Accessibility links

ახალი ამბები

ერაყის უშიშროების ძალები ანბარში წარმატების შესახებ იუწყებიან

ერაყის უშიშროების ძალებმა და მათმა მოკავშირე სუნიტურმა ადგილობრივმა რაზმებმა ქალაქ ანბარის ზოგიერთი უბანი დაიბრუნეს ალ ყაიდის თანამებრძოლებთან დაპირისპირებაში ხუთშაბათს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, რომ რამადის სამხრეთის რაიონი, ალ-მალაბი, რომელიც მეამბოხეებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული, მთავრობის ჯარმა დაიბრუნა. მოკლულია 21 მებრძოლი. ბრძოლა მიმდინარეობს ფალუჯაშიც, ასევე აბუ ბალიში. ამ არეალების 85 პროცენტის ხელში ჩაგდების თაობაზე იტყობინებოდა გენერალი ჰამდ ალ-დულამი, რომელიც ერაყის მეოთხე პოლკის მეთაურია. გაერო, წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე დახმარებას უწევენ ამ რეგიონებიდან ლტოლვილებს. ბრძოლა ანბარში დაიწყო ორი კვირის წინ, როცა მეამბოხეებმა ფალუჯის და რამადის ნაწილები დაიპყრეს.

ყველა ახალი ამბავი

უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკრაინის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სამხრეთ კორეელი თანატოლები დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებების მსოფლიო ჩეპიონატის ფინალური მატჩი ლოძში გაიმართა. უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეტოქეს სძლია ანგარიშით 3:1.

კორეელები თავიდან 11 მეტრიანი საჯარიმოს დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებმა შემდგომ სამი გოლის გატანა შესძლეს. თავი გამოიჩინეს ვლადისლავ სუპრიაგამ, რომელმაც ორი გოლი გაიტანა ამ თამაშში და კიევის "დინამოს" მოთამაშემ, გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც მესამე გოლი შეუგდო კორეელებს.

უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასეთ წარმატებას პირველად მიაღწია.

დაღესტანში რეპორტიორს „საფინანსო ტერორიზმში“ დასდეს ბრალი

გაჯიევის მხარდამჭერთა პიკეტი 15 ივნისს, მაჰაჩყალაში

რუსეთის რესპუბლიკა დაღესტნის დამოუკიდებელი გაზეთის რეპორტიორს ბრალი დასდეს „საფინანსო ტერორიზმში“. მისი რედაქტორის თქმით, ბრალდება აბსურდულია.

აბდულმუმინ გაჯიევს ბრალად დასდეს ექსტრემისტული "ისლამური სახელმწიფოსთვის" თანხების შეგროვებაში დახმარების გაწევა. ამის თაობაზე ინფორმაცია 14 ივნისს გაავრცელა მისმა ადვოკატმა, არსენ შაბანოვმა.

მისი თქმით, გამომძიებლები ჟურნალისტის დაკითხვას ამზადებენ. გაჯიევი გაზეთ „ჩერნოვიკის“ თანამშრომელია. პოლიციამ გაჯიევის სახლი გაჩხრიკა და კომპიუტერები და მობილური ტელეფონები წაიღო. გაზეთის რედაქტორებმა განცხადება გაავრცელეს და ბრალდება უარყვეს, ისინი ამ საქმეს ადარებენ საგამოძიებო ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის საქმეს.

მაშველებმა სვანეთიდან მთაში ჩარჩენილი ოთხი ტურისტი ჩამოიყვანეს 

ტურისტები მთიდან ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 15 ივნისს მესტიაში, ხალდეს მთაში მეხანძრე-მაშველები დაეხმარნენ საფრთხეში ჩავარდნილ ერთი ფრანგ და სამ გერმანელ ტურისტს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუკის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოპერატიულ მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ტურისტები მთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაშავებული.

ადგილზე გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მეხანძრე-მაშველებმა დანარჩენი ტურისტებიც უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ.

ტაჯიკეთმა და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობის გაფართოების ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი

ტაჯიკეთმა და ჩინეთმა დუშანბეში გააფორმეს 18 ხელშეკრულება ორმხრივი ურთიერთობის გაფართოების მიზნით.

დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის პირველმა პირებმა 15 ივნისს, ჩინეთის ლიდერის, სი ძინ პინის ტაჯიკეთში ვიზიტისას, როცა ის შეხვდა მასპინძელს და კოლეგას, იმომალი რაჰმონს.

სი ძინ პინი ტაჯიკეთში ჩავიდა ორმხრივი მოლაპარაკებისა და აზიის ლიდერების სამიტზე დასასწრებად.

სხვათა შორის ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ტერორიზმთან ბრძოლის, ინვესტიციების, სოფლის მეურნეობის და ერთობლივი საწარმოების შექმნის შესახებ. ჩინეთის ელჩის, ლიუ ბინის თანახმად, ტაჯიკეთსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა მილიონ ნახევარ დოლარს აღწევდა 2018 წელს. მისი თქმით, ჩინეთი ტაჯიკეთის უდიდესი ინვესტორია და სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი.

უფრო ადრე სი ძინ პინმა მონაწილეობა მიიღო „აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ღონისძიებების თათბირის“ 28 ლიდერის სამიტში.

გიგი უგულავა: ამას არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან

გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს.

გიგი უგულავას აზრით, გუშინ გამოჩნდა საფრთხე, რომ ქართული ეკლესია რუსულს დაემსგავსოს, რომელიც ძალაუფლებისა და იდეოლოგიის მსახურია. გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ბატონი ლევან ვასაძე და ბატონი ფალავანდიშვილი ეკლესიით სპეკულირებენ".

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და ესენი წარმოადგენენ - მოძალადეები, ადამიანის შეურაცხმყოფელები, ადამიანის დამცინავები და ა.შ. მზად იყვნენ უმწეო ადამიანები გაეგლიჯათ. ამას არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან... ის, რასაც ვასაძე და მისი მეგობრები ქადაგებენ - ძალადობა, გაუტანლობა - პირდაპირ რუსული ნარატივია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის ამ ქვეყნის ბედი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ეკლესია რუსეთის ეკლესიას არ დაემსგავსოს..." - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ ასევე ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე. მისი აზრით, "სრულიად სამარცხვინო, ამაზრზენი და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება. მე ყველას პრეზიდენტი ვარ, მაგრამ... არავითარი მაგრამ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოძალადეს და მსხვერპლს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ეს კატასტროფული ნიშანია..."

გიგი უგალავა აცხადებს, რომ ლევან ვასაძის ადგილი, მისი განცხადებების გამო, წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო რაც ხდება, ამაზე პასუხისმგებელია ივანიშვილი, რომელმაც "ქვეყანა დაალპო":

"დღეს რაც წავიკითხე ლევან ვასაძის განცხადებები, იმ მუქარის გამო, მისი ადგილი წინასწარ პატიმრობაშია. ეს ხელისუფლება დავით ლორთქიფანიძის პიჯაკისთვის სამ ადამიანს იჭერს და ადამიანს, რომელიც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს, დამსახურებულ მოქალაქედ წარმოაჩენს. ეს ყველაფერი რაც ხდება, არის ივანიშვილის პასუხისმგებლობა. ეს ქვეყანა დაალპო ბიძინა ივანიშვილმა".

მოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ყველა ბოლო გადაწყვეტილება გააუქმა

მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მის მიერ მიღებული ბოლო ყველა, - პარლამენტის დაშლის, ახალი მთავრობის არალეგიტიმურად მიჩნევის და პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. მოსამართლეებმა ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ მათზე ადრე „ზეწოლა განხორციელდა“.

პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში ამით დასრულდა. ხელისუფლება პრეზიდენტ იგორ დოდონისა და მაია სანდუს მეთაურობით მოქმედი კოალიციური მთავრობის ხელშია. დემოკრატიულ პარტია, რომელსაც ვლადიმირ პლაჰოტნიუკი თავმჯდომარეობს, ხელისუფლებას ჩამოშორდა. თვითონ პლაჰოტნიუკი, მოლდოვის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც ოპოზიცია ძალაუფლების უზურპაციაში სდებს ბრალს, შვეიცარიაში წავიდა. სააგენტოები კიშიონივიდან იტყობინებიან, რომ რამდენიმე კერძო თვითმფრინავმა დატოვა ქალაქი და გაფრინდა სტამბოლის, ლონდონის, მოსკოვის და ოდესის მიმართულებით. ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის დაიწყოს პლაჰოტნიუკის სისხლის სამართლებრივი დევნა.

წინა დღით დემოკრატიულმა პარტიამ ოპოზიციაში გადასვლის შესახებ გამოაცხადა. მისმა მომხრეებმა სამთავრობო შენობის ბლოკადა მოაწყვეს.

კრიზისი მოლდოვაში დაიწყო მას მერე, რაც ყოფილი მეტოქეები, პროევროპული ბლოკი ACUM და დოდონის სოციალისტური პარტია, რომლებსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, შეთანხმდნენ და ჩამოაყალიბეს მმართველი კოალიცია, რათა ხელისუფლებიდან პლაჰოტნიუკის მომხრეები ჩამოეშორებინათ. მათ უარი თქვეს წასვლაზე და მხარდაჭერა მოიპოვეს საკონსტიტუციო სასამართლოსაგან. ორხელისუფლებიანობა რამდენიმე დღეს გაგრძელდა.

მიმომხილველები თვლიან, რომ კრიზისის მოგვარებას ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანმა პოზიციამ. ახალი მთავრობა აღიარეს აშშ-მა, ევროკავშირმა და ასევე, რუსეთმა. კაბინეტს განაგებს მაია სანდუ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მთავრობის პრიორიტეტი ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარებაა. პრემიერმა ასევე თქვა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობის განვითარებისთვის დიალოგის მომხრეა.

ტანკერებზე თავდასხმებამდე ირანმა აშშ-ის უპილოტო საფრენ აპარატს ესროლა

ომანის ყურეში ტანკერებზე 13 ივნისს განხორციელებულ თავდასხმებამდე ირანის სამხედროებმა ცაზე შენიშნეს აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატი და მას რაკეტა ესროლეს. ჭურვი მიზანს არ მოხვდა და წყალში ჩავარდა. ამის თაობაზე ტელეარხ „CNN“-ს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა მიაწოდა ცნობა.

უპილოტო აპარატის კამერებმა ფირზე აღბეჭდეს ტანკერებისკენ მიმავალი ირანის მოტორიანი ნავები, მაგრამ წყარომ ვერ დაადასტურა, აღნუსხა თუ არა დრონმა ტანკერებზე მაგნიტური ნაღმების მიმაგრება.

ეს პირველი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ აშშ-მა იცოდა ირანის მზადების შესახებ, მანამ, სანამ თავდასხმები მოხდებოდა, იუწყება „CNN“.

ამ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე იემენში მოქმედმა ჰუსიტებმა აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ირანს რაკეტით.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა განაცხადა, რომ იმაზე ვმუშაობთ, რათა ჩვენ შეიარაღებულ ძალებს რეგიონში ჰქონდეთ ყოველგვარი მატერიალური საშუალებები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რათა შეასრულონ მათ წინაშე არსებული ამოცანები. მისი თქმით, აშშ ცდილობს საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევას ტანკერებზე თავდასხმაში დამნაშავეებთან დაკავშირებით. აშშ თვლის, რომ დამნაშავე ირანია.

14 ივნისს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თითქმის სრულიადაა დარწმუნებული, რომ დივერსიის უკან ირანი დგას. აშშ-ის სხვა მოკავშირეები, მათ შორის გერმანია, თავშეკავებული არიან და აცხადებენ, რომ ირანის მონაწილეობა ამ საქმეში არაა დამტკიცებული. თეირანი ბრალდებებს უარყოფს.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა საკრებულოს შენობის აივნიდან პროდასავლური ბანერი გადმოფინეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, 15 ივნისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საკრებულოს შენობის აივნიდან გადმოფინეს ბანერი წარწერით - „NATO აქაურობას“ .

ცნობას ავრცელებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, რომელსაც მოჰყავს პარტიის წარმომადგენლის, თამარ კაკაბაძის სიტყვები, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, და სწორედ ამ მიზეზით გამოფინეს მათ დროშა აივნიდან.

„ევროპული საქართველოს“ აქცია „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად იმართება. კაკაბაძის თქმით, ,„პატრიოტთა ალიანსს“ აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამ უფლებით მისი პარტიაც სარგებლობს და არავითარ პროვოკაციას არ აქვს ადგილი.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „თავისუფლების მოედანზე“ მართავს აქციას.

პატიის ლიდერების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებმა დაინახონ, რომ ქართველი ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ამასთან, პარტიის ლიდერებმა აქციაზე სხვა საკითხებზეც, მათ შორის "სამართლიანობის აღდგენაზე" ილარპარაკეს.

თამარ ჩუგოშვილი: კონსტიტუციური მოთხოვნები სახელმწიფოსთვის არის ამოსავალი​

თამარ ჩუგოშვილი

"განსაკუთრებული აგრესია იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მათი ელჩების მიმართ. ეს მანიშნებელია, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს იმ აგრესიული ჯგუფების მიღმა, რომელიც გუშინ ვიხილეთ", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

„ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, არის ძალადობის წამახალისებელი. ეს ფაქტია და ჩანს. რაც შეეხება კონკრეტულად სამართლებრივ გადაცდომებს, არის თუ არა ნიშნები, ამას მე ვერ გეტყვით, ეს უნდა თქვას გამოძიებამ... რომც არ იყოს დანაშაულის ნიშნები შიგნით, ძალადობისკენ მოწოდება, ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი რამ არის", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან 14 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმუმი გააკეთა:

"ვფიქრობ, გუშინ ძალიან კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ... ზოგადად, სამწუხაროა იმის ყურება, რომ ასეთი დაპირისპირების საგანი ხდება ესა თუ ის თემა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ჯგუფს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს თავისი აზრი, მშვიდობიანად შეიკრიბოს. ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ უფლების რეალიზაცია მოახდინოს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვნია, რომ "თბილის პრაიდის" ორგანიზატორებს თანამშრომლობა ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

"როცა ასეთ თემებზეა საუბარი, სპონტანური მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ვხედავთ არსებობენ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში უსაფრთხოება, შემდგომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა შეაფასა "თბილის პრაიდის" შესახებ საპატრიარქოს განცხადებაც. მისი თქმით, "საპატრიარქოს თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს, განცხადებაც გააკეთეს და მათი მოსაზრება გასაგებია. თუმცა, რა მოწოდებაც არ უნდა გაჟღერდეს, კონსტიტუციური მოთხოვნები სახელმწიფოსთვის არის ამოსავალი".

გარდაიცვალა იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი

გარდაიცვალა კინოს, თეატრისა და ოპერის რეჟისორი ფრანკო ძეფირელი.

96 წლის იტალიელი რეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაუარესდა. ძეფირელი რომში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

განსაკუთრებით დაამახსოვრდათ კინოს მოყვარულებს ძეფირელის მიერ 1968 წელს გადაღებული „რომეო და ჯულიეტა“ ლეონარდ უაითინგის, ოლივია ჰასის მონაწილეობით და "იესო ნაზარეველი", რომელიც 1977 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ფრანკო ძეფირელი 90-იან წლებში ორჯერ გახდა იტალიის სენატის დეპუტატი.

14 ივნისის აქციის დროს დაკავებულ სამ პირს 1000-1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან 14 ივნისს გამართული აქციის მიმდინარეობისას დაკავებულ პირთაგან სამს 1000-1000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლის, ნანა ჯინჭარაძის სიტყვები, რომ ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც დაკავებულებს დაეკისრათ, არასამართლიანია.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაკავებულებიდან სამ პირს 1000-1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალი ასეთია, რომ პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა, გიორგი ხვედელიძემ, ეს უარყო და თქვა, რომ ასე არ ყოფილა. ის მოძღვართან მიახლოებას ცდილობდა და ამის საფუძველზე დააკავეს. ხვედელიძე 5 შვილის მამაა და ასე მარტივი არაა 1000 ლარის მოტანა", - განაცხადა ჯინჭარაძემ.

სასამართლო სხდომაზე 15 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე მსჯელებენ.

14 ივნისს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს. მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

როჰანი: ირანი ბირთვული შეთანხმების "ზოგიერთ ვალდებულებას" კვლავ ნაკლებად შეასრულებს

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანას კვლავ ნაკლებად დაიცავს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას, თუ დოკუმენტზე ხელის მომწერი სხვა ქვეყნები „დადებით სიგნალს“ არ გაუგზავნიან.

15 ივნისს აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტზე დუშანბეში როჰაინიმ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ „გადაწყვიტა, შეაჩეროს ზოგიერთი ვალდებულების შესრულება“, რომლებიც ბირთვული შეთანხმებით აქვს ნაკისრი. მას არ დაუზუსტებია, რომელ ვალდებულებებზეა ლაპარაკი, არც ის განუმარტავს, რა „დადებით სიგნალებს“ მოელის თეირანი.

ირანმა მაისში გამოაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის და ისლამური რესპუბლიკისთვის ახალი სანქციების დაწესების საპასუხოდ შეწყვეტს შეთანხმებით ნაკისრი ზოგიერთი პირობის შესრულებას. „ცხადია, რომ ირანს არ შეუძლია დაიცვას ეს ხელშეკრულება ცალმხრივად“, - განაცხადა როჰანიმ ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში „აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის ღონისძიებების თათბირის“ სამიტზე, რომლის მუშაობაში 27 ქვეყნის, მათ შორის,რუსეთის და ჩინეთის ლიდერები მონაწილეობენ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, ნაკლებად დაიცვას შეთანხმების პირობები, მიღებულ იქნა აშშ-თან დაპირისპირების და შეთანხმებიდან ტრამპის გასვლის, ასევე, მისი თქმით, „უკანონოდ უსაფუძვლო სანქციების დაწესების“ გამო, რომლებსაც სხვა ძალებმაც დაუჭირეს მხარი.

აშშ-ს სურს, გააფართოოს საერთაშორისო მხარდაჭერა ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს, გაიზარდოს საერთაშორისო მხარდაჭერა და შემუშავდეს გეგმა გაუთვალისწინებელ გარემოებებში ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმის შემდეგ.

თავდასხმებში აშშ ირანს ადანაშაულებს.

თუ ვითარებას შეხედავთ, ეს იყო ნორვეგიის გემი, იაპონიის გემი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, - მსოფლიოს ნავთობის 15 პროცენტი ჰორმოზის სრუტის გავლით გადაიზიდება, უთხრა შანაჰანმა ჟურნალისტებს 14 ივნისს. „ აშშ-ს სჭირდება უფრო ფართო (საერთაშორისო) მხარდაჭერა ამ საერთაშორისო ვითარებაში", დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 ივნისს ნორვეგიის და იაპონიის ტანკერებზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა და „ფოქს ნიუზს“ უთხრა, რომ ირანის დანაშაული მხილებულია და ისლამური რესპუბლიკის მიმართ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით გამოვიდა.

ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის დასკვნით, ირანია თავდასხმებისთვის პასუხისმგებელი. აშშ-ის არმიამ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც, არმიის შეფასებით, ირანის რევოლუციური გვარდიის საპატრულო გემის სამხედროები აუფეთქებელ ნაღმს ხსნიან ერთ-ერთი გემის გარე კედლიდან თავდასხმის შემდეგ.

ირანმა განაცხადა, რომ ვიდეო ჩანაწერი არაფერს ასაბუთებს.

სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას 14 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ავრცელებს განცხადებას 14 ივნისს ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენების შესახებ და მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებსა და მოწოდებებზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, გამოიკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.

ლომჯარიას განცხადებით, ადგილი ჰქონდა:

  • ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას;
  • ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას აქციის მონაწილეთა მიმართ;
  • სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას;

„სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით; მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება 14 ივნისს მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სასულიერო პირებმა, ​ ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.

ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

საქალაქო სასამართლოში გაიმართება კანცელარიასთან დაკავებულთა სასამართლო სხდომა

14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

სხდომაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გუშინ, 14 ივნისს, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს. მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება 14 ივნისს მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სასულიერო პირებმა, ​ ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.

ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

პრეზიდენტი 14 ივნისის აქციაზე: არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება

"მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მე ვარ ამავე დროს პრეზიდენტი იმ ადამიანების, რაც უნდა იყოს მათი რელიგიური მიმართულება, მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს, კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს. თუმცა, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ არ ეთანხმება დაპირისპირების პროვოცირებას არცერთი მხრიდან.

"თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან​. ამვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

14 ივნისს, ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სასულიერო პირებმა, ​ ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.

ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე. მათგან 7 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

ჰონგ-კონგში შეაჩერეს სადავო კანონპროექტის მიღების პროცედურა

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ მასობრივი გამოსვლების შემდეგ ოფიციალურად შეაჩერა სადავო კანონპროექტის მიღების პროცედურა. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ხელისუფლებას ქალაქის მცხოვრები მოქალაქეების კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის უფლება მიეცემა.

კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 12 ივნისს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. დაშავდა 81 პირი. ჰონგ-კონგის მმართველი, ჩინეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კერი ლამმა განაცხადა 15 ივნისს, რომ ადმინისტრაცია კონსულტაციებს გაივლის „საზოგადოების ყველა სეგმენტთან“, რათა მოისმინოს სხვადასხვა მოსაზრება ამ თემაზე. მან მიანიშნა, რომ მთლიანად გეგმაზე ხელის აღებას არ აპირებს, მაგრამ კონსულტაციების დასრულების კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია.

ჰონგ-კონგი ჩინეთის საგანგებო ადმინისტრაციული რაიონია, რომელსაც გარკვეულ სფეროებში ავტონომია აქვს მინიჭებული. ამ ეტაპზე ექსტრადიცია მხოლოდ ჩინეთის იურისდიქციაში ჰონგ-კონგის გადასვლამდე, 1997 წლამდე მიღებული შეთანხმების მიხედვით არის შესაძლებელი.

კანონპროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ ახალი კანონი შეიძლება აქტივისტების და უფლებადამცავების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. მომხრეები თვლიან, რომ მისი ამოცანა დანაშაულთან ბრძოლაა. ოპოზიცია არ აპირებს აქციების შეწყვეტას, რათა მთლიანად ააღებინოს ხელი მთავრობას ამ კანონპროექტის განხილვაზე.

ლევან ვასაძე და „ქართული მარში“ ლგბტ+ თემის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ

„ქუდზე კაცი“, - ასე ჰქვია ბიზნესმენ ლევან ვასაძის ვიდეო მიმართვას, რომელიც მან 15 ივნისს გაავრცელა სოციალურ ქსელში.

ლევან ვასაძე მომავალ კვირაში ლგბტქი თემის წინააღმდეგ მასშტაბურ აქციებს აანონსებს.

„არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ კორდონების ჩაყენების უფლებას. სადაც არ უნდა იყოს, კინოთეატრში, სკვერში, თუ ტყეში ყველგან მივაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას? ხვალ შევთანხმებით. როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს თავისი ფუნქციების შესრულებაზე, ხალხი, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს მონა, იღებს თავის ხელში წესრიგს.

„გეძახით, ხალხო მოდით და დაგვიდექით. ვერავის ავუკრძალავთ მოსვლას, მაგრამ იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა. ამიტომ, ქალბატონებს და ბავშვებს ვთხოვ, დარჩეთ სახლში. მე ვეძახი მამაკაცებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს, რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, ქურთებს, იეზიდებს - ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოში ერთად ცხოვრობს. ძმებო და დებო, ეს ჩვენი სამშობლოა. ის დაფუძნებულია ჩვენი და თქვენი კულტურების პატივისცემაზე. მაგ საფუძვლის მორღვევას ცდილობენ. ნუ დავუშვებთ ამას, - ამბობს ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში.

ლგბტქი თემის წინააღმდეგ სამომავლო ნაბიჯების დასაგეგმად იკრიბებიან ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარშის“ წევრები. 15 ივნისს, მოძრაობის ფეისბუკის გვერდზე მოწოდება გამოქვეყნდა: „ქართული მარში“ ჯერ არ ჩართულა პროცესებში!!! დღეს საგანგებო შეკრებაა ოფისში! ჩვენ ვანახებთ ქართველი ერის ძალას!“.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, ჯერჯერობით, ლევან ვასაძის მოწოდებასთან დაკავშირებით, უწყებაში კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.

ლევან ვასაძისა და „ქართული მარშის“ განცხადებები მოჰყვა 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.

ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

ლევან ვასაძის მიხედვით, საპატრიარქომ განცხადება სამღვდელოების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, დიპლომატები მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს უმცირესობების გამოხატვის უფლების პატივისცემას თხოვდნენ.

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, 14 ივნისს ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრებამდე, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სასულიერო პირებმა, ​ ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.

ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე. მათგან 7 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

ქედაში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

ქედაში, სოფელ გობრონეთში, გერმანელი ტურისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

15 ივნისს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის საუკეთესო ათეული დასახელდა. გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.

საუკეთესო ათეულში მოხვდნენ:

  • თამარ ადამია - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის 26-ე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
  • ხათუნა გოგალაძე - ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიისა და ბუნების მეტყველების მასწავლებელი
  • ლაურა გოტიაშვილი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ანის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ნათია კურტანიძე - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი
  • მაია მენაბდე - ბათუმის მესამე საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ქეთინო მერებაშვილი - სკოლა-ლიცეუმი „პრომეთეს“ გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ინგა მოსიძე - ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის პირველი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელი
  • სალომე ფურცხვანიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი;
  • მიხეილ ცქვიტაია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების და ამერიკისმცოდნეობის მასწავლებელი;
  • გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ჯილდო წელს მესამედ გაიცემა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

„თანასწორობის მოძრაობა“ თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ლგბტქი თემის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ აქვეყნებს განცხადებას და ეხმაურება „თბილისი პრაიდის“ გარშემო შექმნილ ვითარებას.

ორგანიზაცია მიმართავს როგორც თემის წევრებს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრიარქოსა და პოლიტიკურ პარტიებს.

„თანასწორობის მოძრაობა“ პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოძრაობის წევრები არ იღებენ მონაწილეობას 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილ პრაიდში.

მიმართვა თემის წევრებს

„თანასწორობის მოძრაობაში” კარგად გვაქვს გააზრებული ყველა ის შედეგი, რაც შესაძლოა თბილისის პრაიდსა და უშუალოდ “ღირსების მარშს” მოჰყვეს. ჩვენ ვხედავთ ძალადობისა და თავდასხმების გაზრდილ შემთხვევებს, რომელთა სამიზნეც ლგბტ+ თემის წევრები, განსაკუთრებით, კი ტრანსგენდერი ქალები, ხდებიან.

„თანასწორობის მოძრაობა” პრაიდის კვირეულის განმავლობაში გააგრძელებს სერვისების მიწოდებას და მოუწოდებს თემის წევრებს საფრთხის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ პოლიციასა და ორგანიზაციას. თუმცაღა, ჩვენ კარგად ვიაზრებთ ჩვენი რესურსების სიმწირეს და ვაცხადებთ, რომ თავდასხმების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, ჩვენი რესურსები ვერ გაწვდეს ყველა შემთხვევას, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდნენ თემის წევრები. აქედან გამომდინარე, გვსურს, მივმართოთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდოთ იმ საფრთხეებისა და რისკების გაანალიზებისკენ, რომლის წინაშეც შესაძლოა პრაიდის კვირეულისა და მის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდნენ“.

მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს

„თანასწორობის მოძრაობას” მნიშვნელოვნად მიაჩნია ყურადღების გამახვილება “ღირსების მარშის” გარშემო არსებული უსაფრთხოების საკითხებზე. უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაიცვას ყველა ადამიანისა თუ სოციალური ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება. ლგბტ+ თემი წლებია ვერ სარგებლობს საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი ვერ დაიცავენ “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოებას, მხოლოდ და მხოლოდ ამწვავებს ამ ფაქტს.

“თანასწორობის მოძრაობა” თემის წევრების მიმართ გაზრდილი ძალადობის შემთხვევებიდან გამომდინარე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს ვალდებულება და დაიცვას ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამასთან, უზრუნველყოს თემის წევრების მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.

მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში და პროაქტიურად იმუშაოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური დამოკიდებულებების წინააღმდეგ, რათა ლგბტ+ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებები შეიცვალოს“.

მიმართვა საქართველოს საპატრიარქოს

„გვსურს გამოვეხმაუროთ მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებას, რომელშიც ის ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება.

მიგვაჩნია, რომ ეკლესიის პოზიცია აღვივებს საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განწყობებს და ხელს უწყობს ძალადობასა და თავდასხმების ზრდას თემის წევრების მიმართ. მოვუწოდებთ, საპატრიარქოს შეწყვიტოს ლგბტ+ თემის წევრების დევნისა და სიძულვილის პროპაგანდა“.

მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს

„წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გამოუცხადებია ლგბტ+ თემის უფლებები პრიორიტეტულად და არ უზრუნია ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩაგვრის წინააღმდეგ სისტემური და მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებაზე. გარდა ამისა, თემის უფლებები განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამუდმებით ხდება მანიპულაციისა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური სენტიმენტების გაღვივების ხარჯზე პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭის საგანი.

დაბოლოს, ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პარტიას არ გაუტარებია სისტემური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების აღმოცენებისა და განვითარების შესაჩერებლად.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გვსურს მივმართოთ პოლიტიკურ პარტიებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ შეწყვიტონ ლგბტ+ თემის უფლებებით მანიპულირება, თემის სახელით საუბარი და პრაქტიკაში განახორციელონ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქტები ქვიარ ადამიანების მიმართ“, - ნათქვამია "თანასწორობის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

სლოვენია ევროკავშირის სივრცეში მეთოთხმეტე ქვეყანაა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს გააჩნია.

„სლოვენიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.

სლოვენიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს,” - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტეინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიასა, ჩეხეთს და კვიპროსს.

კონტრაქციაზე დაკავებული 28 პირიდან 7 დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება

14 ივნისს, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული კონტრაქციის 28 მონაწილიდან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. 21-მა პირმა პოლიციის განყოფილება გვიან ღამით, ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

14 ივნისს, ლგბტქი თემის წევრებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

ლგბტქი თემისა და მათი მხარდამჭერების შეკრების პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ სასულიერო პირები,​ ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი; ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

შსს: მიუღებელია, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობა და ძალადობის მუქარა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მიუთითებს, რომ უწყებისთვის მიუღებელია, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობა და ძალადობის მუქარა.

განცხადების თანახმად, სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეომასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება:

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

14 ივნისს, სამართალდამცავებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს კონტრაქციის 28 მონაწილე. მათგან 7 პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

კონტრაქციის მონაწილეები 14 ივნისს, რამდენიმე საათის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ კანცელარიასთან შეკრებილ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. ამასთანავე, პერიოდულად ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია გმობს კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ ქმედებებს

საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის გამოეხმაურა 14 ივნისს კანცელარიასთან გამართული აქციისას ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს:

როგორც მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებით ირკვევა, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მუშაობაში ხელს უშლიან და ემუქრებიან ჟურნალისტებს, რომლებიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

ინციდენტები შეემთხვათ გამოცემების: ნეტგაზეთის, ლიბერალის, რადიო თავისუფლების, აჭარის ტელევიზიის, TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს.

“ნეტგაზეთის” ცნობით, ჰომოფობიური აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს, გიორგი დიასამიძეს და ძირს დააგდო. გიორგი დიასამიძის თქმით, ამ პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.

„დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?“… „შენ დამახსოვრებული მყავხარ“, - ამ სიტყვებით ემუქრებოდნენ კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილეები “ლიბერალის” რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილსა და გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტს. გამოცემის ცნობით, ინციდენტის შემდეგ პოლიციამ აქციის ეს მონაწილე დააკავა.

“რა სულელი ყოფილხარ” - ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძეს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ მივიდნენ აქციაზე, რადგან მათ მისვლას დაპირისპირება მოჰყვა.

კონტრაქციის მონაწილეებმა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას, სამართალდამცველებმა კი მას დაცვის ნაცვლად ტერიტორიის დატოვება ურჩიეს: “ხომ ხედავთ, ყველაფერი აღიზიანებთ [იგულისხმება კონტრაქციის მონაწილეები]”.

ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, როდესაც ის აქციას აშუქებდა. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ კონტრაქციის მონაწილეები “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფსაც.

მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და მოქალაქეების აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა საპატრიარქოს წერილი, რომლითაც მან ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვას თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება. აქციის მონაწილეების მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს. აქციის დაწყებიდან ამ დრომდე ჟურნალისტებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყოს, რომ მედიის წარმომადგენლებმა პროფესიული მოვალეობა დაუბრკოლებლად შეასრულონ. ასევე, ქარტია მოითხოვს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG