Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შატილი - სიჩუმის სოფელი


შატილი - სიჩუმის სოფელი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:30 0:00
გადმოწერა
სპეციალური რეპორტაჟი

შატილი ზაფხულობით ცოცხლდება - მაშინ, როცა თოვლი დნება და გზა იხსნება. ზამთარს, მძიმე პირობების გამო, იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ატარებს. ხევსურეთში კი დიდთოვლიანი, გრძელი ზამთრები იცის. იქაურები მთელი ზამთრის სამყოფ საკვებს შემოდგომაზე იმარაგებენ. ყოფას ის აადვილებს, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, ბართან დაკავშირება შატილელებს მობილური ტელეფონებით შეუძლიათ. როგორ ცხოვრობს აღმოსავლეთ მთიანეთის ეს უნიკალური სოფელი ზამთარსა და ზაფხულში, ყველაზე მეტად რა სჭირდებათ და რაზე ოცნებობენ შატილის მცხოვრებნი?

თბილისიდან შატილამდე სულ 160 კილომეტრია, მაგრამ ამ მანძილის დაძლევას, რთული გზის გამო, ხუთი-ექვსი საათი მაინც სჭირდება. მიდიხარ, მიდიხარ, გარშემო ნელ-ნელა ქრება ხეები, ალპურ ზონაში უზარმაზარი ხასხასა მწვანით დაფარული მთები გხვდება, ალაგ-ალაგ, შუა ივლისშიც კი, ზოგან თოვლშემორჩენილი. მერე გზა ისევ დაბლა ეშვება და ერთ-ერთ მოსახვევში მოულოდნელად გამოჩნდება შატილის ციხე-კოშკები. და აქ გრძელი გზაც გავიწყდება და დაღლაც.

შატილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არღუნისა და შატილისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს, ჩეჩნეთის საზღვართან. სოფელი ზაფხულობით ცოცხლდება, როცა თოვლი დნება და გზა იხსნება. ზამთარს იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ატარებს. იქაური ზამთრები გრძელია და მძიმედ გასატარებელი. სოფელში მხოლოდ სკოლა და ერთი პატარა მაღაზია მუშაობს. სკოლა ზაფხულში იკეტება, მაღაზია კი, პირიქით, ზაფხულობით იხსნება. იქ ტკბილეული, სასმელი და სხვადასხვა წვრილმანი იყიდება. ყველაფერი ერთ პატარა ოთახშია თავმოყრილი. მაღაზიის მფლობელი გვერდით სახლში ცხოვრობს. თუ მაღაზია დაკეტილი დაგხვდა, მასპინძელს უნდა შესძახო.

სკოლა-პანსიონი
სკოლა-პანსიონი
შატილის სკოლა-პანსიონის შენობა სოფლის შუაგულში, გაშლილ მინდორში დგას. პირველ სართულზე კლასები, სკოლის ბიბლიოთეკა და სამასწავლებლოა. ზემოთ თავად პანსიონის საწოლი ოთახებია განლაგებული, სადაც მუცოდან და ახლო-მახლო სოფლებიდან შატილში სასწავლებლად ჩასული ბავშვები მთელი კვირის განმავლობაში რჩებიან, უქმე დღეებში კი სახლში, მშობლებთან ბრუნდებიან. მანგია ჭინჭარაული წელს მესამე კლაში მიდის. სანამ სწავლა დაიწყება, თავის უმცროს ძმასთან, კოტესთან, და მეგობართან, თომა ჭინჭარაულთან, ბურთით თამაშობს, მერე კი სკოლაში თავისი კლასისაკენ მიგვიძღვის. წინ მანგია გარბის:

„აი, ესაა ჩემი კლასი. მე აქ ვზივარ. ჩემს გვერდით გიორგი ზის. გიორგი ახლა მუცოშია“.

პანსიონს - უფრო ზუსტად კი, მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრს - მზია წიკლაური უდგას სათავეში. გვეუბნება, რომ ბავშვების სიმცირის გამო ყველა კლასი ვერ ივსება. წელს პირველ, მეორე, მესამე, მეექვსე, მერვე, მეცხრე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასშიც იქნებიან ბავშვები. მზიას პატარა საოჯახო სასტუმროც აქვს. ყოველ წელს გადანახული ფულით სახლში პირობებს აუმჯობესებს, რომ ტურისტები კმაყოფილები დარჩნენ. ზაფხულში სტუმრების მიღება-გასტუმრებითაა დაკავებული. ამ დროს ქალაქიდან მისი შვილებიც ჩამოდიან. ერთ-ერთი, ხათუნა, შატილში გვხვდება. მას ბებიის
შატილის მუნიციპალიტეტში ათი სოფელია, მაგრამ უმრავლესობა დაცლილია, ზოგან ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, უფრო მოხუცები, მაგრამ მოხუცებიც აღარ დარჩნენ. შობადობის მხრივ ძალიან რთული ვითარებაა. მუცოში ჰყავთ ორი წლის პატარა, კიდევ ერთი ბავშვი ახლა მიდის პირველ კლასში და ეგ არის...
მზია წიკლაური-ჭინჭარაულისა
ნაქონი ხელით ნაქსოვი და მოქარგული ხევსურული კაბა გაუფენია მზეზე. კაბა სიძველისგან დაზიანებულია და ხათუნა ფიქრობს, როგორმე აღადგინოს. ზამთარში მზია წიკლაური-ჭინჭარაულისა (როგორც თავად გვეცნობა) შატილში ისევ მარტო რჩება. საღამოხანია. მზია საქონლის დასაბინავებლად მიდის, ძროხები უნდა მოწველოს. ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით და ვლაპარაკობთ ხევსურულ ზამთარზე, სიძნელეებზე, იმაზეც, რაც შატილში მცხოვრებ ოჯახებს გრძელ ხევსურულ ზამთრებში აძლებინებს:

„იმდენად მივეჩვიეთ აქაურ ყოფას, რომ აღარ გვერთულება იმდენად. ყველაზე ძნელი მაინც ზამთარია. აღარ მთავრდება ხოლმე. საკვების მარაგი უნდა გააკეთო და გამოიზოგო. ზამთარში მისვლა-მოსვლა რთულია. გაზაფხულამდე ასე უნდა გაიტანო თავი. თან ზამთარში მარტო ვრჩები“.

- გიფიქრიათ აქედან წასვლაზე? - ვეკითხები.

„უფრო ადრე, ახალგაზრდა როცა ვიყავი. მიჩვევის გარდა ის მომენტიცაა, რომ არ გვინდა ეს კუთხე დაიცალოს“.

ზაფხულში მზიას დილაც ადრე, ექვს საათზე იწყება. ისევ საქონელი, ყველის ამოყვანა, საქონლის საძოვარზე გარეკვა, სახლი საქმე, ტურისტების გამასპინძლება, ფუტკარი... მერე ისევ გრძელი ზამთარი დგება. რამდენი ოჯახი რჩება-მეთქი, ვეკითხები მზიას. ხმამაღლა ითვლის:

„ზემოთ უბანში ოთხი-ხუთი ოჯახი, ორი ოჯახი დაბლა...აი ასე, ექვსი-შვიდი ოჯახი ვართ. ეს შატილში. შატილის მუნიციპალიტეტში ათი სოფელია, მაგრამ უმრავლესობა დაცლილია, ზოგან ერთი-ორი ოჯახი ცხოვრობს, უფრო მოხუცები, მაგრამ მოხუცებიც აღარ დარჩნენ. შობადობის მხრივ ძალიან რთული ვითარებაა. მუცოში ჰყავთ ორი წლის პატარა, კიდევ ერთი ბავშვი ახლა მიდის პირველ კლასში და ეგ არის..."

ზვიად ჭინჭარაული
ზვიად ჭინჭარაული
კოშკების ქვემოთ, ჰესის გზაზე, ზვიად ჭინჭარაულის ოჯახი ცხოვრობს. ისიც შატილშია დაბადებული. 80 წელს მივუახლოვდიო, ამბობს. მასაც ვეკითხებით, შატილის დატოვება თუ უფიქრია ოდესმე. მისი პასუხიც სხვებისას ჰგავს:

„მიფიქრია, მაგრამ სადღა უნდა წავიდე. მიწა გინდა იქ იყოს, გინდა აქ, მაინც ერთნაირად დაგფარავს“.

