Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ დანფორდი: ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები, მამაცები და კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან


ISAF-ის ოპერაციის ხელმძღვანელი, გენერალი ჯოზეფ დანფორდი გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ ქართველი ჯარისკაცების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რატომ არავინ უარყო ოფიციალურად "ნიუ იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებული მასალა, რომლის მიხედვითაც, ქართველი ჯარისკაცები მძარცველები, ქურდები არიან და ცუდი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან, გენერალმა დანფორდმა აღნიშნა, რომ ამ განცხადების გაკეთებას სწორედ დღეისთვის აპირებდა. მისი თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ქართველი ჯარისკაცები არიან პროფესიონალები, მამაცები და კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან. "ზუსტად ამას გავაკეთებ ახლა, უარვყოფ [გაზეთის ინფორმაციას]. პირადი გამოცდილებით, საქართველოს არმიასთან თითქმის 20 წელზე მეტი ხნის ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ამას ადასტურებს ის 10 წელი, რომელიც მე ვმსახურობ ქართველ სამხედროებთან ერთად ჯერ ერაყში, შემდეგ კი ავღანეთში. საქართველოს სამხედროებს კარგი ურთიერთობა აქვთ ავღანელ ხალხთან. ქართველმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და დიდი სიმამაცე", - აღნიშნა ჯოზეფ დანფორდმა. გენერალმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნული განცხადება გააკეთა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG