Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ამნისტიის პროექტი


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ამნისტიის პროექტი, რომელიც ეძღვნება რუსეთის კონსტიტუციის მე-20 წლისთავს. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტი ძალაში შევა მიმდინარე კვირის ბოლომდე - მისი გამოქვეყნებისთანავე. ამნისტია შეეხება „გრინპისის“ გემ „არქტიკ სანრაიზის“ ეკიპაჟსა და პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრებს, ისევე როგორც 2012 წლის მაისში მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების ნაწილს. სათათბიროს წევრმა პაველ კრაშენინიკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა ვარაუდი, რამდენ პატიმარს შეეხება ამნისტია: „ჩვენი გამოცდილებით (უკვე 15-ზე მეტი ამნისტია გვაქვს ჩატარებული), ამნისტია გავრცელდება 12 ათასიდან 15 ათასამდე ადამიანზე. ესენი არიან ისინიც, ვინც ზის და ისინიც, ვის წინააღმდეგაც აღძრულია საქმეები და შესაძლებელია საქმის აღძვრა“, განაცხადა სათათბიროს წევრმა დღეს მესამე მოსმენით დამტკიცებულ ამნისტიასთან დაკავშირებით. ამნისტია არ შეეხება ყოფილ ოლიგარქს, მიხაილ ხოდორკოვსკის და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის. ზოგადად, პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება პირებს, ვინც მსჯავრდებულია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, არაძალადობრივი დანაშაულის გამო, ან ვისი მსგავსი კატეგორიის საქმეც ძიებაშია. ამნისტია ვრცელდება აგრეთვე არასრულწლოვნებზე, ინვალიდებზე, პენსიონერებზე, ორსულ ქალებსა და არასრულწლოვანი შვილების დედებზე. უფლებადამცველებმა და ოპოზიციამ ამნისტიის პროექტი გააკრიტიკეს, რადგან ის არასაკმარისად ფართოდ ჩათვალეს.
XS
SM
MD
LG