Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის აგრესიის მომლოდინე საქართველოს ევროკავშირი გვერდში დგომას ჰპირდება


მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მთელი ყურადღება ამ ბოლო ხანებში მიპყრობილია უკრაინისკენ, რომელიც რუსეთის აგრესიის მორიგი სამიზნეა, უყურადღებოდ არც საქართველო რჩება, რომელსაც წინასწარ უწევს მოსალოდნელ გამოწვევებზე ფიქრი. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებს თბილისი დასავლელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს. კონკრეტულად რა და როდის არის მოსალოდნელი?

საერთაშორისო თანამეგობრობა სადამსჯელო სანქციებზე ფიქრობს და, თუკი რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას, ვაშინგტონი რუსეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას უწინასწარმეტყველებს, ხოლო ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს უფრო კონკრეტულად იმსჯელებენ, თუ რა მოუხერხონ რუსეთს უკრაინასთან მიმართებით. ევროპისთვის ცხადია, რომ რუსეთი თვალსა და ხელს შუა უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და ყველაფერი თავისუფალი ხალხის თავისუფალ არჩევანთან ბრძოლით არის განპირობებული.

ეს რომ ასეა, 4 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შტეფან ფიულემაც აღნიშნა, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, რომელიც თბილისს ძირითადად ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული აქცენტების განსახილველად ესტუმრა. ეს სწორედ ის დოკუმენტია, რომლის ხელმოწერაზეც გასული წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტამდე სულ ცოტა ხნით ადრე, უარი თქვა აწ უკვე გადაყენებულმა და განდევნილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. ანუ მან გადადგა კრემლისთვის სასურველი ნაბიჯი, რასაც სისხლისმღვრელი პროცესები და შემდეგ უკვე რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაცია მოჰყვა.

შტეფან ფიულე
შტეფან ფიულე
შტეფან ფიულე დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასე იოლად არ შეჩერდება და რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ კიდევ ორ ქვეყანას, - საქართველოსა და მოლდავეთს, - რომლებიც მტკიცედ და წარმატებით მიიწევენ ევროკავშირისკენ, მეტი დახმარება ესაჭიროება. ევროკომისარი სწორედ ასეთ დახმარებაზე ლაპარაკობს:

„ჩვენ წინაშე არსებული ამოცანები და გამოწვევები იოლი არ არის. ძალიან კარგად მოგვეხსენება, რა წნეხი განხორციელდა უკრაინაზე იმის გამო, რომ მან გამოხატა მზადყოფნა, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის. ვიცით, რომ ეს წნეხი ხორციელდება აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა წევრებზეც. ევროკავშირი მტკიცედ იდგება საქართველოს გვერდით, თუ მასზე რაიმე სახის ზეწოლა მოხდა“.

უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველო რუსეთის მხრიდან ”ზეწოლის გაძლიერებას” რომ მოელის, ამის შესახებ 4 მარტს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც ილაპარაკა. ამის ნათელ დასტურად ის ასახელებს იმ ფაქტს, რომ სოჭის ოლიმპიადის დასრულების მეორე დღესვე რუსეთმა განაახლა მავთულხლართების გავლების პროცესი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. თუმცა რას შეიძლება მოელოდეს ევროპისკენ აქტიურად მავალი საქართველო რუსეთისგან, მინისტრის თქმით, ეს უფრო უკეთ მომავალ კვირაში გამოჩნდება:

მას შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს: მისი შეიარაღებული ძალები და ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე დგანან - ეს არის პოლიტიკაზე ზეგავლენის ერთ-ერთი მთავარი უხეში ინსტრუმენტი; ის ფაქტი, რომ რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს...
ლევან ცუცქირიძე
”14 მარტს გაიმართება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის კიდევ ერთი შეხვედრა, რომლის შემდეგაც, მე იმედი მაქვს, ჩვენ უკეთ გავერკვევით, თუ რას შეიძლება ველოდეთ ამ ეტაპზე - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე - რუსეთისგან. ჩვენ გვაქვს, რასაკვირველია, ევროკავშირის და ჩვენი მეგობრების დახმარების იმედი, რომ ისინი თავს აგვარიდებენ იმ საფთხეებს, რომელთა წინაშეც დადგა უკრაინა და რის წინაშეც შეიძლება დადგეს სხვა”.

ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად არაერთი განცხადება გაკეთდა, სადაც საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის თავისუფალ ნებას და გმობს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. თუმცა მათ შორის, ვინც უკრაინის მიმართ საქართველოს მხრიდან მეტი სოლიდარობის გამოხატვას ისურვებდა, პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძეც გახლავთ. წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ორგანიზაციისა ”ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” მიიჩნევს, რომ სწორი ნაბიჯი იქნებოდა, თუკი ქართული მხარე 14 მარტს კარასინი-აბაშიძის ფორმატში გასამართი შეხვედრის მიზანშეწონილობას გადახედავდა. პოლიტოლოგი თვლის, რომ ყველაფერი წინ არის და რომ რუსეთისგან ბევრი რამ არის მოსალოდნელი:

”მას შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს: მისი შეიარაღებული ძალები და ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე დგანან - ეს არის პოლიტიკაზე ზეგავლენის ერთ-ერთი მთავარი უხეში ინსტრუმენტი; ის ფაქტი, რომ რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ისინი იქ მუშაობენ; ის, რომ ვიზების საკითხი მნიშვნელოვანია; ის, რომ რუსეთს შეუძლია ხელი შეუწყოს ანტიდასავლურ პროპაგანდას საქართველოში; ის, რომ საოკუპაციო ხაზმა შეიძლება გადმოიწიოს, გადმოიწიოს და ბევრი პრობლემა და კონფლიქტი შექმნას... ეს ყველაფერი ერთდროულადაც შეიძლება გაკეთდეს, რაღაც კონკრეტულ მომენტში, მანამ, ვიდრე ხელმოწერამდე მივალთ და ასევე ხელმოწერის შემდეგაც”.

პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ რომ რუსეთის გულის მოგება შეუძლებელია და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი საქართველო უარს იტყვის ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლაზე და თანხმობას განაცხადებს საბაჟო კავშირში შესვლაზე. ამის გაკეთებას კი უკეთესი მომავლის მსურველი საქართველო არ აპირებს და გამოწვევების პირისპირ საერთაშორისო საზოგადოების იმედად რჩება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG