Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარა მანქანების აფეთქების მოწყობაში სირიას სდებს ბრალს


ანკარა სირიის ძალებს სდებს ბრალს ორი დანაღმული მანქანის აფეთქების მოწყობაში, რომლებსაც 40 ადამიანის დაღუპვა და 100-ის დაჭრა მოჰყვა სირიის საზღვართან მდებარე ქალაქში. ვიცე-პრემიერმა, ბულენტ არინცმა განაცხადა, რომ ქალაქ რეიჰანლიში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილებად გვევლინებიან სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთგული ძალები. მისი თქმით, სანამ გადაწყვეტდეს, რა ფორმით მოახდინოს რეაგირება, ანკარა გამოძიების დასრულებას დაელოდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, თურქეთი „ყველა საჭირო ზომას“ გაატარებს თავდაცვის მიზნითო. გავრცელებული ცნობებით, რეიჰანლის მუნიციპალიტეტისა და ფოსტის შენობების წინ აფეთქებული მანქანების მსხვეპლთ შორის სირიელებიც არიან. მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წლის მარტში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო, რეიჰანლის 300,000-ზე მეტმა სირიელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი. თურქეთი წარმოადგენს სირიის ოპოზიციის მნიშვნელოვან მოკავშირეს. ანკარამ სირიის ანტი-სამთავრობო მებრძოლებს ნებართვა მისცა ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებაზე ოპერაციების ცენტრად და ლოგისტიკურ ბაზად. დღეს უფრო ადრე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თქვა, თავდასხმა, შესაძლოა, სირიის სამოქალაქო ომს უკავშირდება, ან საკუთრივ თურქეთის სამშვიდობო პროცესს ქურთ გასამხედროებულ ჯგუფებთანო.
XS
SM
MD
LG