Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა მოითმინოს თუ არა ცოლმა ქმრისგან ძალადობა?


გამოქვეყნდა გაეროს ქალთა ფონდის გამოკვლევა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისადმი დამოკიდებულების კვლევა ჩაატარა. 1500 გამოკითხული რესპონდენტის პასუხებიდან ირკვევა, რომ მათი 34,6% ქმრის მიერ ცოლის ცემას ამართლებს, თუკი ის შვილებს ყურადღებას არ აქცევს, ქმარს ეჩხუბება, საჭმელს წვავს, უარს ამბობს ინტიმურ კავშირზე ან უნებართვოდ გადის სახლიდან. გამოკითხულთა შორის კვლავაც რჩება ისეთი 17%, ვინც მიიჩნევს, რომ ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს, თუმცა, გამოკვლევის თანახმად, გაზრდილია იმ ხალხის რიცხვი, ვისი აზრითაც, ოჯახში ძალადობა დანაშაულია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების კვლევისას საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტმა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში 18-დან 60 წლამდე ასაკის 1500 რესპონდენტი გამოკითხა, მათ შორის, 65,1% ქალი და 34,9% მამაკაცი. გამოკითხულთა 69% მიიჩნევს, რომ ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაულია, 25% კი ფიქრობს, რომ ეს ოჯახის საქმეა.

ეს 69% ოპტიმისტურად განაწყობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერს ირინა ჯაფარიძეს, რომლის თქმითაც, სულ რამდენიმე წლის წინ სურათი გაცილებით საგანგაშო იყო. ძალადობის დანაშაულად შეფასებას, მისი აზრით, ხელი შეუწყო ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციამაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლის დამატებით გამოიხატა, რომლის მიხედვითაც, ძალადობა ოჯახში ისჯება კანონით. თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი რჩება 34%-იანი მაჩვენებელი იმ ხალხისა, ვინც გარკვეულ შემთხვევებში ძალადობას მაინც დასაშვებად მიიჩნევს. ამას ისიც ემატება, ამბობს ირინა ჯაფარიძე, რომ ქალები ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებიან:

„ძალიან დაბალია მიმართვიანობის მაჩვენებელი. როგორც ჩანს, ქალებს კვლავაც ძალიან უჭირთ ხმის ამაღლება და იმის აღიარება, რომ ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამ მხრივ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“.

თუ შევადარებთ 2009 წლის გამოკვლევას, მაშინ ქალთა 78% მიიჩნევდა, რომ ოჯახში არსებული ძალადობა ოჯახის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა, - იხსენებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტი თამარ საბედაშვილი. გამოკვლევაში რამდენიმე სხვა საინტერესო ტენდენციაც გამოიკვეთა. მაგალითად, ის, რომ უმრავლესობა, ისევ 69%, მიიჩნევს, რომ ძალადობის შემთხვევაში, ქალი ქმარს უნდა გასცილდეს, 17% კი ცოლის მხრიდან მოთმინების მომხრეა. ძალადობის დროს პოლიციისათვის მიმართვას მეგობარს მხოლოდ გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი ურჩევდა, პოლიციისადმი მიუმართაობის მიზეზი კი სირცხვილი, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიში და ქმრისგან კიდევ უფრო დიდი ძალადობის მოლოდინით გამოწვეული დაუცველობის გრძნობაა.

31 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ბევრად ღიად ლაპარაკობენ ამ თემაზე, ვიდრე უფროსი ასაკის ხალხი, განსაკუთრებით კი 60 წელს გადაცილებული ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საერთოდ ადამიანმა პოლიციას არ უნდა მიმართოს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში...
ნანა სუმბაძე
ასევე: გამოკითხულთა 77,8%-ს ოჯახში ძალადობა ძალიან ან საკმაოდ ხშირ მოვლენად მიაჩნია, 9,6%-ს კი ეშინია, რომ ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა, მისი ახლობელი ადამიანი გახდეს.

საინტერესოა, რომ ძალადობა უფრო მეტად მიუღებელია ქალებისათვის, - 60,7%-ისთვის, - ვიდრე მამაკაცებისათვის - 48,4%.

გამოკვლევის ავტორი, სოციოლოგი ნანა სუმბაძე შენიშნავს, რომ ძალადობის საკითხზე ლაპარაკი განსაკუთრებით უჭირდათ სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო ვინც აზრს გამოთქვამდა, მათი უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ძალადობა ოჯახის საქმეა და ამის გამო პოლიციას არ უნდა მიმართო. კახეთში, პირიქით, ხალხი დაუფარავად ლაპარაკობდა ძალადობის ფაქტებზე. ხალხი ამ რეგიონში შესამჩნევად იყო ინფორმირებული:

„31 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ბევრად ღიად ლაპარაკობენ ამ თემაზე, ვიდრე უფროსი ასაკის ხალხი, განსაკუთრებით კი 60 წელს გადაცილებული ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საერთოდ ადამიანმა პოლიციას არ უნდა მიმართოს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. და კიდევ ერთი: უმაღლესი განათლების მქონე ხალხი ბევრად ადვილად აღიარებს ოჯახში ძალადობის ფაქტებს - მიიჩნევენ, რომ ეს კრიმინალური აქტია და მისი მოთმენა არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული“.

კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოების ძალადობრივი სახე ძალიან ხშირად ბევრ სფეროში იჩენს ხოლმე თავს. მისი აზრით, ის ძალადობა, რომელსაც ვხვდებით სახელმწიფოს მხრიდან, მაგალითად, ციხეებში, სწორედ იმის გამოხატულებაა, თუ საზოგადოებაში ქცევის რა წესებია მიღებული, მაგალითად, ის, რომ დიდი ნაწილი ძალადობას კვლავაც არ მიიჩნევს პრობლემად:

სურათი ნელ-ნელა იცვლება. მე კანონშემოქმედი ჯგუფის წევრიც ვიყავი და იმპლემენტაციის თვალსაზრისითაც ამდენი წელია ამ სფეროში ვმუშაობ. ილუზია მართლა არავის ჰქონია, რომ ყველაფერი ერთ ან ორ წელში რადიკალურად შეიცვლებოდა...
მარი მესხი
„სახელმწიფო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და ამის დასტურია თუნდაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია, მაგრამ პრობლემად რჩება ის, რომ სახელმწიფოს ამ პოლიტიკას ვერ ეწევა საზოგადოებრივი ცნობიერება“.
ბაია პატარაია ცალკე გამოყოფს ძალადობის მსხვერპლი ქალების მხრიდან პოლიციისადმი უნდობლობის საკითხს:

„განსაკუთრებით ასეთი კონტაქტისგან თავს იკავებს არა ცემის, არამედ, მაგალითად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ხშირად ეს ქალები ამბობენ, რომ პოლიციელებისგან ისინი არაადეკვატურ რეაქციას აწყდებიან და ხშირად ხელმეორედ აღმოჩნდებიან ხოლმე მსხვერპლის როლში. ცალკე პრობლემაა ის, რომ ქალები ოჯახებში არიან გამომწყვდეულები, თითქოს ესაა მათი ბედისწერა. და ისინი ვერსად მიდიან, რადგან ფინანსურად ქმრებზე არიან დამოკიდებულები“.

მარი მესხი უკვე რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდს. ის ლაპარაკობს ერთ ტენდენციაზე, რომლის თანახმად, ბოლო დროს შესამჩნევად მატულობს არა ძალადობის შემთხვევების რაოდენობა, არამედ მათი გამოვლენის რიცხვი. ისინი თავად მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს და ეს, მისი შეფასებით, უკვე დადებითი შედეგია:

„სურათი ნელ-ნელა იცვლება. მე კანონშემოქმედი ჯგუფის წევრიც ვიყავი და იმპლემენტაციის თვალსაზრისითაც ამდენი წელია ამ სფეროში ვმუშაობ. ილუზია მართლა არავის ჰქონია, რომ ყველაფერი ერთ ან ორ წელში რადიკალურად შეიცვლებოდა, მაგრამ თუ ბოლო ათ წელს ავიღებთ, ვითარება მაინც უკეთესობისკენაა შეცვლილი“.

მარი მესხის თქმით, დღეს ძალადობის მსხვერპლთათვის ორი თავშესაფარი არსებობს, თბილისსა და გორში, და თავშესაფრის გახსნა იგეგმება კახეთშიც:
„თბილისსა და გორში ადგილი თითქმის არასოდეს გვაქვს ხოლმე. თბილისში 17 ადგილიანი თავშესაფარია, გორში - 19 ადგილიანი. წელიწადში დაახლოებით ასზე მეტი ადამიანი სარგებლობს ხოლმე ამ თავშესაფრებით, მაგრამ ჩვენი სერვისი ხომ მხოლოდ ეს თავშესაფარი არ არის, უამრავი ადამიანი ცხელ ხაზზეც გვირეკავს და შესაბამის მომსახურებასაც იღებს“.

გაეროს ქალთა ფონდის წარმომადგენელი თამარ საბედაშვილი კი აცხადებს, რომ რაც მეტი რესურსი დაიხარჯება ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებში და ასევე შესაბამისი სახელმწიფო სერვისების შექმნაში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, მით მალე გაიზრდება ქვეყანაში ისეთი ხალხის რაოდენობა, ვინც ძალადობას გაუმართლებლად მიიჩნევს და მას დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG