უკრაინის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი არბუზოვი უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს "ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობად" აფასებს. ამის თაობაზე არბუზოვმა კომენტარი გააკეთა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას: „ეს არც დემოკრატიის დემონსტრირებაა და არც პოლიტიკური აქცია. ეს ხალხის განწყობით მანიპულაცია და ძალის გამოყენების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაა. ასეთი მეთოდებით ვერცერთ ქვეყანაში ვერ გადაიჭრება კონფლიქტი. მათ მხოლოდ უბედურების მოტანა შეუძლიათ.“ უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ შეტაკებების დროს დაღუპულ და დაშავებულ პოლიციელთა ოფიცალური სტატისტიკა გააცნო. „სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა 370-ზე მეტ პოლიციელს. ჰოსპიტალიზებულია შინაგანი ჯარებისა და პოლიციის 350 მოსამსახურე. 74 -ს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა. დაღუპულია 9 პოლიციელი,“ განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა. დღესვე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პავლო ლებედევმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია სადესანტო ბატალიონის კიევში გადასროლის თაობაზე. თუმცა, თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 500-კაციანი სადესანტო ბატალიონი დნეპროპეტროვსკიდან კიევში განლაგებული სამხედრო ნაწილებისა და იარაღისა საწყობების დასაცავად გაგზავნეს და არა მომიტინგეთა დასარბევად.
ყველაზე პოპულარული
1