Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს სჭირდება ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა


”გასული საუკუნე დამანგრეველი იყო საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, რომლებიც მათი ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი საომარ მოქმედებებსა და კონფლიქტებში”, - განაცხადა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საფრთხე კვლავ არსებობს, რადგან პატარა ქვეყნების წინააღმდეგ აგრესია ისევ ხორციელდება. ”ამის ნათელი მაგალითია ჩემი ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ 2008 წელს იქნა ოკუპირებული”, - განაცხადა ივანიშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შეახსენა, რომ საქართველომ 2010 წელს ცალმხრივად იკისრა ძალის გამოუყენებლიობის ვალდებულება, რაც წელს იურიდიულად დაადასტურა ქვეყნის პარლამენტმა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ახალი, პრაგმატული მიდგომით დაიწყო რუსეთთან დიალოგი და მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ არავინ უნდა იფიქროს თითქოს, საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას, რადგან დღეს ისე, როგორც არასდროს სჭირდება ევროპელი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა კვლავ დაადასტურა, რომ მისი ხელისუფლების სტრატეგიული არჩევანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. ”ეს არჩევანი არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ კონკრეტულ პოლიტკურ ჯგუფს, რადგან ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG