Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგი და იუნესკო


 სანკტ-პეტერბურგი
სანკტ-პეტერბურგი
საქართველოში, როგორც ცნობილია, აზრთა სხვადასხვაობას და დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან მისი ამოღების საკითხი. მიმდინარეობს ძალისხმევა, რომ ტაძარი მაინც დარჩეს დაცულ ძეგლებს შორის - კერძოდ, ახალი საზღვრები დადგინდეს გელათის ნომინაციაში და ბაგრატი მის არეალში მოექცეს. სრულიად განსხვავებულია ვითარება რუსეთის, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგის შემთხვევაში: იქ იუნესკოს, პირიქით, სთხოვენ, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღოს ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნაწილი. რა არის ამ ინიციატივის მიზეზი და რატომ იწვევს ის ძეგლთა დაცვის აქტივისტების შეშფოთებას?

თუ რუსი ოფიციალური პირები თავისას გაიტანენ, სამშენებლო ბუმი, რომელმაც სახე უცვალა ქვეყნის არაერთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას, მალე სანკტ-პეტერბურგის ცნობილ გარეუბნებამდეც ჩააღწევს. საქმე ის არის, რომ მოსკოვისაგან განსხვავებით, სადაც ურბანული ექსპანსია რა ხანია იპყრობს მიმდებარე დასახლებებს, სანკტ-პეტერბურგის შემთხვევაში აქამდე მეტწილად ხელუხლებელი რჩებოდა ცარიზმის პერიოდის ელეგანტური ნაგებობები და პარკები, ყოფილი დედაქალაქის ზოგ გარეუბანს რომ ამშვენებს.


მაგრამ, შესაძლოა, ასე დიდხანს აღარ იყოს...

რუსეთმა იუნესკოს მიმართა განაცხადით, რომლის მიხედვითაც, სანკტ-პეტერბურგში მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ტერიტორია, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ობიექტებით - მაგალითად, გაეროს ამ სააგენტოს ყურადღების გარეშე დარჩება მშვენიერი პარკები ქალაქის გარეუბნებში.

„ეს მომგებიანია დეველოპერებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომლებიც მშენებლობებს გეგმავენ ისტორიულ ცენტრებში: პეტერგოფში, პუშკინში, პავლოვსკში, ორანიენბაუმში და ა.შ. მათი გეგმების განხორციელებას ხელს უშლის „მსოფლიო მემკვიდრეობის“ სტატუსი და ისინი ძალიან არიან დაინტებესებული ამ სტატუსის ლიკვიდაციით“, - ასე ფიქრობს ალექსანდრ მარგოლისი, სანკტ-პეტერბურგის ისტორიისა და კულტურის მონუმენტთა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი.
ეს სულ არ ნიშნავს სიიდან ამოღებას. პირიქით, პოზიტიური ნაბიჯები იდგმება ყველა ამ ობიექტის კონსერვაციის მიმართულებით. მიმდინარეობს დეტალების დადგენის პროცესი, რადგან საქმე ეხება ძალიან კომპლექსურ ობიექტს, ბევრი კომპონენტით. ეს არ არის სიიდან ამოღება...

პირველი, ვინც განგაში ატეხა სანკტ-პეტერბურგის ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებული გეგმების გამო, იყო პეტერბურგელი კანონმდებელი ალექსეი კოვალიოვი - მან იუნესკოს ვებსაიტზე აღმოაჩინა ინფორმაცია შესაძლო ცვლილებაზე დაცული ძეგლების სიაში და სასწრაფოდ ითხოვა ადგილობრივ ოფიციალურ პირებსა და ძეგლთა კონსერვაციის ექსპერტებთან შეხვედრა:

„შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვინ დგას ამის უკან - ჩემი აზრით, ის, ვისაც გარეუბნებში შენობების დადგმა სურს. განვლილ წელს 2,5 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი აშენდა სანკტ-პეტერბურგის გარშემო და კიდევ 2 მილიონი კვადრატული მეტრი - მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენინგრადის ოლქში. ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების ტერიტორია“.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტი კლერ ბიგი დაუკავშირდა იუნესკოს ექსპერტს ალესანდრო ბალსამოს - ის შედის იუნესკოს საგანგებო ჯგუფში, რომელსაც სანკტ-პეტერბურგისა და მისი ისტორიული გარეუბნების საზღვრების დადგენა ევალება. ჯგუფი ამ ორი წლის წინ შეიქმნა - მას შემდეგ, რაც იუნესკომ მიიჩნია, რომ მეტისმეტად ბუნდოვანია სანკტ-პეტერბურგის შემთხვევაში რომელი ობიექტები, რა ტერიტორია შედის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ალესანდრო ბალსამო ირწმუნება, რომ არ აპირებენ სანკტ-პეტერბურგის დაცული ტერიტორიების ან დაცული ძეგლების შემცირებას: „ეს სულ არ ნიშნავს სიიდან ამოღებას. პირიქით, პოზიტიური ნაბიჯები იდგმება ყველა ამ ობიექტის კონსერვაციის მიმართულებით. მიმდინარეობს დეტალების დადგენის პროცესი, რადგან საქმე ეხება ძალიან კომპლექსურ ობიექტს, ბევრი კომპონენტით. ეს არ არის სიიდან ამოღება“.

