Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროლები შეფარული სადისტები არიან


ინტერნეტის მომხმარებელთა შორის არსებობს ასეთი რკინის კანონი: „არ ასაზრდოვო ტროლები!“. „ტროლი“ ქართული ენისთვის ახალი ტერმინია, მაგრამ ყველამ, ვინც სოციალური ქსელებით სარგებლობს, კარგად იცის, რა დგას ამ ცნების მიღმა: სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს დისკუსიას. ფაქტობრივად, ტროლი ონლაინ-პროვოკატორია.

პროვოკაციული კომენტარებით ტროლი ცდილობს, მოცემულ თემაზე დისკუსია სხვა მიმართულებით წაიყვანოს და, საბოლოოდ, ჩაშალოს ის. თავად კი სავარძელში გადაწოლილი ქირქილებს და ინტერნეტში დატრიალებული ქაოსით სიამოვნებას იღებს. ტროლის კვება კი სწორედ იმას ნიშნავს, როცა ტროლის პროვოკაციაზე წამოეგებიან, მას უპასუხებენ და დისკუსიის მიმართულების შეცვლის საშუალებას აძლევენ.

კანადელი მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, რა ტიპის ადამიანები არიან ტროლები. გამოკვლევის თანახმად, როგორც ჩანს, ტროლებს უფრო მეტი უარყოფითი თვისება ახასიათებთ, ვიდრე სხვა ადამიანებს. განსაკუთრებით გამოკვეთილია მათში სადიზმისკენ მიდრეკილება. ეს მიდრეკილება მით უფრო გამოიკვეთება, რაც უფრო მეტ კომენტარს წერს ტროლი სოციალურ ქსელებში. თუმცა, მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, ბევრი კომენტარის წერა სადიზმისკენ დაფარულ მიდრეკილებას აძლიერებს თუ პირიქით. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში „Personality and Individual Differences“.

როგორც მანიტობის უნივერსიტეტის თანამშრომელი, და გამოკვლევის ხელმძღვანელი, ერინ ბაკელსი წერს, ყოველდღიურ ცხოვრებაში სადისტებს სურთ სიამოვნება მიიღონ სხვების წვალებით და საამისოდ ისინი ინტერნეტს იყენებენ. მან და მისმა კოლეგებმა ვინიპეგისა და ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტებიდან პირველად ჩაატარეს ინტერნეტის ტროლების ხასიათის ანალიზი.

მეცნიერებმა გამოიყენეს უკვე არსებული გამოკვლევებით მოპოვებული მონაცემები. მაგალითად, ძველი კვლევიდან ცნობილია, რომ უსიმპათიო ადამიანები უფრო ხშირად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს გართობისთვის მეტად, ვიდრე სოციალიზაციისთვის. 2010 წელს ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტროლების დესტრუქციული საქმიანობა მოტივირებულია ძირითადად უსაქმურობით, ყურადღების მიპყრობის სურვილით, სიამოვნების მიღების სურვილით, შურისძიებითა და სხვების გასაჭირით ტკბობით. ასევე ცნობილი იყო, რომ მამაკაცები არა მარტო ქალებზე უფრო ხშირად სარგებლობენ ინტერნეტით, ისინი ანტისოციალურადაც უფრო ხშირად იქცევიან.

ამ და სხვა სტატისტიკური მონაცემებს შორის ურთიერთკავშირის დასადგენად ბაკელსის გუნდმა ცდები ჩაატარა. საამისოდ მათ განკარგულებაში იყო 418 მოხალისე, აქედან 42 პროცენტი - ქალები. საცდელ პირებს უნდა ეპასუხათ შეკითხვებზე, რომლებიც ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში მათ საქმიანობას შეეხებოდა. მაგრამ შეკითხვებს შორის იყო ისეთებიც, რომლებიც საცდელი პირის პიროვნების შესახებ წარმოდგენის შექმნასაც ემსახურებოდა. ერთი მხრივ, საქმე ეხებოდა ფსიქოლოგიის ძირითად ფაქტორებს: თავსებადობას, სინდისიერებას, სიახლისადმი გახსნილობას, ინტროვერტულობასა და ემოციურ სტაბილურობას. მეორე მხრივ, მეცნიერები შეეცადნენ ეპოვათ ხასიათის ისეთი თვისებების კვალი, რომლებიც ე.წ. „ბნელი ტრიადის“ ან „ბნელი ტეტრადის“ სახელითაა ცნობილი. იგულისხმება უარყოფითი პიროვნების ტიპები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად გვხვდება, და რომელთაც ემოციური სიცივე, ეგოიზმი და მუდამ სიმართლეზე პრეტენზიის ქონა ახასიათებთ. ამ ჯგუფს განეკუთვნებიან სადისტებიც.

ფსიქოლოგიურ ტესტებში ბაკელსმა და მისმა კოლეგებმა იოლად შეძლეს საცდელი პირების პიროვნული თვისებების დადგენა, ისეთებისაც, რომლებიც სუსტად იყო გამოკვეთილი. გამოკითხულთა ექვსმა პროცენტმა დაუფარავად აღიარა, რომ საინტერნეტო ფორუმებში სიამოვნებით ეწევიან ტროლინგს. და სწორედ ამ საცდელ პირებში გამოვლინდა, რომ მათ საშუალოზე უფრო მეტად გამოკვეთილი უარყოფითი თვისებები ახასიათებდათ.

რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ სრულიად აშკარა კავშირია ტროლინგით გატაცებასა და სადისტურ მიდრეკილებებს შორის. ამ მიმართულებით კიდევ უფრო საფუძვლიანი დასკვნების მოსაპოვებლად კანადელმა მეცნიერებმა ჩაატარეს მეორე გამოკვლევა, რომელშიც მონაწილეობდა საშუალოდ 35 წლის ასაკის 609 ადამიანი და 188 უფრო ახალგაზრდა სტუდენტი. გამოკვლევამ დაადასტურა ტროლინგისადმი მიდრეკილებასა და უარყოფით მახასიათებლებს შორის კავშირი. ოღონდ არა ნარცისების შემთხვევაში. სამაგიეროდ შეფარულმა მანიპულატორებმა და ფსიქოპათებმა, განსაკუთრებით კი სადისტური თვისებების მქონეებმა, ტროლინგისადმი კიდევ უფრო მეტი მიდრეკილება გამოავლინეს.

გამოკვლევის საფუძველზე კანადელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტროლები რეალურ ცხოვრებაშიც უფრო სასტიკად და ბოროტად ექცევიან სხვებს. მაგრამ ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება შეკითხვა: სადისტები ინტერნეტს თავიანთი მიდრეკილებების რეალიზაციისთვის იყენებენ თუ პირიქით - ინტერნეტის ანონიმურობა უწყობს ხელს ანტისოციალურ მოქმედებას? ერთი რამ კი ნათელია: ვინც ტროლის პროვოკაციას პასუხს სცემს, ამით დიდ სიამოვნებას ანიჭებს მას.
XS
SM
MD
LG