სოფლის კოლორიტების ძებნაში მიხეილ - მიხა - ჭინჭარაულს მივადექით. მიხეილ ჭინჭარაული შატილშია დაბადებული 1936 წელს. დღეს ის სოფლის ერთ-ერთი უხუცესია. დარდობს, რომ შატილი, ფაქტობრივად, დაცლილია და იმ დროს იხსენებს, როცა სოფელში, მე-20 საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, 51 ოჯახი ცხოვრობდა. სოფელი ცოცხლობდა. მერე შატილელები რუსთავთან ახლოს მდებარე სოფლებში გადაასახლეს, როგორც მიხა ჭინჭარაული გვეუბნება, სამგორის ველების ასათვისებლად. რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც იმ პერიოდში აშენდა. შატილზე მას ბევრი სალაპარაკო აქვს. მის წიგნსაც, რომელიც გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა, ასე ჰქვია - „შატილი“.

„ბავშვობა, ხვნა-თესვა, ყველაფერი მახსოვს, სულ თან დავყავდი ხოლმე ჩემებს. სანამ ცოცხალი ვარ, მე ჩემს მამულებს არ დავთმობ და არ გავყიდი არავისზე. თუ ყურადღებას მიაქცევენ აქაურობას და შემცვლიან, ხომ კარგი...მაგრამ სულ ვფიქრობ, რომ მომავალ თაობას აღარ აინტერესებს აქაურობა“.

მიხეილ ჭინჭარაული ბოლოს მაინც შატილს დაუბრუნდა. ის სოფლის იმ მცხოვრებლებს მიეკუთვნება, რომლებიც სოფელს ზამთარშიც არ ტოვებენ.

მიხეილ ჭინჭარაული
მიხეილ ჭინჭარაული
„ვინც აქ ზამთარში არ არის, იმას არც ვთვლით ნამდვილ შატილელად. ექვსი-შვიდი ოჯახიღა ვრჩებით ზამთარში. ისე კი რთულია - დათვისჯვრის უღელტეხილი იკეტება, ორ მეტრამდე თოვლია, ზვავები ჩამოდის... მაგრამ მობილური კავშირი არის და ეს გვშველის. დარეკავ და თითქოს გვერდით გიზის და ელაპარაკები“.

მის მეუღლეს, თინა არაბულსაც ვეკითხებით, რა არის ის, რამაც მათ შატილში დაბრუნება გადააწყვეტინა.

„ხანდახან კი ვფიქრობ ხოლმე, რამ წამომიყვანა-მეთქი აქ, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა იცხოვროს? ჩვენ თუ არ ვიქნებით, ყველა თუ უარს იტყვის, ხომ დაცარიელდება სულ აქაურობა?“

სკოლის გვერდზე მდგარ სახლში დათო ჭინჭარაული ცხოვრობს. დათოს ყველა იცნობს, ვინც შატილში ერთხელ მაინც ყოფილა. ერთ-ერთი კოშკი, რომელშიც სასტუმროა გახსნილი, მის ოჯახს ეკუთვნის. დათო შატილის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელია. სოფლის ჰიდროელექტროსადგურსაც ის პატრონობს. და კიდევ ბევრია ჩამოსათვლელი, რასაც დათო შატილისთვის აკეთებს, მაგრამ ეს მისთვის ჩვეულებრივი ცხოვრების წესია. დათო 33 წლისაა. როცა ვეკითხებით, როგორ ძლებს ნახევრად დაცლილ სოფელში, სადაც მისი ტოლი თითებზე ჩამოსათვლელია დ ა ზამთარში სულ რამდენიმე ოჯახი რჩება, დათო გვპასუხობს:

დათო ჭინჭარაული
დათო ჭინჭარაული
„ასეთ რამეებზე დიდად არ ვფიქრობ. ეს ჩემი სახლია, ეს ტყეები, ეს მთა. თავს აქ ისე ვგრძნობ, კომფორტულად, ქალაქში კი შეიძლება ჩავიდეს ადამიანი ცოტა ხნით, მაგრამ ჩემი სახლი აქ არის, მთელი ცხოვრება. თანაც აქ ყოფნა საჭიროა ახალგაზრდა ხალხის, მეც ახალგაზრდა კაცი ვარ და სანამ შემიძლია, გავაკეთებ, რასაც ვაკეთებ“.

და სურვილები? დათოს სურვილები ისევ შატილს უკავშირდება: უკეთესი პირობები რომ იყოს, საავადმყოფო, ინტერნეტი, ვერტმფრენი, სკოლაში სპორტული დარბაზი - ყველაფერი შატილის გადარჩენას უკავშირდება. დათოს სახლში ახლა მშენებლობა მიდის. კოშკის პატრონი მაისის შემდეგ მარტო აღარ ცხოვრობს. მასთან ანა ჩამოვიდა მინსკიდან. დათოს და ანას სიყვარულის ამბავი ერთი წლის წინ დაიწყო.

რომანტიკული, ჯადოსნური, როგორც ანა უწოდებს, ამბავი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის თავის მეგობრებთან ერთად შატილში ტურისტად ჩამოვიდა და დათოს კოშკში გაჩერდა, რომელიც დღეს სასტუმროდაა გადაკეთებული.

„ჩვენ დიდი მოგზაურობდა გვქონდა საქართველოში. ყაზბეგში ვიყავით, გუდაურში.. ბოლოს შატილშიც ჩამოვედით და დათო გავიცანით. სულ ორი დღე დავრჩით მაშინ და ძალიან დავმეგობრდით. მერე მე სახლში დავბრუნდი, თუმცა კავშირი არ გაწყვეტილა, ერთმანეთს ვურეკავდით, ხან ვწერდით. მახსოვს, კავშირი ხშირად წყდებოდა ცუდი ინტერნეტის და ზოგადად, ცუდი კომუნიკაციის გამო... მოკლედ, თავიდანვე, როცა ვნახე, სამხედრო ფორმა ეცვა და ახალგაზრდა ჩე გევარას ჰგავდა. ასე გაგრძელდა თვეები და, ბოლოს, თავისთან ისევ მომიწვია. ასე გადავწყვიტე, რომ თუ წამოვიდოდი, საბოლოოდ წამოვიდოდი. ჩვენ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ცხოვრება ძლიან მოკლეა და უნდა გააკეთო, რაც გინდა, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა არსებობს“.
ასეთ კაცს მე ბელორუსიაში არ შევხვედრივარ. რასაც დათოზე ამბობენ და აქებენ, ყველაფერი მართალია. შატილი მისი ადგილია, ეს სოფელი დათოთი ცხოვრობს. პათეტიკის გარეშე ვამბობ, იცით, როგორ იქცევა და ცხოვრობს? როგორც თქვენი „ვეფხისტყაოსნის“ გმირები...
ანა რასოლკო

ანა რასოლკო მინსკში დაიბადა და გაიზარდა. ერთ-ერთ კომპანიაში გრაფიკულ დიზაინერად მუშაობდა. მუშაობას შატილშიც განაგრძობს, თუმცა იმის გამო, რომ სოფელში ხარისხიანი ინტერნეტი არ არის, ნამუშევრების გაგზავნას შატილიდან ვერ ახერხებს. იმედი აქვს, რომ თუ ინტერნეტი იქნა, მუშაობას დისტანციიდანაც შეძლებს და საკუთარ პროფესიას არ მოსწყდება. შატილში ჩამოსვლის პირველ ხანებში ქალაქის გარეშე გაუჭირდა. ერთია, როცა შატილს უყურებ და სტუმრობ როგორც ტურისტი და მეორეა, როცა ამ ადგილს მუდმივ საცხოვრებლად ირჩევ. მართლა არ ვიყავი მზადო, ამბობს ანა და ამატებს:

„სამაგიეროდ, არსებობს სხვა რამეები, რის გამოც აქ ცხოვრების არ გეშინია“.

- მაგალითად, რა?

„დათო, სიყვარული, ურთიერთობები. ასეთ კაცს მე ბელორუსიაში არ შევხვედრივარ. რასაც დათოზე ამბობენ და აქებენ, ყველაფერი მართალია. შატილი მისი ადგილია, ეს სოფელი დათოთი ცხოვრობს. პათეტიკის გარეშე ვამბობ, იცით, როგორ იქცევა და ცხოვრობს? როგორც თქვენი „ვეფხისტყაოსნის“ გმირები. ზუსტად ახლა ვკითხულობ რუსთაველის ამ პოემას. რაღაც ისეთი ცხოვრებისეული იდეალები აქვს, რასაც ქალაქში ვეღარ შეხვდები. იქ გულწრფელობა ნაკლებია, აქ კი, მთებში, ყველაფერი ხელისგულზე დევს და შიშველია“.

ანა დღეს სირბილით იწყებს, ზუსტად ისე, როგორც თავის ქალაქში, მინსკში. ფერად სპორტულ ფეხსაცმელსა და ელასტიკებში გამოწყობილი ანა, ყურში ყურსაცვამებით, შატილის ახლომახლო გზებზე დილაობით 8 კილომეტრს დარბის. მერე სახლში ბრუნდება და საუზმეს ამზადებს. ამ დროისათვის დათოს უკვე ღვიძავს ხოლმე. ისე, დილით 6-ზე ან 7 საათზე იღვიძებს. მერე ელექტროსადგურის სანახავად მიდის, რომ შეამოწმოს, როგორ მუშაობს იქ ყველაფერი. ხანდახან იმდენი საქმე აქვს, მთელი დღე ერთმანეთს ვერ ვნახულობთო, გვეუბნება ანა. ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა უინტერნეტობაა. წერილიც კი გაუგზავნეს შესაბამის კომპანიას თხოვნით, რომ შატილს ხარისხიანი ინტერნეტი მიეწოდოს. ეს ადგილობრივებსაც წაადგება და ტურისტებისთვისაც უფრო კომფორტული იქნება.
ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი ქვეყნის ბუნებამ, სტუმართმოყვარეობამ. მოგვწონს აქაურობა. ხალხი ყველგან ღიმილით გვეგებება. ჯერ ჩემმა ახლობლებმა მიამბეს საქართველოს შესახებ, მერე ინტერნეტში ქვეყნის ულამაზესი ხედების ფოტოებიც ვნახეთ. მოგზაურობა ამანაც განაპირობა და, რა თქმა უნდა, მისაღებმა ფასებმაც...
ისააკ ლივნე

შატილამდე მისასვლელ მიხვეულ-მოხვეულ გზას ტურისტები ზაფხულის დადგომისთანავე დაადგებიან ხოლმე, როცა თოვლი დნება და გზა იხსნება. ჩვენი შატილში სტუმრობის დროს გერმანიიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან დ ა პუერტო რიკოდან ჩამოსულ ტურისტებსაც კი შევხვდით. ტურისტებისათვის შატილში რამდენიმე საოჯახო სასტუმრო მუშაობს. სტუმრებს გაჩერება სასტუმროდ გადაკეთებულ ორ ხევსურულ კოშკშიც შეუძლიათ. ჯერჯერობით შატილის კოშკებიდან მხოლოდ ეს ორი ფუნქციონირებს. ისააკ ლივნე ისრაელიდანაა. ის საქართველოში უკვე მეექვსედ ჩამოვიდა. ამჯერად რვა თანამოაზრესთან ერთად მოგზაურობს. მოგზაურობა წელს ბათუმიდან დაიწყეს და შატილამდე ამოვიდნენ:

„ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენი ქვეყნის ბუნებამ, სტუმართმოყვარეობამ. მოგვწონს აქაურობა. ხალხი ყველგან ღიმილით გვეგებება. ჯერ ჩემმა ახლობლებმა მიამბეს საქართველოს შესახებ, მერე ინტერნეტში ქვეყნის ულამაზესი ხედების ფოტოებიც ვნახეთ. მოგზაურობა ამანაც განაპირობა და, რა თქმა უნდა, მისაღებმა ფასებმაც“.

ტურისტების რაოდენობა შატილში განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში იზრდება. კოშკებს შორის ფოტოაპარატმომარჯვებულები ჩუმად დადიან და იქაურობას ათვალიერებენ. ალბათ, აქაურობა ზამთარში რა ლამაზი და მშვიდი იქნებაო, - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა და დაინტერესდა, როგორ შეიძლება ზამთარში იქ მოხვედრა. მხოლოდ ვერტმფრენით, - ჟესტების ენით აუხსნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა და ჰაერში ხელით ვერტმფრენის მოძრაობა მოხაზა. მერე კი თავისთვის ჩაილაპარაკა:

“სიჩუმე რა, შატილში ზაფხულშიც სიჩუმეა”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG