ერაყში დაიწყო ხმების დათვლა შაბათს გამართული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ეს პირველი არჩევნებია მას მერე, რაც 2011 წლის ბოლოს ქვეყანა დატოვეს შეერთებული შტატების ჯარებმა. არჩევნებს განიხილავენ ერაყის მთავრობის უნარის გამოცდად, შეძლოს ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ერაყის საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ხმებს ითვლიან პარტიათა წარმომადგენლების თანდასწრებით. არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. 378 ადგილისთვის იბრძვის რვა ათასზე მეტი კანდიდატი. ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქურთების ავტონომიურ რეგიონში არჩევნები სექტემბერში გაიმართება. ძირითადად სუნიტებით დასახლებულ ორ პროვინციაში არჩევნები უსაფრთხოების მოსაზრებებით გადაიდო. პროვინცია ქირქუქში, რომელიც ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, არჩევნები ჯერჯერობით საერთოდ არ იგეგმება.
ყველაზე პოპულარული
1