Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

თამბაქოს კულტურას შეწირული თვითმმართველობის კანონი


ლაგოდეხი
ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კერძო პირებმა თამბაქოს კულტურის აღდგენა-განვითარებაზე დაიწყეს მუშაობა. შეიქმნა კოოპერატივი „ლაგ ტაბაკი“, რომელიც აპირებს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი აიღოს სესხად, „იაფი კრედიტის“ ფარგლებში. ლაგოდეხში თამბაქოს კულტურის აღდგენა-განვითარებას მოწინააღმდეგეები არ ჰყავს, თუმცა საინტერესოა, რატომ არიან ჩართული კერძო ბიზნესის განვითარებაში საკრებულო და მისი წევრი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №51 განკარგულების საფუძველზე, თამბაქოს წარმოების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით, დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტში თამბაქოს კულტურის დანერგვისა და წარმოების შესაძლებლობებს იკვლევს.

როგორც თავად ამბობს, კოოპერატივ „ლაგ ტაბაკის“ წევრი და ერთ-ერთი მეწილეა ნუგზარ კაკიაშვილი. ის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობს. არადა, თანამდებობის პირი, რომელიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებს, არ შეიძლება კერძო ბიზნესსაქმიანობას ეწეოდეს.

„თქვენ გაინტერესებთ, ვარ თუ არა მეწილე? კი, ვარ, მერე?! ვისაც ბიზნესში წილი აქვს, თქვენ ყველასთან მიდიხართ და ეკითხებით? მხოლოდ ჩემი რატომ გაინტერესებთ? შეკითხვა გაუგებარია“, - დასმული კითხვის პასუხად გაკვირვებას გამოხატავს ნუგზარ კაკაიაშვილი.

მე დამნიშნეს ბიზნესექსპერტად დაახლოებით ამ საკითხებში. დამინიშნეს 300 მანეთი ხელფასი და „კამანდიროვკას“ მიხდიან, თბილისში რომ დავდივარ...
თენგიზ თუთისანი
ლაგოდეხის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა ექსპერტ-კონსულტანტად პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და კოოპერატივ „ლაგ ტაბაკის“ გარკვეული წილის მფლობელი თენგიზ თუთისანი 3 თვიანი ხელშეკრულებით დაასაქმა. თუთისანს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებულების მიხედვით, თანამდებობრივი სარგო 350 ლარის ოდენობით განესაზღვრა. თენგიზ თუთისანი ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაღებული თანხა, რომელსაც ხელფასის სახით იღებს, კოოპერატივის საქმიანობის ხელშეწყობისთვის არის აუცილებელი:

„მე დამნიშნეს ბიზნესექსპერტად დაახლოებით ამ საკითხებში. დამინიშნეს 300 მანეთი ხელფასი და „კამანდიროვკას“ მიხდიან, თბილისში რომ დავდივარ. მე ხომ ამ საქმეებზე მივდივარ რეალურად“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილი თვლის, რომ თამბაქოს კულტურის აღდგენა და განვითარება კარგი ინიციატივაა, თუმცა დეპუტატი ყურადღებას სხვა საკითხზე ამახვილებს: გოზალიშვილი ბიზნესგანვითარებაში საკრებულოს მონაწილეობას სამართლებრივი კუთხით უდგება და ამბობს, რომ შესაძლოა ნუგზარ კაკიაშვილის, როგორც საჯარო მოხელისა და ბიზნესინტერესების მქონე პირის მიმართ გარკვეული კითხვები არსებობდეს:

ძალიან ძნელია შეაფასო რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი და რა მიზანი აქვს. ფაქტობრივად, დებულებაც არ არსებობს. თავად კომისიას აქვს ექსპერტის დაქირავების უფლება და არა სამუშაო ჯგუფს...
გიორგი ბოკერია
„საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს თავისი კომპეტენცია. უნდა გასწორდეს ეს ყველაფერი. კიდევ ვიმეორებ, საჯარო მოხელეს კანონმდებლობით არ აქვს უფლება მონაწილეობდეს სამეწარმეო საქმიანობაში. ამით დამთავრდა ყველაფერი. კანონი ეხება ყველას - როგორც ადგილობრივი დონის მოხელეს, ისე ცენტრალურის“.

დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და შემდგომში ადგილობრივ კანონმდებელთა ნაწილის ბიზნესდაინტერესებას არასამთავრობო ორგანიზაციები სამართლებრივი კუთხით აფასებენ. სამოქალაქო განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ბოკერია მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან:

„ძალიან ძნელია შეაფასო რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი და რა მიზანი აქვს. ფაქტობრივად, დებულებაც არ არსებობს. თავად კომისიას აქვს ექსპერტის დაქირავების უფლება და არა სამუშაო ჯგუფს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სამართლებრივი საკითხები უფრო კარგად უნდა დარეგულირდეს და საზოგადოებაც უფრო მეტად გაიგებს, თუ რისთვის არის ეს ყველაფერი გაკეთებული“.

ბიზნესგანვითარების გეგმა მუნიციპალიტეტში და დარღვეული საკანონმდებლო ნორმა; თამბაქოს კულტურას შეწირული თვითმმართველობის კანონი და კითხვები, რომლებიც საჯარო მოხელეთა ბიზნეს თუ პირად ინტერესებს მოჰყვა; რა გახდა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უკანონო გადაწყვეტილებების მიღების საბაბი - არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა ამ საკითხის დეტალურად შესწავლას გეგმავენ.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG