Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამასა და ღარიბაშვილის შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმა


აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოში ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაცემის წარმატებით დასრულება მიულოცეს - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გაავრცელა პრეზიდენტ ბარაკ ობამას, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, განაგრძოს მუშაობა ქვეყნის ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისათვის. ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს სამაგალითო მეგობრობისა და საიმედო პარტნიორობისათვის, რაც აშშ-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული და გლობალური პრიორიტეტების მხარდაჭერით გამოიხატება. პრეზიდენტმა ობამამ გამოთქვა შეერთებული შტატების დიდი მადლიერება ავღანეთის მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისათვის და პატივი მიაგო ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მსხვერპლს. თეთრი სახლის ცნობითვე, აშშ-ის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების, მათ შორის სავაჭრო-საინვესტიციო კავშირების განვითარების შესაძლებლობა. „პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ დაარწმუნეს პრემიერ-მინისტრი, რომ შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და დაპირდნენ, რომ აშშ განაგრძობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის რეფორმებში საქართველოს მთავრობის დახმარებას” - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG