Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი მზადაა უვიზო რეჟიმის თაობაზე ხელშეკრულების მომზადება დაიწყოს


„ისრაელი მზადაა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის თაობაზე ხელშეკრულების მომზადება დაიწყოს“, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინმა ჟურნალისტებს გუშინ, არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ხელშეკრულებაზე უკვე ჰქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. "ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. ისრაელის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მას მისალოცი ბარათი გამოუგზავნეს და მე ის გადავეცი გიორგი მარგველაშვილს. ასევე, ახლად არჩეული პრეზიდენტი ისრაელში მივიწვიეთ ოფიციალური ვიზიტით. ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებთ. ისრაელის მხარე მზადაა დაიწყოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ხელშეკრულების მომზადება. ჩვენ ამ ხელშეკრულების მომზადების საკითხზე უკვე გვქონდა შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან", - აღნიშნა ზეევ ელკინმა. გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა, საქართველოში აღნიშნული ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იუვალ ფუქსიც ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG