შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ. მანვე ჩამოთვალა დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჰელმანდში თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ავტომობილი ქართულ ბაზასთან ახლოს ააფეთქა. სხვა დეტალები უცნობია. ეს ინციდენტი არის ყველაზე სისხლიანი თავდასხმა ოთხი წლის განმავლობაში, რაც ქართულმა ქვედანაყოფმა ავღანეთში საბრძოლო მისიის შესრულება დაიწყო. 13 მაისს ავღანეთში ქართული ქვედანაყოფის ბაზაზე განხორციელებული ასეთივე თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი. ბოლო მსხვერპლის ჩათვლით ქართული ქვედანაყოფის დანაკარგი ავღანეთში 29-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამ დანაკარგისა, ქართველი ჯარისკაცები, როგორც პოლკოვნიკმა ძნელაძემ განაცხადა, გააგრძელებენ საბრძოლო მისიას ავღანეთში.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1