Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანთან სექსი და ქორწინება


ავტორი: ელენე სეხნიაშვილი

სამართლებრივი სახელმძღვანელო, რაც გვინახავს, ვეღარ ვნახოთ

12 წლის გოგონას გაუჩინარების და შემდეგ „გათხოვილად აღმოჩენის“ შესახებ ცნობების გავრცელებისას პირველი, რაც გამახსენდა, არის ფილმი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ,“ როდესაც „კნეინა“ ათვალიერებს ახალგაზრდა პატარძალს და ალერსით ეუბნება „არსად გაგიშვებო“; მის ვაჟს კი ხუმრობით ეუბნება, რომ ბრიყვია, თან იწონებს მის საქციელს და იხსენებს დიდგვაროვან ნათესავებთან ერთად: „მამაშენიც შენისთანა წუწკი იყო...13 წლისა ვიყავი, აქ რომ მომიყვანა“. ფილმის ამ ეპიზოდისგან გამოწვეული უსიამოვნო ემოცია, უსამართლობისა და უკანონობის განცდა, ამჟამად სრულიად რეალურმა შემთხვევამ გამოიწვია, როდესაც 12 წლის ბავშვზე საქართველოს მედია-საშუალებებში ამბები გავრცელდა. საქართველოში ხალხს ისტორიულმა მოვლენებმა ზიზღნარევი, ნიჰილისტური დამოკიდებულება გაუჩინა სამართლის მიმართ. თუმცა, როგორც იურისტს, როგორც მოქალაქეს და, უბრალოდ, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის დიდ გულშემატკივარს, მაინც მსურს, საქართველოს კანონმდებლობა კარგად გავიაზროთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რაც გვინახავს, გვსმენია ან გამოგვიცდია - მაგალითად, ბავშვებზე ქორწინების, გაუპატიურების, ასევე ოჯახური ძალადობის შემთხვევები - აღარ ვნახოთ, აღარ გავიმეოროთ. სამაგიეროდ, გავიგოთ, რომ არსებობს, გავიაზროთ, რომ გვეხება და დავინახოთ, როგორ მოქმედებს ან უნდა მოქმედებდეს კანონი. მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება უკანონობას, უსამართლობას ადექვატური სამართლებრივი და საზოგადოებრივი რეაგირება მოყვეს და სამართლიანობა აღდგეს.

გვინდოდა თუ არ გვინდოდა, უკვე შევიტყვეთ, რას ამბობს ჟურნალისტი, რომელიც მოგვითხობს, რა პოზიცია დაუფიქსირებიათ სამართალდამცავ ორგანოებს, რა განაცხადეს დაკარგული 12 წლის გოგონას ოჯახში, თურმე რა უთქვამს თავად ამ გოგონას, მის მეზობელს, მეგობარს, მასწარვლებელს, ნაცნობს, ფეისბუკის მომხმარებელ „ცნობად სახეს“, რომელსაც ეს ამბავი გაუგია... მაგრამ რას ამბობს კანონი, როდესაც 12 წლის გოგონას გაუჩინარდება და მერე „გათხოვილი აღმოჩნდება“? თავისუფლება ფართო, ფაქიზი, ასევე საპასუხისმგებლო ცნებაა. სექსუალური ურთიერთობის თავისუფლება პიროვნების განვითარების და პირადი ცხოვრების უფლებიდან გამომდინარეობს; შეიძლება მოხდეს თავისუფლების ბოროტად გამოყენება ან იძულებით, ან მოტყუებით ან უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ამიტომ შეზღუდვებია დაწესებული მცირეწლოვანზე, პირდაპირი აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავზე, ასევე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებზე. სახელმწიფო და საზოგადოება ვერ მოახდენს იმის ლეგიტიმაციას, რაც სამართლის, მორალის და ზნეობის, ასევე სამედიცინო მოსაზრებებით დაუშვებელია. მაგალითად, სექსუალური ცხოვრების თავისუფლება დამოკიდებულია პირის ასაკზე; შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს 15 და 16 წლამდე ან უფრო მცირე ასაკის არასრულწლოვანთან სქესობრივ ურთიერთობაზე (137–ე, 138–ე მუხლები), როგორც ძალადობით, მოტყუებით, ან წინასწარ შეცნობით (140-ე მუხლი); ასევე ნებაყოფლობითაც (141-ე მუხლი). ამით, თავისთავად სექსუალური ურთიერთობის თავისუფლება, გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული, როდესაც ეხება მცირეწლოვნებს. მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია მათი ფიზიკური-ფსიქიკური და ემოციური უმწეო მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ამ ქმედების ჩამდენი წინასწარ შეიცნობს მისი ქმედების ობიექტის მდგომარეობას.

სექსუალური თანაცხოვრება, ავტომატურად არ ნიშნავს დაქორწინებას და არ წარმოშობს ქორწინების მსგავს უფლება-მოვალეობებს. საქართველოს კანონმდებლობით „ქორწინება“ ხდება მაშინ, როდესაც ქალი და მამაკაცი ნებაყოფლობით დებენ გარიგებას ოჯახის შექმნის მიზნით და არეგისტრირებენ მას შესაბამის სახელმწიფო ორგანოში. რომელიმე რელიგიური წესით ქორწინების ნებისმიერი რიტუალის ჩატარება (მათ შორის, ჯვრისწერაც) და არც თანაცხოვრება, რომელიც, არ არის ქორწინების წესების დაცვით სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული, არ ითვლება კანონიერ ქორწინებად.
ქორწინების ძირითად პირობას საქორწინო ასაკთან ერთად წარმოადგენს დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობით ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ქართული კანონმდებლობით, 16 წელზე ნაკლები ასაკის პირის დაქორწინება დაუშვებელია; გამონაკლის შემთხვევაში, შეიძლება დაიშვას 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით. თანხმობაზე მშობლების ან მზრუნველის მიერ უარის თქმის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პატივსადები მიზეზების არსებობისას (მაგალითად ორსულობა, ბავშვის დაბადება) დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს. თუმცა. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ბავშვთა ქორწინება ურყევ ტრადიციად რჩება. ხელისუფლება ხალხის განაწყენების შიშით ვერ ეწინააღმდეგება ჩვეულებას, რომელიც სრულიად უკანონოა, ასევე ვერ უფარდებს შესაბამის პასუხისმგებლობასაც.

ჩვეულებისამებრ, დაქორწინებისას „გაბედნიერებას“ ულოცავენ. გაბედნიერების სურვილი -pursuit of happiness - ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა. სწორედ ამიტომ აისახა ბედნიერებისკენ სწრაფვა, როგორც უმთავრესი უფლება და თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, რომელიც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციისთვის სამაგალითო დოკუმენტი იყო. საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ 1921 წლის 21 თებრვალს მიიღო მისი პირველი კონსტიტუცია, რომლის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობასაც ეყრდნობა ჩვენი ამჟამინდელი, 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია.

ჩემთვის 21 თებერვალი სიმბოლური თარიღია - საქართველოს პირველი კონსტიტუციის და, ამიერიდან, არასრულწლოვანი გოგონას დაკარგვის დღეც, რომლის პოვნაში დახმარებას ოჯახი სამართალდამცავებსა და საზოგადოებას სთხოვდა და რომელიც „გათხოვილი აღმოაჩინეს“. ხოლო საქართველოში მოქმედი კანონმდებლიბის მიხედვით, 12 წლის გოგონას გატაცება და დაქორწინება უკანონოა, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება - დანაშაულებრივი; თანაც, ეს ეწინააღმდეგება ზნეობისა და მორალის ნორმებს.
თუნდაც „მორალურ-კეთილშობილური მოსაზრებით’“ კანონის დარღვევის დაშვება უსამართლობის აღიარების და ხელშეწყობის ტოლფასია, რაც ნელ-ნელა შეარყევს ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს. რა უკანონობაც გვინახავს, თუ ისევ ვხედავთ, ან მითუმეტეს, თუ ვერ ვხედავთ და არ ვრეაგირებთ, ნუთუ ამით დავარღვევთ იმ სამართლებრივ, დემოკრატიულ ნებას, რომელიც ჩვენს ძირითად კანონში, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, „ღვთისა და ერის წინაშე“ განვაცხადეთ?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG