Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრები - კიმერიელთა და ყივჩაღთა შთამომავლები


ავტორი: შალვა ნაკაიძე

ყირიმელი თათრები (qırımtatarlar) - ყირიმის ნახევარკუნძულის თურქულენოვანი მოსახლეობა. შუა საუკუნეებში მათი ენა ყივჩაღურის და ოღუზურის ძლიერი გავლენით ჩამოყალიბდა, ის ყველაზე ახლოს ყარაჩაი-ბალყარულთან (თაულუ), ყუმუხურთან და ყარაიტულთან დგას (ყარაიტები - მათი ნაწილი ყირიმიდან გადასახლდა, მათ შორის ლიტვურ თრაკაის მხარეში - თურქულენოვანი იუდეველები).


XV საუკუნეში ყირიმის სახანოს ჩამოყალიბების ფონზე დასვლურ ყივჩაღურმა (კუმანურმა), თანმდევი ილამიზაციის ფონზე, განიცადა ოსმალურის გვლენა - ამ პროცესს თან ახლდა ნახევარკუნძულის მოსახლეობის ერთ ეთნოსად ჩამოყალიბების დინამიკაც. თავად ეთნონიმი თათარი კი VIII საუკუნეში იჩენს თავს, თუმცა მას უფრო ზოგადი თურქმანული მოდგმის ან მომთაბარეთა აღმნიშვნელი დატვირთვა ქონოდა. არსებობს ფართო გაგებით თათართა ეთნიკური სახის ფორმირების რამდენიმე მეცნიერული შეხედულება, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს „თურქო-თათრული“ კონცეფცია. ის გულისხმობს დიდი თურქულენოვანი ეთნიკური ერთობის ფორმირების პროცესს ჯერ კიდევ ვოლგისპირული ბულღარეთის, ხაზართა ხაკანატის და ყივჩაღურ-პოლოვური (ე.წ. ყვითელი ანუ ღია ფერის ყივჩაღები) სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების წიაღში.

XIII საუკუნიდან ევროპის თურქულენოვან ხალხებზე დიდ გავლენას ახდენდა „ოქროს ურდო“, თუმცა ყირიმის სახანოს პოლიტიკურმა ისტორიამ და ოსმალეთის ფაქტორმა, ყირიმელ თათართა ჩამოყალიბებეაზე საკუთარი გავლენა იქონია და მათ ცალკე ეთნოსად გაფორმებას შეუწყო ხელი.

ყირიმის ტერიტორიაზე ნენადერტალელის სადგომებიც არის გამოვლენილი, იმ დროს ეს რეგიონი ნახევარკუნძული არ იყო. საფიქრებელია, რომ ძვ. წ. 5600 წელსთვის მომხდარმა დიდმა ეკოლოგიურმა ძვრამ (შავი ზღვის დატბორვის თეორია) ყირიმის მეზოლითურ მოსახლეობაზე შესაბამისი გავლენა იქონია. ოდნავ მოგვიანებით, მეცნიერები ვარაუდობენ ინდოევროპული ენების მატარებელი ტომების მიგრაციას ყირიმის ნახევარკუნძულზე.

ძვ. წ. III ათასწლეულიდან ყირიმსა და აზოვისპირეთის მიმდებარე ზონაში ფორმდება კემი-ობანური არქეოლოგიური კულტურა. ამ კულტურის მატარებელი ხალხისთვის მეურნეობის ძირითად დარგს სეზონურად გადარეკვით-მომთაბარული მესაქონლეობა წარმოადგენდა (ცხვარი, საქონელი, ცხენი). ხოლო დაკრძალვის წესი ყორღანულ ტრადიციას ატარებდა - ქვის ან ხის დასაკრძალავი კამერები ხშირად ფერადი საღებავებით ფორმდებოდა. კამერის ჰერმეტულობის დაცვას თიხის ხსნარით ცდილობდნენ. მიწაყრილი კი ყორღანს ძირითად კონტურს აძლევდა. ამგვარი სამარის გარშემო არსებობდა კრომლიხის (მეგალითური წრე, სთოუნჰენჯისებრი) ან მენჰირის (დიდი ზომის ქვის სარიტუალო სტელა) აღმართვის ტრადიციაც, რაც როგორც ჩანს განსაკუთრებული პატივით დაკრძალული მიცვალებულების პრივილეგია იყო. კემი-ობანური არქეოლოგიური კულტურის მატარებელ საზოგადოებაში ანთროპოლოგები გამოყოფენ „დოლიქოკრანულ, ვიწრო და მაღალსახიან ტიპს, რომლისთვისაც სახასიათოა მკვეთრი ჰორიზონტალური პროფილირება და ძლიერად გამოდრეკილი ცხვირი“ [Т.И. Алексеевой. Восточные славяне. Антропология и этническая история] - მეცნიერები ვარაუდობენ კემი-ობანური კულტურის კავშირს კავკასიასთან, კერძოდ მაიკოპთან და მტკვარ-არაქსთან.

ყირიმის პროტოისტორია დაკავშირებულია სახელგანთქმულ მეომრებთან - კიმერიელებთან. გამორიცხული არ არის მათი ენთნონიმი (ბერძ.Kimmerioi; ლათ. Cimmerii ან ძველი ასირიული გიმირუუ) ნახევარკუნძულის სახელთან რაიმე ფორმით იყოს კორელაციაში. ძვ. წ. VII საუკუნიდან ყირიმში სკვითები იწყებენ დამკვიდრებას. რეგიონის სამხრეთ ნაწილში გამოვლენილია ყიზილ-ყობანური კულტურის არტეფაქტებიც, რასაც ტავრებს უკავშირებენ (მათგანვე უნდა იყოს გეოგრაფიული ტერმინი ტავრიდა).

ანტიკურ პერიოდში ყირიმში ბერძნული გავლენა გაძლიერდა. ძვ. წ. III საუკუნიდან კი ნახევარკუნძულს ირანულენოვანმა სარმატებმა შეუტიეს. ახ. წ. III საუკუნე გუთების მოძალებით აღინიშნა, რომლებიც ოდნავ მოგვიანებით ჰუმებმა შეავიწროვეს. შუა საუკუნეებში, ყირიმის მთიან რაიონებში გუთების, ტავრების და სკვითების შერევის გზით გარკვეული ეთნო-გენეტიკური პროცესები მიმდინარეობდა, რაც XII—XV საუკუნეებში ყირიმიში თეოდოროს (ანუ გოთია) ქრისტიანული სამთავროს გაძლიერების ფონზე ხდებოდა.

ყირიმს არც ბიზანტიელთა, ხაზართა, უნგრელების და პაჭანიკების ჰეგემონობა ასცდა. აღსანიშნავია რომ კიევის დიდი მთავარი ვლადიმირი 989 წელს სწორედ ყირიმის ტერიტორიაზე, ხერსონესში (სლავ.Корсунь) მოინათლა. XII საუკუნიდან რეგიონში წამყვანი ძალა ყივჩაღებია, მათ მოგვიანებით “ოქროს ურდო“ ანაცვლებს. მომთაბარეთა გავლენა ნაკლებად ვრცელდებოდა შავიზღვისპირულ და მთიან ზონებზე. ყირიმში იყო ბერძნების, სომხების (უკვე მეთოთხმეტე საუკუნიდან), ალანების და გენუელების დასახლებებიც.

1475 წელს ყირიმი ოსმალურ პროტექტორატად იქცა, შეიცვალა ნახევარკუნძულის დემოგრაფიაც, რადგან ქრისტიანული თემები გაჟლიტეს ან განდევნეს ზღვისპირა ზოლიდან. თუმცა იმავე პერიოდს უკავშირდება თათართა მომთაბარე ელემენტის ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლაც, სწორედ თურქულენოვანი ელემენტი გახდა ჰეგემონი, რაც ყირიმელი თათრების ეთნიკურ თვითშეგნებაზე პირდაპირ აისახა ოდნავ მოგვიანებით.

რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომი ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების გაფორმებით დამთავრდა და რუსები ყირიმში გაბატონდნენ. XIX საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო ყირიმელი თათრების გადასახლების პროცესი, ნახევარკუნძულის მოსახლობა კვლავ აჭრელდა. 1853 წლისთვის აქ უკვე 43 000 მართლმადიდებელი ცხოვრებდა, იყვნენ სხვა ქრისტიანული კონფესიების მიმდევრებიც. XIX საუკუნის ბოლოსთვის, მთიან რეგიონებში თათრების პროცენტულობა 89-ს აღწევდა, ხოლო ბარში ისინის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ. სწორედ ბარის თურქულენოვანი ელემენტი უკავშირდებოდა უშუალოდ თურქულ-მონღოლურ მოდგმას, ხოლო მთიელი თათრები კი რთული ეთნიკური ისტორიის მქონე ერთობა იყო.

1920 წელს ყირიმი წითელმა არმიან დაიპყრო და საბჭოთა რუსეთს შეუერთა. იმ დროისთვის ნახევარკუნძულზე უკვე ეთნიკური რუსები დომინირებდნენ (44,1 %), ხოლო თათრები კი მხოლოდ 26 % შეადგენდნენ - მეორე მსოფლიო ომის წინ მათი რაოდენობა 19,4 %-მდე დავიდა. საბჭოთა რეჟიმი თათრებისთვის მტრული იყო და ისინი გერმანელთა ინტერვენციას მეტწილად წინააღმდეგობით არ შეხვედრიან, რასაც სასჯელად სტალინური დეპორტაცია მოყვა.

1954 წლის 19 თებერვალს ყირიმი უკრაინას გადეცა. ყირიმელმა თათრებმა თავიანთ სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ საბჭოთა კავშირის დასუსტების ფონზე შეძლეს, ისიც სტიქიურად. 2001 წლის აღწერით ისინი ყირიმის მოსახლეობის 12.1% შეადგენედნენ, მაშინ როცა რუსები - 58,3 % და უკრაინელები 24,3 % იყვნენ. ამჟამად ყირიმსა და უკრაინის მიმდებარე რეგიონებში 260-300 ათასამდე თათარი ცხოვრობს. მათში დომინირებს ნაციონალისტური განწყობილებები, თუმცა თვითგამორკვევის პროცესის წარმართვას ისინი უკრაინული სახელმწიფოს ფარგლებში ცდილობენ. თათრებისთვის გადაულახავ დაბრკოლებად რჩება რუსული შოვინიზმი, რაც ყირიმის ავტონომიის რადაში პროექცირდება პრო-რუსული უმრავლესობის სახით. „ყირიმელ თათართა მეჯლისი“ უკრაინული სახელმწიფოს საყრდენად რჩება ნახევარკუნძულზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG