Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას


უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილიში
უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილიში
უკრაინაში - კერძოდ, ყირიმში - ბოლო დღეების განმავლობაში დაძაბულ ვითარებას, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, აქტიურად ეხმაურებიან საქართველოშიც. უკრაინა რჩება როგორც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ინტერესის მთავარ საგნად. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა უკრაინაში არ განმეორდეს ის, რაც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მოხდა.

„როდესაც ტანკებია დაქოქილი, მაშინ მხოლოდ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ“ - ასე გამოეხმაურა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს 3 მარტს საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე დავით უსუფაშვილი და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოზიცია ყირიმში შექმნილი კრიზისული სიტუაციის მიმართ:

„ეს არის რუსეთის შეიარაღებული აგრესია მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევა, თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი მონაპოვრის უხეში დარღვევა და ამ საკითხში არანაირი დამატებითი კითხვა არ არსებობს. ეს საკითხი კონკრეტული ქმედებებით უნდა მოგვარდეს და არა განცხადებებით. როცა ტანკებია დაქოქილი, იქ განცხადებებით ფონს ვერ გავალთ“.

"ჩვენ მძიმედ განვიცდით უკრაინაში - ყირიმში - განვითარებულ მოვლენებს, რომელიც რეგიონში დაძაბული ვითარების ესკალაციის სერიოზული კერა ხდება. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ ქვეყანაში დამატებითი სამხედრო ძალის შეყვანის შესახებ აშკარად ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას“ - ვკითხულობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ყირიმში ვითარების ესკალაციას საქართველოს სხვა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურაც გამოეხმაურა.

უკრაინა იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი დეშჩიცას სატელეფონო საუბრის მთავარი თემაც. საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ დაგმო სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფაქტი და გამოეხმაურა ასევე მსოფლიო ლიდერთა და კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ვითარების დეესკალაციისათვის. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყირიმის ფაქტობრივი ოკუპაცია და ადგილზე რუსული მხარის მიერ ინფრასტრუქტურული მშენებლობის წარმოების ფაქტი დაადასტურა.

ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფეთქებადს გახდის ვითარებას, რამაც უმძიმესი შედეგები შეიძლება გამოიღოს. საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა არ დაუშვან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა...
3 მარტს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც: "უკრაინაში მოვლენები ზუსტად იმ სცენარით ვითარდება, როგორც ეს საქართველოში ექვსი წლის წინ ხდებოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

მინისტრის აპარატი საერთაშორისო თანამეგობრობას, ევროკავშირს, ნატოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს მოუწოდებს, მკაცრ განცხადებებთან ერთად ქმედითი ზომები მიიღონ ვითარების განმუხტვისთვის და მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფეთქებადს გახდის ვითარებას, რამაც უმძიმესი შედეგები შეიძლება გამოიღოს. საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა არ დაუშვან უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესებზე აუცილებლად უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება, რათა რუსეთმა უარი თქვას ძალისმიერ ქმედებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მორიგი აგრესიისა და ოკუპაციის მომსწრენი გავხდეთ, რაც საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხისა და მათი გადაწყვეტილების მიმართ ააშენონ ჭეშმარიტად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო",- ნათქვამია განცხადებაში.

"მოსკოვი და თბილისი - პერსპექტივები 2014"
"მოსკოვი და თბილისი - პერსპექტივები 2014"
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა 3 მარტს სასტუმრო „ციტადენში“ მიმდინარე კონფერენციისა, სახელწოდებით "მოსკოვი და თბილისი - პერსპექტივები 2014", რომელშიც ქართველი და რუსი პოლიტოლოგები და საერთაშორისო მიმომხილველები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობისას გამოხატა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ:

„ჩვენი პოზიცია ცალსახაა - ჩვენ მივიჩნევთ ყოვლად მიუღებლად საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს ააშენონ ჭეშმარიტად დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო და ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მიიღონ რაც შეიძლება სწრაფად ქმედითი ზომები ამ აგრესიის შესაჩერებლად“.

საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობის იმედი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს, თუმცა ის ამბობს, რომ მათმა რეაქციამ მაინც დაიგვიანა:

პირდაპირი კავშირია ამ ორ კონფლიქტს შორის - რუსეთის მიზანია ორივე ქვეყანას გამოგლიჯოს მისივე ტერიტორიის ნაწილი. საქართველოს შემთხვევაში ეს იყო ორი რეგიონის ანექსია, უკრაინის შემთხევვაში სამიზნე ყირიმია, რომელსაც ის აკონტროლებს, თუმცა შესაძლოა იგივე დაემართოს აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილსაც...
კორნელი კაკაჩია
„ჯერჯერობით საქმე ოკუპაციამდე არ მისულა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამჯერად მაინც თავისი მოწოდების სიმაღლეზე დადგება და არ დაუშვებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აშკარად დარღვეულია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიას დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, ამაში რუსეთმა ფასი უნდა გადაიხადოს“.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს საერთაშორისო საზოგადოება უფრო მობილიზებულია უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ვიდრე ეს იყო 2008 წელს, საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის დროს:

„ჩვენ ვნახეთ, რომ სახალხო გამარჯვებას უკრაინაში მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და ამ ვითარებაში კი (მით უმეტეს, რომ საქართველოს ბედი ისედაც ყოველთვის მიბმული იყო უკრაინის ბედზე), ყველა მომდევნო დღე და საათი დრამატულია არა მხოლოდ უკრაინისათვის, არამედ ჩვენთვისაც. ვფიქრობ, რომ ბევრად აქტიური და თანმიმდევრული უნდა იყოს დღეს საქართველოს ხელისუფლება, ვიდრე აქამდე იყო, და ამაში ოპოზიციაც მზადაა მათ დაეხმაროს“.

უკრაინის კრიზისმა, შესაძლოა, დიდწილად განსაზღვროს ევროპის უსაფრთხოების მომავალი შემდეგი 50 წლის განმავლობაში, ამით აიხსნება დასავლეთის განსაკუთრებული ინტერესი უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიმართ, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და ხაზგასმით მიუთითებს საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შორის მსგავსებაზე:

„პირდაპირი კავშირია ამ ორ კონფლიქტს შორის - რუსეთის მიზანია ორივე ქვეყანას გამოგლიჯოს მისივე ტერიტორიის ნაწილი. საქართველოს შემთხვევაში ეს იყო ორი რეგიონის ანექსია, უკრაინის შემთხევვაში სამიზნე ყირიმია, რომელსაც ის აკონტროლებს, თუმცა შესაძლოა იგივე დაემართოს აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილსაც. ეს კი რუსეთის ე.წ. ნეოიმპერიალისტური აღორძინების გეგმას უკავშირდება, რომელიც დიდი ხანია მზადდება და ხორციელდება“.

უკრაინაში მიმდინარეობს ტრაგიკული მოვლენები. რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა, ძალა გამოიყენოს, რისი შეჩერების რამდენიმე გზა არსებობს. კონტრნაბიჯი იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზაცია...
სერგი კაპანაძე
რუსეთის პოლიტიკას უკრაინის მიმართ ვერ დავარქმევთ რაციონალურს. ამავე კურსით გაგრძელების შემთხვევაში პუტინი იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებს, აცხადებს მედიასთან საუბარში პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც:

„თუ რუსეთი უკან არ დაიხევს, ყველაფერი დასრულდება კრახით პუტინისათვის, როგორც ეს დასრულდა კრახით იანუკოვიჩისათვის. უკრაინას ჰყავს არჩეული პარლამენტი, რადა. ასე რომ, მოსკოვის ყველანაირი მცდელობა, რომ გამოაცხადოს უკრაინის მთავრობა არალეგიტიმურად, რომელიც ჩაგრავს ვიღაცების უფლებებს, კონკრეტულად კი ყირიმში მცხოვრები რუსების - ეს რომ სიცრუეა, ამას ყველა ხვდება მთელ მსოფლიოში“.
პუტინის შეჩერების ერთადერთი გზა არის ის, აცხადებს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებელი სერგი კაპანაძე, ვლადიმირ პუტინს გააგებინონ, რომ მას მოუწევს ფასის გადახდა უკრაინაში სამხედრო პროვოკაციისთვის.

"უკრაინაში მიმდინარეობს ტრაგიკული მოვლენები. რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა, ძალა გამოიყენოს, რისი შეჩერების რამდენიმე გზა არსებობს. კონტრნაბიჯი იქნებოდა საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზაცია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

უკრაინის საკითხს გამოეხმაურა 3 მარტის კონფერენციის მონაწილე პოლიტოლოგი ფიოდორ ლუკიანოვიც. მისი სიტყვებით, რუსეთის ფედერაციის როლი უკრაინის პროცესებში მნიშვნელოვანია, თუმცა შეიარაღებული ძალის გამოყენების ნებართვა, რომელიც სახელმწიფო სათათბირომ გასცა, ჯერჯერობით არ ნიშნავს იმას, რომ ძალას ნამდვილად გამოიყენებენ.
„უკრაინაში 20 თებერვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა. არსებულ სიტუაციაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის გარეშეც კი რეგიონებში პროცესები კიევის მიერ ძნელად კონტროლდება", - განაცხადა ფიოდორ ლუკიანოვმა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG