Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკა, როგორც მომავლის კაპიტალი


ავტორი: ნინო ბარნაბიშვილი

"ყველა ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება"
(მუხლი 15. "ადამიანის უფლებათა
საყოველთაო დეკლარაცია")

''რაც ჩვენ არ გვკლავს გვაძლიერებს'' XIX საუკუნეში, ყველა დროის უდიდესმა გერმანელმა მოაზროვნემ ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშემ თითოეული ჩვენგანი ამ ერთი მარტივი,მაგრამ გენიალური ფრაზით გაგვამხნევა. ამ აზრის ინტერპრეტირება ბევრი ფორმით შეიძლება, იმდენნაირად რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე და თუნდაც, რამდენსაც უცხოვრია, მაგრამ საბოლოო ჯამში მოწოდების ადრესატი ნებისმიერი ჩვენგანი და მათგანი ვართ. გაჭირვების, ცხოვრებისეული სირთულის თუ უბრალოდ ყოფიერებაში გამაღიზინებლად შემოჭრილ რიგით პრობლემებზე ფიქრისას ნაკლებად გვახსენდება ნიცშე თავისი ფრაზებით, საზოგადოება თავისი მკაცრი მორალურ-სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებით თუ ნებისმიერი ადამიანური შემეცნებისა თუ მოღვაწეობის "პროდუქტი",მაგრამ თავის მხრივ განცდა იმისა, რომ ვიღაც მანამდე შენს მსგავს მდგომარეობაში ყოფილა, რაღაც დასჭირვებია თუ გასჭირვებია და ეს ეტაპი გაუვლია, მაინც "მიწაზე მყარად დგომის შეგრძნებას" და ოპტიმიზმის საფუძველს გაძლევს. რა იქნება ადამიანისთვის სწორი ორიენტირის მიმცემი და "გამამხნევებელი" მაინც ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ შეიძლება უნივერსალური და ზოგადი დახმარების სისტემების ფორმირება,რაც ინდივიდების წარმომადგენლის-სახელმწიფოსათვის შესაძლებელია.
წარმოვიდგინოთ ისეთი საზოგადოების ტიპი,რომელიც მუდმივად "მოთუხთუხე ქვაბს" ჰგავს, არის გარდაქმნის, საბოლოო პროდუქტის მომზადების გზაზე და მასში შემავალი ინგრედიენტები ნელ-ნელა იცვლებიან,რათა საბოლოოდ თავანთი ფორმა მიიღონ, მაგრამ ამასთანავე იყვნენ ერთიანი გემოს ნაწილნი. მოთუხთუხე ქვაბად თავად ქვეყანა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ,ხოლო ინგრედიენტებად სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, რომელთა მდგომარეობა და ფორმაცვალება საბოლოოდ ქვეყნის სახეს ქმნის!სწორედ ასეთი მოდელია საქართველოც, რომელმაც XXI საუკუნის თანამედროვე საზოგადოებების ფონზე, ისე წარმოაჩინა სახე, როგორც განსაკუთრებული სოციალური ძვრებისა და გარდაქმნების საჭიროების ქვეყანამ და რომელშიც სოციალური ჯგუფებისა და მასში შემავალი ინდივიდების უფლებები და მოვალეობები უფრო ფართო დეკლარირებას და ინტერაქციის განსაკუთრებულ ფორმებს საჭიროებს.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია არასრულწლოვანი პატიმრების ჯგუფი, რომლის პრობლემებიც, მგრძნობელობისა თუ საზოგადოებრივი ინტერესის მეტად სპეციფიური და ნაკლებად ინტენსიური ხასიათისაა. არსებობს მთელი რიგი შეკითხვები,რომლებზეც მწირად ინფორმირებული პასუხების მთელი კატეგორიები არსებობს და ძირითადად, ეფუძნება იმ სტიგმასა და სტერეოტიპებს, რომლებიც საზოგადოებაში, ზოგადად მარგინალური ჯგუფებისადმი ფობიური და აგრესიული დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. სწორედ იმიტომ, რომ სამართლებრივი დანაშაული ასე მკაცრად "იდენტიფიცირებული" და "მიღებულია" ჩვენთან, გვაფიქრებინებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ბევრად უფრო სპეციფიურ ინტერესს იმსახურებს, ვინემ ზოგადად მართლმსაჯულება და ამ სფეროში არსებული ზოგადი მიმართულებები. იმ მიზეზის დამატებით,რომ საქმე ეხება არასრულწლოვნებს, ბავშვებს რომელთა ზრდისა და განვითარების პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაუყოვნებლივ საჭირობს გარემო მხარდაჭერას.
საბედნიეროდ, დღეისათვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკა და რეფორმის სტრატეგია ქვეყანაში არსებობს. უახლესი ისტორიის მანძილზე,ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან, რომელმაც ქვეყნის სოციალურ კაპიტალს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, გადავედით შედარებით ლიბერალური სამართლებრივი სისტემის რეალობაში, სადაც არასრულწლოვანი მსჯავდებულები, გათვალისწინებულ იქნენ როგორც სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გამორჩეული სუბიექტები. სახელმწიფო დონეზე შეიქმნა ორი უმნიშვნელოვანესი უწყება "პრობაციის ეროვნული სააგენტო" და "დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების განვითარების ცენტრი" თავისი მრავალფეროვანი სახელმწიფო სოციალური მომსახურებების სპექტრით. პირველი მათგანი, 2010 წლიდან მედიასთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დღემდე მუშაობს "განრიდებისა და მედიაციის" პროგრამაზე, რომლის უმთავრესი მიზანია: არასრულწლოვანი საზოგადოებას დაუბრუნდეს,როგორც სრულყოფილი მოქალაქე (ძირითადი სამუშაო მიმართულება კი მისი რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარეობს, დანაშაულის სანაცვლოდ- საზოგადოებისა და დაზარალებულისთვის სასარგებლო საქმის კეთება). ხოლო "დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების განვითარების ცენტრი", როგორც სრულწლოვან ისე არასრულწლოვან მსჯავდებულებს სთავაზობს სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მომსახურებას, ტენინგ კურსებს,რეაბილიტაციის,ხელობისა და პროფესიის დაუფლების ხელშეწყობას და სხვა სერვისებს. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა, რა საფუძველი აერთიანებთ ამ პროგრამებს, რა მიზანს ემსახურებიან,რამდენად მიაღწიეს ამ დრომდე იმ შედეგებს რისი მოლოდინიც არსებობდა...ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში, ეფექტურობაზე მსჯელობის საფუძველს იძლევა და შემდგომი პროგრესის დასაბამია. საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა, როგორც არასრულწლოვანის ისე საზოგადოების ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა, საზოგადოების კეთილდღეობა, პროგრესისა და განვითარების ხელშეწყობა არცისე ცოტა მიზეზია იმისათვის,რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის სიჯანსაღისა და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის, მხარი დავუჭიროთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას საქართველოში.სხვა თუ არაფერი, თავად ეს ადამიანებიც დაიჯერებენ, რომ "რაც არ კლავთ აძლიერებთ".ჩვენი პოზიტიური დამოკიდებულება კი მოტივაცია იქნება მათთვის, იცოდნენ კანონები,მაგრამ ხელახლა აღარასოდეს გახდნენ მათი განსჯისა თუ დასჯის ობიექტნი.

აღნიშნული ჩანაწერი,მომზდებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG