Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნი ციხეში, ადამიანის გარეშე


„გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე“ - პირველი რეპრესირებული ქართული წიგნი, ავტორი ალექსანდრე ამილახვარი
„გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე“ - პირველი რეპრესირებული ქართული წიგნი, ავტორი ალექსანდრე ამილახვარი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა აპირებს გახსნას ე.წ. რეპრესირებული წიგნების მუზეუმი, რომელშიც თავს მოიყრის სხვადასხვა დროს აკრძალული ან სხვა სახით შევიწროებული გამოცემები. მუზეუმის ექსპონატთა შორის იქნება როგორც მეფის რუსეთის ცენზურის, ასევე საბჭოთა მთავლიტის მიერ შერისხული ტექსტები. რეპრესირებულ წიგნთა შორის უნდა იყოს ვახტანგ მეექვსის მიერ დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი“ და 1779 წელს რუსულ ენაზე გამოქვეყნებული ალექსანდრე ამილახვრის წიგნი, რომლის გავრცელება ერეკლე მეორის ბრძანებით იყო აკრძალული.

1779 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოქვეყნდა პოლიტიკური პამფლეტი - „გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე“, რომელშიც ავტორი, ალექსანდრე ამილახვარი, მოგვითხრობს საკუთარ თავგადასავალს, ახასიათებს მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ქართლის პოლიტიკურ მდგომარეობას და უარყოფითად აფასებს ერეკლე მეორის მოღვაწეობას. 1765 წლის შეთქმულების მონაწილე ალექსანდრე ამილახვარი სასტიკად იქნა დასჯილი: მოაჭრეს ცხვირი და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი. რუსეთში გაქცეული ალექსანდრე ამილახვარი, ერეკლე მეორის თხოვნით, 1783 წელს ვიბორგის ციხეში ჩასვეს, 1779 წლის გამოცემის გავრცელება კი აკრძალეს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის თქმით, იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია ამ გამოცემის ორი ეგზემპლარი:

გიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე
„დროებით აიკრძალა ეს წიგნი საქართველოში, რაც ცოტა იშვიათი ამბავი გახლავთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველო იმ დროს, ფაქტობრივად, უკვე იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი და უცნაურია, რომ მხოლოდ ლოკალურად აიკრძალა. თუმცა, ცხადია, ჩვენ შეგვიძლია ამ წიგნით დავიწყოთ რეპრესირებული წიგნების ათვლა, თუ არ ჩავთლით „ვეფხისტყაოსანს“, რომელსაც სხვადასხვა სასულიერო პირი ებრძოდა და რიგ შემთხვევებში ის სრულიად შემთხვევით გადაურჩა გაქრობასაც კი“.

„ვეფხისტყაოსანს“ გამორჩეულად ერჩოდა ანტონ კათალიკოსი. მართალია, პროფესორი ვიქტორ ნაზაძე ამბობდა, რუსთაველის დევნა საქართველოში ატარებდა უფრო მწიგნობრულ, კლერიკალური თვალსაზრისით პოეტის შემოქმედების კრიტიკის ხასიათსო, მაგრამ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, რომელიც წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ წერდა:

„კათოლიკოზ ანტონის პირველსა, რომელსაც არა ჰსწყალობდა სიყრმიდგანვე, ვითარცა კაცსა პაპისაგან მისისა თეიმურაზისა შეძულებულსა, მოიხსენებდა არა კეთილად, რადგან ვერ ჰსცნო ღირსება შოთასი, რადგან დღესა ერთსა 80 დაბეჭდილი წიგნი ვახტანგ მეფისვე დროსა შთააყრევინა მტკვარსა, ვითარცა წიგნი მავნებელი მკითხველთათვის, მომწამვლველი ქრისტიანეთა გონებისა და გრძნობისა“.

თუმცა რეპრესირებული წიგნების მუზეუმის ექსპონატების უმეტესობა მაინც საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ტექსტები და მათ ავტორებთან კავშირში მყოფი ნივთები იქნება. ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის უფროსის მაია მიქაბერიძის თქმით, წიგნების დევნა ხდებოდა ორი ნიშნით: ან შინაარსი იყო მიუღებელი, ან - ავტორი, ანდა რედკოლეგიის რომელიმე წევრი. ასეთ წიგნებს, ფაქტობრივად, აპატიმრებდნენ და წიგნის პალატის ტერიტორიაზე მდებარე ეგრეთ წოდებულ დახურულ ფონდში ათავსებდნენ:

ბრძანება წიგნის დაპატიმრების შესახებ
ბრძანება წიგნის დაპატიმრების შესახებ
„მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილის ეს წიგნი, მოთხრობების კრებული „პატარა დედაკაცი“, 1926 წელს არის გამოცემული. მწერლის დაპატიმრების შემდეგ ეს წიგნიც აიკრძალა. აი, აქ ჩანს ბეჭედი „Не выдаётся“. ეს წიგნიც გამოკეტილი იყო დახურულ ფონდში“.

შეიძლება გამოცემა არ დაეპატიმრებინათ, მაგრამ წიგნებიდან შავი მელნით ამოშლიდნენ რეპრესირებული ადამიანების გვარებს. მაია მიქაბერიძის თქმით, ასეთი ვითარება გაგრძელდა მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე. მეფის რუსეთის დროინდელი ღია ცენზურა შეცვალა შენიღბულმა, 1924 წელს დაარსებულმა მთავლიტმა, რომელიც ბიბლითეკებს რეგულარულად უგზავნიდა დასაპატიმრებელი წიგნების სიას.

ბოლშევიკური და ტოტალიტარული სისტემები სრულებით გასაგებია, თუ რატომ კრძალავდნენ ზოგიერთ წიგნსა და გამოცემას: იმიტომ, რომ ზოგი ავტორი, ზოგი გამოცემა და წიგნი უპირისპირდებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას, თუმცა უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულ სისტემებშიც არსებობს ზოგიერთი აკრძალვა...
ემზარ ჯგერენაია
„ეს არის „Сводный список книг подлежащих исключению из библиотек и книготорговой сети“, ანუ „შეერთებული კატალოგი იმ წიგნებისა, რომელიც უნდა ამოღებულიყო ბიბლიოთეკებიდან და წიგნით ვაჭრობის ქსელიდან“, რომელიც გამოცემულია 1973 წელს. ასეთი ბევრი გამოდიოდა. აქ არის მთელი სია წიგნებისა, დალაგებული ანბანის მიხედვით. აი, მაგალითად, აკრძალულია პუშკინის ნაწარმოებთა კრებული, რომელიც 1937 წელს არის გამოცემული. ეს ის შემთხვევაა, როცა გამომცემელთა შორის ურევია რეპრესირებული პირი. ცხადია, ქართველებიც ბლომად არიან აქ. ეს „სვოდნი სპისოკ“-ები 50 წლიდან გამოდიოდა სისტემატურად და ეგზავნებოდა ბიბლიოთეკებს და ედო გრიფი „სამსახურებრივი მოხმარებისათვის“. ეს არის, ფაქტობრივად, ცენზურა, მაგრამ ოფიციალურად საბჭოთა კავშირი ამ ცენზურას არ აღიარებდა. არადა, ადრე, მეფის რუსეთის დროს, ყველა წიგნს ჰქონდა წარწერა „დაშვებულია ცენზურის მიერ“. 1924 წელს, როცა მთავლიტი დაფუძნდა, გამოიცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, არავის ჰქონდა უფლება გაემხილა ამ დაწესებულების მიზანი“, უთხრა მაია მიქაბერიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა საბჭოთა სისტემაში წიგნებს მხოლოდ მთავლიტი როდი ერჩოდა. რეპრესიების შიშით წიგნებს აზიანებდა და მალავდა ისეთი გამორჩეული ბიბლიოფილიც კი, როგორიც პოეტი იოსებ გრიშაშვილი იყო. აი, რას იხსენებს პოეტის დის შვილიშვილი და ბიბლიოთეკა-მუზეუმის დირექტორი ნოდარ გრიგორაშვილი:

„ბევრი წიგნი გვაქვს ისეთი, რომელსაც მოხეული აქვს თავფურცელი. ეს იყო რეპრესირებულ ავტორთა წიგნები. შეეშინდა, მაგრამ წიგნები ენანებოდა და ამიტომ მხოლოდ ყდები და თავფურცლები მოახია. სიბერეში ხშირად ეთიშებოდა მეხსიერება, მაგრამ ყველა ავტორი გაიხსენა და ასე შევიტანეთ ინვენტარის წიგნში. დედაჩემისგან მახსოვს, რომ ბაღში რკინის ყუთი ჰქონდა და იქ მალავდა წიგნებს - გრიგოლ რობაქიძეს, ჯავახიშვილს და სხვა რეპრესირებული ავტორების წიგნებს, ავტოგრაფებით“.

