Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აქვთ საერთო ორი განსხვავებული ეპოქისა და მისიის ქართველ ჯარისკაცებს?


ნუგზარ კახნიაური (პირველ რიგში მარცხნიდან მესამე) სხვა ჯარისკაცებთან ერთად
ნუგზარ კახნიაური (პირველ რიგში მარცხნიდან მესამე) სხვა ჯარისკაცებთან ერთად
1989 წლის 12 თებერვალს, როდესაც საბჭოთა არმიის 101-ე მოტომსროლელ პოლკთან ერთად ავღანეთის მიწას ერთ-ერთი ბოლო ტოვებდა, რიგითმა კობა ჩოხელმა ერთბაშად გააცნობიერა, თუ რამდენად ეზიზღებოდა თურმე ავღანელ ხალხს კრემლის მიერ ნაქები ინტერნაციონალური მისია, როგორ ატყუებდა თურმე საბჭოთა პროპაგანდა იმ ათასობით ახალგაზრდას, რომლებიც ავღანეთის ხალხის „ნათელი მომავლის“ მშენებლობას ეწირებოდნენ.

„ავღანელები გვაცილებდნენ სრული სიძულვილით, ასე რომ ვთქვათ. კარტოფილებს, დამპალ კარტოფილებსაც კი გვესროდნენ. არ ვუყვარდით, მოკლედ რომ ვთქვათ. ძალიან ისეთი გაცილება მოგვიწყვეს... უკვე მანქანებზე რომ დავსხედით და გამოვდიოდით, მთელი ამ ტრასის გასწვრივ ბავშვები, ქალები... შეძახილებით ყოველგვარით... მოკლედ, ერთი სული ჰქონდათ, როდის გავიდოდით. როგორც კი ქალაქებს დატოვებდა ქართული არმია, ეგრევე იკავებდნენ მათ თალიბები და არც არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ“.

ათწლიანი ინტერვენციის შემდეგ, საბჭოთა ჯარის ნაწილებმა ავღანეთი 1989 წლის 15 თებერვალს მთლიანად დატოვეს. ე.წ. ინტერნაციონალური მისიის შესრულების დროს ავღანელ მოჯაჰედებთან ბრძოლაში 14 ათასამდე საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა. ავღანეთის პრომოსკოვური ხელისუფლების დასახმარებლად დიდი მსხვერპლი გაიღო იმ დროს საბჭოთა შემადგენლობაში მყოფმა საქართველომ, რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ მხრივაც ცდილობდა დაემტკიცებინა საბჭოთა ლიდერებისათვის თავისი ერთგულება.

„როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში ცხრა წელიწადი და ერთ თვე მიმდინარეობდა მაშინ ეს ბრძოლები და მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო 5 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა და ოფიცერმა. სამწუხაროდ, აქედან ოფიციალურად დაღუპულად ითვლება 128 კაცი, 7 გვეთვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად... 1990 თუ 1991 წელს არჩილ კოპაძე გათავისუფლდა და ჩამოვიდა საქართველოში და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. დაახლოებით 600 კაცამდე იყო მათ შორის დაჭრილი“, - ამბობს ნუგზარ კახნიაური, ავღანეთის ომის მონაწილე და „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ თავმჯდომარე.

ასეთი კავშირები საბჭოთა პერიოდში ცენტრალიზებულად იქმნებოდა ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში და მაშინდელი ხელისუფლების საყრდენად ითვლებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირს“ არ გასჭირვებია ეროვნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვითარება დაიძაბა, ავღანეთგამოვლილი ვეტერანები საქართველოს ხელისუფლებამ მილიციის დასახმარებლად გაგზავნა, 1992-1993 წლებში კი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ მებრძოლები ბოლო წუთებამდე იცავდნენ სოხუმში ალყაშემორტყმულ მინისტრთა საბჭოს და მის თავმჯდომარეს ჟიული შარტავას:

„აფხაზეთის ომის დროს სოფელ შრომასთან გვქონდა დანაკლისი, თვითონ სოხუმში სატელევიზიო ანძასთანაც. საკმაოდ დიდი დანაკლისი განვიცადეთ, როდესაც ბატონ ჟიული შარტავასთან ერთად ავღანელთა ბატალიონის 28 კაცი დახვრიტეს. მოგეხსენებათ, მაშინ თავად ბატონი ჟიული ცოცხლად ჩაბარდა და ამ შემთხვევაში ბატონ ჟიულის ჩვენი ბატალიონის ერთ-ერთი ნაწილი - 30 კაცი - იცავდა და მისი ბრძანებით მოხდა იარაღის ჩაბარება. იყო მოლაპარაკება, რომ ცოცხლად გაუშვებდნენ ყველას, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ბატონი ჟიულისა და მასთან ერთად ჩვენი 28 მებრძოლის დახვრეტა“.

ქართველი ავღანელები მხოლოდ იარაღით როდი იცავდნენ საქართველოს ინტერესებს. 2001 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს კონტროლიდან გასულ და კრიმინალურ ანკლავად გადაქცეულ პანკისის ხეობაში ოპერატიულ-სამძებრო ოპერაციების ჩატარება ედუარდ შევარდნაძის მთავრობას სწორედ ავღანეთის ვეტერანთა უვადო საპროტესტო აქციამ გადააწყვეტინა.

თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომელსაც მოსავლელად ბევრი ვეტერანი დაუგროვდა ცხინვალის, აფხაზეთისა თუ ქართულ-ოსური ომების გამო, ნაკლებად აღელვებდა საბჭოთა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ სხვა ომების ვეტერანთა ბედი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 43 წლისაა, დღემდე უმუშევარია რუსთაველი კობა ჩოხელი, რომელიც სამხედრო ვეტერანის მწირი დახმარების ამარადაა დარჩენილი:

„ახლა დროებით უმუშევარი ვარ, არაფერს ვაკეთებ. ძალიან მინდა, რომ რამე გავაკეთო, მაგრამ არ არის მოთხოვნილება ჩემზე და არც საშუალება, რომ მე თვითონ რამე გავაკეთო. რა ვიცი...“

ერთადერთი ადგილი, სადაც კობა ჩოხელი და ავღანეთგამოვლილი სხვა ვეტერანები ხშირად იკრიბებიან, მათ მიერვე დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, სადაც ცდილობენ დაეხმარონ ერთმანეთს, შეიმუშაონ დასაქმების თუ საქველმოქმედო პროექტები, მოიზიდონ გრანტები ხელისუფლებისა თუ კერძო პირებისაგან. როგორც ნუგზარ კახნიაური ამბობს, „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირი“ მუშაობს იმაზე, რომ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახებისთვის დაწესებული ერთჯერადი კომპენსაცია 25 წლის წინ ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებზე გავრცელდეს:

„ძალიან დიდი მადლობლები ვართ ახალი ხელისუფლებისა, რომ ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებს დაუნიშნეს მაღალი პენსიები. ყველა დაღუპულის ოჯახს ეძლევა ახლა პენსია და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას და ვმუშაობთ ახლა ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან, რომ იქნებ ავღანეთში დაღუპულ 128 ოჯახსაც მიეცეს ის პრემია, რაც ეძლევათ ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულებს. არ აქვს მნიშვნელობა ჯარისკაცმა სად იბრძოლა. ჯარისკაცი ყველგან იბრძვის სამშობლოს გულისათვის, თუკი ის არ არის დაქირავებული და როცა ის სამშობლოდან არის გაგზავნილი სამხედრო სავალდებულო სამსახურში“.

როგორც ნუგზარ კახნიაური ამბობს, ორი განსხვავებული ეპოქისა და მისიის ქართველ ჯარისკაცებს შორის პოლიტიკური კატაკლიზმებით გაჩენილ ნაპრალებს დრო ნელ-ნელა ავსებს. როგორი განსხვავებულიც უნდა იყოს მათი საპენსიო თუ ჯანდაცვის პაკეტი, როგორი არაერთგვაროვანიც უნდა იყოს მათდამი მთავრობისა და საზოგადოების დამოკიდებულება, არის ერთი რამ, რაც ორი თაობის ავღანეთის ომის მონაწილეებს აერთიანებთ - ეს არის საქართველო, მათი სამშობლო. და ყოველ 15 თებერვალსაც საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან სწორედ იმის ხაზგასასმელად იკრიბებიან ავღანეთის ომის ვეტერანები, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში ავღანეთში ისინიც საქართველოსათვის იბრძოდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG