Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერშუეთში ირაკლი ახალბედაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ


სოფელ ბერშუეთის მცხოვრებლები ადგილობრივი მკვიდრის, 39 წლის ირაკლი ახალბედაშვილის, გათავისუფლებას მოითხოვენ. ახალბედაშვილი 1 მარტს რუსეთის მესაზღვრეებმა სოფლის განაპირას, ეკლესიასთან დააკავეს. ბერშუეთელები აცხადებენ, რომ ახალბედაშვილს ეგრეთ წოდებული საზღვარი არ დაურღვევია და მესაზღვრეები მის დასაკავებლად თვითონ შემოვიდნენ სოფლის სიღრმეში. მეოთხე დღეა სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ოსურ მხარესთან ახალბედაშვილის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებას აწარმოებენ. დაკავებულის და, ირმა ახალბედაშვილი, ამჟამად ბრიუსელში იმყოფება და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის მიმართავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ოსურ მხარესთან ცხელი ხაზის მეშვეობით მოლაპარაკებას აწარმოებს. დეპარტამენტის წარმომადგენლის კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე მოითხოვა ახალბედაშვილის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაცია, რაც, ტრადიციულად, დაკავებულების გათავისუფლების წინაპირობაა ხოლმე.

სოფელ ბერშუეთსა და მეზობელ სოფელ კირბალში, ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, რუსეთის მესაზღვრეები ადგილობრივ მცხოვრებლებს ხშირად აკავებენ ხოლმე. ბერშუეთელების თქმით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მესაზღვრეები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და სოფლის ეკლესიამდე ჩამოვიდნენ. სოფელში არაერთი ადამიანის დაკავების შემთხვევას იხსენებენ.

ბერშუეთისა და კირბალის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი აზრით, მესაზღვრეების გააქტიურების პარალელურად საქართველოს პოლიციის პატრულირებაც უნდა გაძლიერდეს და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების გარანტია შეიქმნას.
XS
SM
MD
LG