Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან


ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე დღეს თბილისში გაიმართა კომიტეტის თავმჯდომარის, კნუდ ბარტელსის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ ნატოს მადლობა გადაუხადა სამხედრო რეფორმების ხელშეწყობისა და დახმარებისთვის, რომელიც მოჰყვა ქართული მხარის ინიციატივას თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შესახებ. „ეს სწორედ ის რეფორმებია, რომელთა გაზიარებასაც ნატო დღეს უკვე სხვა ქვეყნებისთვის გვიწევს,“ განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2015 წელს საქართველო გახდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე შერჩეულია სპონსორი სახელმწიფოც - აშშ. „ეს ნიშნავს, რომ სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და ნდობა და სწორედ ეს არის ჩვენი ურთიერთობების მომავალი,“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალმა ბარტელსმა მნიშვნელოვანი უწოდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მონაწილეობას. „ის ფაქტი, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში მსახურობენ და ნატოს მოკავშირეებთან ერთად ასრულებენ მისიას, გვიჩვენებს, რომ ისინი სრულად ინტეგრირებული არიან ISAF-ის ძალებთან,” განაცხადა კნუდ ბარტელსმა. მისი შეფასებით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ნატოსთან თავსებადობის დონე საკმაოდ მაღალია. სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია წარმატებით მიმდინარეობს. „მინდა ყურადღება გავამახვილო პოლიტიკურ დინამიკაზე გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხითაც. ამ ორ მიმართულებას, რომლებიც მნიშვნელოვნად ვითარდება, ალიანსი მაღალ შეფასებას აძლევს,” განაცხადა კნუდ ბარტელსმა.
XS
SM
MD
LG