Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის ექსპერტი რუსეთის საბაჟო კავშირს განიხილავს


ჯუდი შელტონი
ჯუდი შელტონი
რამდენიმეთვიანი ყოყმანის შემდეგ, სომხეთმა განაცხადა, რომ გაწევრიანდება საბაჟო კავშირში, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედებს. უკრაინა, როგორც ჩანს, სხვა გზით მიდის და ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე, ევროკავშირთან აპირებს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას. რეგიონის სხვა ქვეყნებიც მსგავსი დილემის წინაშე არიან, ვინაიდან ორივე კლუბის ერთდროულად წევრობა შეუძლებელი რამაა. რატომ ქმნის რუსეთი თავის ეკონომიკურ ზონას ევროკავშირისთვის მეტოქეობის გასაწევად და რა გზებით ახდენს ზეწოლას ქვეყნებზე მასში გასაწევრიანებლად? - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება ესაუბრა ჯუდი შელტონს, ეკონომიკის ექსპერტს და აშშ-ში განთავსებული დემოკრატიის ეროვნული ფონდის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელს. გთავაზობთ ინტერვიუს.

რუსეთმა 2010 წელს ყაზახეთსა და ბელორუსიასთან დააარსა გადასახადებისგან თავისუფალი საბაჟო კავშირი, ახლა კი ის დიდი ძალისხმევით ცდილობს ამ კავშირის გაფართოებას, რათა მან პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობა მოიცვას. რუსეთს აშკარად აქვს ახალი რეგიონალური ეკონომიკური ამბიციები. მაინც რასში გამოიხატება ისინი? - ეს იყო პირველი შეკითხვა, რომლითაც ჩვენმა კოლეგამ, ჩარლზ რეკნეიგელმა, ეკონომიკის ექსპერტს მიმართა. შელტონის პასუხი ასეთი იყო:

„მოსკოვს ნამდვილად სურს აღადგინოს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური დომინაცია იმ სივრცეზე, რომელსაც ის უწინ აკონტროლებდა. თუმცა რუსეთს პრობლემას ის ფაქტორი უქმნის, რომ დღეს ამ ახალი კავშირის შექმნის - ან, გარკვეულწილად, ძველი კავშირის აღდგენის - მცდელობა ემთხვევა პერიოდს, როცა თავად რუსეთის ეკონომიკური პერსპექტივა შთამაგონებლად არ გამოიყურება. რუსეთის ეკონომიკა ზედმეტადაა დამოკიდებული ნედლეულზე, ნავთობზე. ვფიქრობ, ძალიან დიდ პრობლემას ქმნის კორუფცია. ჩვენ ვხედავთ იმ უთანასწორო შესაძლებლობებს, რომლებიც ძალიან მდიდარ ოლიგარქებს ეძლევათ, ჩვეულებრივი მოქალაქეების ხარჯზე“.

საბაჟო კავშირში შესვლით გაჩენილი პერსპექტივების შესახებ ჯუდი შელტონი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:

„ამდენად, თუ მოსკოვი თვლის, რომ ქვეყნებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ამ საბაჟო კავშირში შევიდნენ, რაიმე გამორჩეულ შესაძლებლობას სთავაზობს - თავად ამ ქვეყნებმა უნდა შეაფასონ, სურთ თუ არა მათთანაც გაჩნდეს საგარეო ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის ინტენსივობის კლების შესაძლებლობა. რუსეთის შემთხვევაში შემცირებას განიცდის ინდუსტრიული წარმოება, საკუთრივ შრომის ბაზარიც. მეორე კვარტალში ზრდა მხოლოდ 1,2 პროცენტით შემოიფარგლა, პარალელურად კი [წლიური] ინფლაციის მაჩვენებელი 6 პროცენტს უახლოვდება. ამდენად, ამ მოდელის გამეორება, მის ნაწილად ქცევა სასურველი არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტებს, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ კავშირში შესვლას განიხილავს, უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რატომ სურს ინდივიდუალური თავისუფლების თვალსაზრისით ნაბიჯის უკან გადადგმა“.

მოსკოვი აცხადებს, რომ უფრო ინტენსიური ინტეგრაცია ლოგიკურია, რადგან რუსეთი უკვე წარმოადგენს ყველაზე მსხვილ მყიდველს ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწარმისა და თან ამ ქვეყნებს ენერგიასაც აწვდის. რამდენად ღირებულია ეს არგუმენტი ეკონომიკური თვალსაზრისით? - ვკითხეთ ჯუდი შელტონს:

ევროკავშირის პოზიციიდან, ყველა ქვეყანას, რომელსაც მასთან აკავშირებს ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობა, უნდა ჰქონდეს საგარეო ვაჭრობის სუვერენული პოლიტიკა...
„არც იმდენად. ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ფაქტორები იცვლება ქვეყნების მოდერნიზაციისა და განვითარების პარალელურად. აღვნიშნავდი, რომ ამ ეტაპზე უკრაინას რუსეთში 12,3 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი გააქვს, ევროკავშირში კი ამაზე მეტი - 12,9 მილიარდი ევროს ოდენობის. ეს შარშანდელი მონაცემებია. რაც შეეხება რუსეთის როლს, როგორც ენერგიის მომწოდებლის, ეს არანაირ ბუნებრივ ალიანსს არ იწვევს, რადგან ეს გამოცდილება ამ ქვეყნებისთვის სახარბიელო არ ყოფილა“.

კიევს ნათქვამი აქვს, რომ მზადაა ორივე მიმართულებით იმოძრაოს - ევროკავშირსაც დაუახლოვდეს და საბაჟო კავშირშიც გაწევრიანდეს. მაგრამ ჯერ ბრიუსელმა, შემდეგ კი მოსკოვმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ეს შეუძლებელია. ჯუდი შელტონს ამ პოზიციების განმარტება ვთხოვეთ. - მან პასუხი ბრიუსელის თვალსაზრისის ახსნით დაიწყო:

„ევროკავშირის პოზიციიდან, ყველა ქვეყანას, რომელსაც მასთან აკავშირებს ასოცირების ხელშეკრულება, სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობა, უნდა ჰქონდეს საგარეო ვაჭრობის სუვერენული პოლიტიკა. ხოლო თუ უკრაინა საბაჟო კავშირში გაწევრიანდა, ის დაექვემდებარება საგარეო ვაჭრობის ერთიან, საერთო პოლიტიკას, რომელშიც აშკარა დომინანტური ძალა რუსეთი იქნება“.

რუსეთის პოზიციის შესახებ კი ეკონომიკის ექსპერტი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:

„მოსკოვი კი ორივე შესაძლებლობის გამოყენებას იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ მაშინ უკრაინა შეძლებდა ევროკავშირიდან გადასახადების გარეშე მოეხდინა საქონლის იმპორტი, შემდეგ კი ეს საქონელი იაფად შეეტანა საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებში. ამან კი შეიძლება ამ ქვეყნების შიდაწარმოებას მიაყენოს ზიანი“.

ფაქტობრივად, ისინი ამბობენ - შემოგვიერთდით, ჩვენ არანაირი სტანდარტები, არანაირი ღირებულებები არ გვაქვსო. ეს არაა ძალიან მომხიბლავი პერსპექტივა. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ქვეყანას უნდა სურდეს ისეთ საბაჟო კავშირში შესვლა...
ეკონომიკის ექსპერტი თვლის, რომ მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს ევროკავშირთან დაახლოებაში წინაღობებს უქმნის, თავად რუსეთი დიდ სარგებელს ნახულობს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებით:

„ვფიქრობ, უნდა დავინახოთ, რომ ევროკავშირი რუსეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. და მაშინ, როცა რუსეთი ამ ქვეყნების - განსაკუთრებით უკრაინის - გადარწმუნებას ცდილობს და ემუქრება კიდეც, რათა მათ არ განავითარონ ღრმა სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან, თავად რუსეთი ევროკავშირთან ვაჭრობით დიდ სარგებელს ნახულობს. მას, უბრალოდ, არ სურს იგივე შესაძლებლობები სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც მიეცეთ“.

მოსკოვი საბაჟო კავშირის პოტენციური წევრებისგან არ ითხოვს არანაირი სამართლებრივი ან პოლიტიკური რეფორმების გატარებას, რათა მათი მთავრობები უფრო გამჭვირვალე გახდეს, განმტკიცდეს კანონის უზენაესობა, შემცირდეს კორუფცია. ევროკავშირი კი ამ საკითხებს მკაცრად აყენებს დღის წესრიგში მასთან პარტნიორობის პირობად. შეიძლება ამან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საბაჟო კავშირი უფრო მიმზიდველი გახადოს ამ მთავრობებისთვის? - ვკითხეთ ჯუდი შელტონს:

„ქვეყნები ძალიან უნდა დააეჭვოს იმ ფაქტორმა, რომ რუსეთი ამ კავშირში შესვლას ასე იოლს ხდის. ამას არანაირი სამართლებრივი ან პოლიტიკური რეფორმები არ უკავშირდება - არანაირი თხოვნა, ქვეყანამ კონცენტრაცია მოახდინოს კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე ან კორუფციის შემცირებაზე. ფაქტობრივად, ისინი ამბობენ - შემოგვიერთდით, ჩვენ არანაირი სტანდარტები, არანაირი ღირებულებები არ გვაქვსო. ეს არაა ძალიან მომხიბლავი პერსპექტივა. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ქვეყანას უნდა სურდეს ისეთ საბაჟო კავშირში შესვლა, რომელიც აჩვენებს, რომ არ სწამს და საკმარის პატივს არ სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, პოლიტიკურ თავისუფლებას ან, თუნდაც, ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ქვეყნებს სიფრთხილე მართებთ ისეთ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან მიმართებით, რომელიც მნიშვნელოვან ღირებულებებად არ მიიჩნევს გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას ან კორუფციასთან ბრძოლას“.
XS
SM
MD
LG