მაგრამ, რომ იტყვიან, ეშმაკი დეტალებშია. მართალია, არ იცვლება რიცხვი ღირსშესანიშნაობებისა, რომლებსაც „სანკტ- პეტერბურგის ისტორიულ ცენტრად და მონუმენტთა მასთან დაკავშირებულ ჯგუფებად“ მოიხსენიებენ იუნესკოს ვებსაიტზე, მაგრამ ზოგი არეალი დაახლოებით ორი მესამედით არის შემცირებული, იუნესკოს მიერ 1990 წელს დამტკიცებულ ვერსიასთან შედარებით.

მაგალითად, სანკტ-პეტერბურგთან მდებარე ქალაქ პუშკინის შემთხვევაში (პუშკინს მიეკუთვნება ცარსკოე სელო - რუსეთის იმპერატორის ოჯახის ყოფილი რეზიდენცია), იუნესკოსათვის წარდგენილ ახალ პროექტში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად მოხსენიებულია მარტო იმპერატორის სასახლე და მისი ბაღები, ერთადერთ პარკთან ერთად - ეს ნიშნავს სიიდან ქალაქ პუშკინის მთელი ისტორიული ცენტრისა და ოთხი პარკის ამოღებას.
შეშფოთებას იწვევს ის, რომ საჯარო განხილვა არ მომხდარა - მათ შორის, ექსპერტებთან, რომლებიც მუშაობდნენ იუნესკოსათვის სანკტ-პეტერბურგის ნომინაციაზე. გასაგებია, რომ, როცა სიაში არ ხვდება ბევრი მნიშვნელოვანი ელემენტი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად აღმოჩნდება უფრო სუსტ პოზიციაში...
იულია მინუტინა

ძეგლთა დაცვის ექსპერტ იულია მინუტინას ინფორმაციით, დეველოპერები უკვე ამზადებენ რამდენიმე სამშენებლო პროექტს, მათ შორის, დიდი საცხოვრებელი კომპლექსის - „იუჟნის“ - აგების გეგმას, იუნესკოს ამჟამინდელი სიით, სანკტ- პეტერბურგთან დაცულ ტერიტორიებზე. არ გამორიცხავენ არც იმას, რომ მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირებს საკუთარი მიზნებისათვის ჰქონდეთ შერჩეული ესა თუ ის მშვენიერი კუთხე.

„შეშფოთებას იწვევს ის, რომ საჯარო განხილვა არ მომხდარა - მათ შორის, ექსპერტებთან, რომლებიც მუშაობდნენ იუნესკოსათვის სანკტ-პეტერბურგის ნომინაციაზე. გასაგებია, რომ, როცა სიაში არ ხვდება ბევრი მნიშვნელოვანი ელემენტი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ავტომატურად აღმოჩნდება უფრო სუსტ პოზიციაში“, - შიშობს ხელოვნებათმცოდნე იულია მინუტინა.

მან და მისმა თანამოაზრეებმა ჯერ ვერ შეძლეს იმის დადგენა, თუ ვინ არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში საკქტ-პეტერბურგის ღირსშესანიშნაობათა სიის შეცვლის ინიციატორი. რუსეთის საგარეო უწყება, რომელიც იუნესკოსთან თანამშრომლობის პროცესს მეთვალყურეობს, უარყოფს ასეთ ინიციატივასთან ყოველგვარ კავშირს. უარზე დგანან კულტურის სამინისტრო და სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორიც.

მინუტინა და მისი თანამოაზრეები სკეპტიკურად არიან განწყობილი. „შესაძლოა ვიღაცას განსხვავებული მოტივაცია ჰქონდეს, მაგრამ იმის გამო, რომ მის შესახებ არაფერი შეუტყობინებიათ საზოგადოებისათვის, ბუნებრივია, ყველაზე უარესს მოველით“, - ამბობს მინუტინა.

აქტივისტებს ნუგეშად ისღა რჩებათ, რომ, ოფიციალური ინფორმაციით, იუნესკოს შეკრებაზე - ყოველ შემთხვევაში, წელს - არ შეუტანიათ განსახილველ საკითხთა სიაში ინიციატივა, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ისტორიულ ძეგლებს ეხება.
XS
SM
MD
LG