Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალმა თბილისს გადასცა საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯერაპოვი


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ თბილისს გადასცა საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ ჯერაპოვი, რომელიც ცხინვალში იხდიდა 13-წლიან სასჯელს. ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელს“ პოსტკონფლიქტური საკითხების მოგვარებაში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის აპარატიდან დღეს აცნობეს, რომ ჯერაპოვი ქართულ მხარეს 31 დეკემბერს სოფელ ერგნეთში გადასცეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ თეიმურაზ ჯერაპოვი დამნაშავედ 2010 წელს ცნო ხელისუფლების ძალით მიტაცებაში და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯერაპოვი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დევნილ დროებით ადმინისტრაციაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა, 2010 წლის გაზაფხლზე დააკავეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. თეიმურაზ ჯერაპოვის შეწყალების აქტს ხელი 31 დეკემბერს მოაწერა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა. მანამდე, 2013 წლის ზაფხულში ქართულმა მხარემ პატიმრობიდან გაათავისუფლა და ცხინვალს გადასცა მარეკ დუდაევი, რომელიც მკვლელობის და ყაჩაღობის მუხლებით 2005 წელს გაასამართლეს და 23-წლიან სასჯელს იხდიდა.
XS
SM
MD
LG