ემზარ ჯგერენაია
ემზარ ჯგერენაია
ცხადია, ასეთი რამ მხოლოდ ტოტალიტარულ სისტემაში შეიძლება მოხდეს, თუმცა, როგორც სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ამბობს, შესაძლებელია ესა თუ ის ტექსტი, სულ სხვა მიზეზის გამო, დემოკრატიულ საზოგადოებაშიც დაექვემდებაროს ცენზურას:

„ბოლშევიკური და ტოტალიტარული სისტემები სრულებით გასაგებია, თუ რატომ კრძალავდნენ ზოგიერთ წიგნსა და გამოცემას: იმიტომ, რომ ზოგი ავტორი, ზოგი გამოცემა და წიგნი უპირისპირდებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას, თუმცა უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულ სისტემებშიც არსებობს ზოგიერთი აკრძალვა, მაგალითად, ისეთი ლიტერატურისა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი ან სხვა ტიპის შეუწყნარებლობისკენ. ასე რომ, აკრძალვების გარეშე საზოგადოება არ არსებობს და, საერთოდაც, კულტურული საზოგადოება ნიშნავს რაღაც ტიპის აკრძალვების არსებობას. მაგრამ ასეთი ლიტერატურა მაინც პოულობს თავის გზას. არსებობს მილიონი საშუალება იმისათვის, რომ აკრძალულმა წიგნმა, აკრძალულმა ლიტერატურამ მიაღწიოს მკითხველამდე“.

ქართული კულტურა მაინცდამაინც არ გამოირჩევა ისეთი ქართული წიგნებით და ლიტერატურით, რომლებიც ასეთი ტიპის აკრძალულ ლიტერატურას განეკუთვნებოდა. ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბოლშევიკები კრძალავდნენ მენშევიკების დროს გამოცემულ მენშევიკურ ლიტერატურას...
ემზარ ჯგერენაია
საბჭოთა სისტემამ ვერაფერი მოუხერხა ე.წ. „სამიზდატს“, როცა ავტორები და მკითხველები მალულად, საბეჭდი მანქანებით კრეფდნენ და ავრცელებდნენ მთავლიტის მიერ აკრძალულ ტექსტებს, თუმცა, ემზარ ჯგერენაიას თქმით, საქართველოსა და რუსეთში არსებული ვითარება მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

„ქართული კულტურა მაინცდამაინც არ გამოირჩევა ისეთი ქართული წიგნებით და ლიტერატურით, რომლებიც ასეთი ტიპის აკრძალულ ლიტერატურას განეკუთვნებოდა. ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბოლშევიკები კრძალავდნენ მენშევიკების დროს გამოცემულ მენშევიკურ ლიტერატურას. ასევე მახსენდება ერთი-ორი სხვა ავტორი, მაგალითად, გრიგოლ რობაქიძე, რომელსაც აკრძალვა ჰქონდა დადებული და არ მოსწონდა ბოლშევიკურ მთავრობას, მაგრამ ის მაინცდამაინც არც დემოკრატიულ საზოგადოებას მოსწონს მისი რასობრივი გამონათქვამების გამო“, უთხრა რადიო თავისუფლებას ემზარ ჯგერენაიამ. მისივე აზრით, ზოგადად აკრძალვა არ არის საუკეთესო გზა შეუქმნა დაბრკოლება ლიტერატურას. თუ რამე არსებობს ისეთი, რაც საკამათოა, სააშკარაოზე უნდა გამოვიდეს; საზოგადოება, მკითხველის სახით, დისკუსიაში უნდა დარწმუნდეს, რა არის ცუდი და რა - კარგი. შესაბამისად, წიგნის ერთადერთი მტერიც მისივე შინაარსი უნდა იყოს. აკი კრიტიკაც იცნობს თეორიას, რომლის მიხედვითაც, წიგნს ქმნის მკითხველი: არ არსებობს წიგნი, ვიდრე მას არ წაიკითხავენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG