრიკელების დამფასებელს:

„ძალიან მიხარია, რომ ფილიპ როთი გამოიცა ქართულად. აქამდე ამ მწერლის ტექსტების წასაკითხად გერმანულენოვან ინტერნეტში დავძვრებოდი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავის დროზე amazon.com-ში გავწევრიანდი, იყო ფილიპ როთი. ძალიან მაგარია, მისი ტექსტი რომ ითარგმნა. თუკი სხვა ავტორებსაც გამოსცემენ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ფასი ადამიანურია, გამოცემა - შესანიშნავი, ხოლო მთარგმნელები - ერთიმეორეზე უკეთესი“.

რაც შეეხება მთარგმნელებს, გია ჭუმბურიძისა და ქეთი ქანთარიას გარდა, „დიოგენეს“ პროექტში ასევე არიან ჩართული ნიკა სამუშია და ლელა დუმბაძე. სწორედ ისინი დაეხმარებიან ქართველ მკითხველებს აღმოაჩინონ ამერიკა შინიდან გაუსვლელად და, რაც მთავარია, მშობლიურ ენაზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG