Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილეტანტის ფიქრები ქართულ ეკონომიკაზე


ავტორი: კონსტანტინე ჯოჯუა

ამას წინათ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ნოდარ ხადურმა საგულისხმო განცხადება გააკეთა: „საქართველოს ეკონომიკა არ არის კონკურენტუნარიანი და ეს არის ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა. დღეს ქართული პროდუქცია არათუ უცხოეთში, საქართველოშიც ვერ ახერხებს კონკურენციის გაწევას“. ამ გარემოების გამომწვევ მიზეზთა შორის ის ასახელებს ფინანსებზე დაბალ ხელმისაწვდომობას, ჩვენი შრომითი რესურსების დაბალ დონეს, რადგან ბოლო 20 წელიწადში კვალიფიციურმა პერსონალმა დაკარგა სამსახური და, შესაბამისად, რასაკვირველია, ოსტატობაც; ასევე ხარვეზებს განათლების სისტემაში; კონკრეტული ხედვის უქონლობას იმის გათვალიწინებითაც, რომ ხან შვეიცარიას ვაშენებდით, ხან სინგაპურს. „...მაგრამ, ყველაფერს განაპირობებს მოლოდინები ქვეყნის გარეთ და შიგნით. ამ მოლოდინების ფორმირების საინტერესო ეტაპი მიმდინარეობს ახლა“ - ამბობს ბატონი მინისტრი. მე თითქმის სრულად ვეთანხმები ფინანსთა მინისტრს, თუმცა
ვფიქრობ, ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე დიდ პრობლემას არა 20 - წლიანი, არამედ უფრო ღრმა ფესვები აქვს და მისი მიზეზების აღმოსაფხვრელად დიდი მოლოდინი დაგვჭირდება, თუ არ იქნა მოფიქრებული და განხორციელებული ეფექტური ზომები.
გავიხსენოთ, ბოლო 100-ოდე წლის განმავლობაში აწარმოებდა თუ არა საქართველო ოდნავ მაინც კონკურენტუნარიან პროდუქციას. მოვიძიე მასალები, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვიპოვე. მინერალური წყალი „ბორჯომი“ ამ სიაში ვერ შევა, რადგან იგი ბუნებრივი რესურსია და მისი ჩამოსხმა და შეფუთვა დიდ „ხელოვნებას“ არ მოითხოვს. ჩვენთან წარმოებული ლუდი, რძის პროდუქტები, ძეხვეული, საკონდიტრო ნაწარმი და საერთოდ, ნებისმიერი სხვა კვების პროდუქტი კი რუსეთის, ბალტიისპირეთის, უკრაინის, თუნდაც მეზობელი სომხეთის პროდუქციასთან კონკურენციას ვერასოდეს უძლებდა და, ბუნებრივია, ვერც ახლა უძლებს. ჩაის ხარისხითაც კრასნოდარის ჩაი სჯობდა ჩვენსას და ღვინო კი მოლდავური თუ აზერბაიჯანული, ქარხნული წარმოება მაქვს, რა თქმა უნდა, მხედველობაში.
იგივე ითქმის საყოფაცხოვრებო ნივთებზე, ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელზე, მედიკამენტებზე, მშენებლობის ხარისხზეც... ერთი სიტყვით, ქართული პროდუქცია არასდროს არ იყო და დღესაც არ არის კონკურენტუნარიანი. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, აქვს კი აზრი 100 თუ 300 ქარხნის აშენებას და ექსპლუატაციას, თუ მათი გამოშვებული პროდუქცია არ იქნება რეალიზებული, მით უმეტეს, თუ არა გვყავს კვალიფიციური პერსონალი? სად ვეძიოთ ყოველივე ამის მიზეზი, ერის ხასიათში, მის თავისებურებებში თუ ვთქვათ, მისტიკურ სფეროში?
რაც შეეხება ქართულ სამზარეულოს, აქ კარგად გვაქვს საქმე, მაგრამ ეს სულ სხვა „ოპერიდანაა“ და კონკურენტუნარიანობასთან არა აქვს კავშირი. ჩვენი ეს დიდი, ასე ვთქვათ, კოზირი ტურისტების მოზიდვას შევუსაბამოთ. სავარაუდოდ, საერთაშორისო ანალიტიკურმა ორგანიზაციებმა წინა ხელისუფლებას მიაწოდეს დასკვნა: „თქვენი ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ ტურიზმი თუ უშველისო“. ჩემი აზრით, ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მის მსოფლიო დონეზე აყვანას დიდი დრო სჭირდება, რათა მოსახლეობის ყველა ფენამ, მათ შორის პენსიონერებმა, იგრძნონ მისი დადებითი შედეგები. და არსებობს კი საერთოდ, მეტნაკლებად წარმატებული ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ტურიზმით ცხოვრობენ? არ ვიცი, სპეციალისტებს ეცოდინებათ.
თვითგვემა მოგეხსენებათ არ არის გამოსავალი და ამიტომ ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალს. იქნებ, „ჯადოსნური“ გასაღები დევს ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანებაში. პოლიტიკოსების იმედი ვიქონიოთ, ალბათ, აქვთ ღრმა ანალიზი გაკეთებული და ჩვენი ქვეყნის, მისი მოსახლეობის, ნორმალურ, ადამიანურ, არც ისე შორეულ მომავალს ხედავენ.
ჩვენ კი, ჩვეულებრივი მოქალაქეები, მოლოდინების ფორმირების საინტერესო ეტაპის მომსწრენი და თვითმხილველნი ვართ. თუ ჩავებით ფერხულში ხომ კარგი, თუ არადა, სხვა რა დაგვრჩენია, მივადევნოთ თვალყური და ვუქომაგოთ ჩვენს ქვეყანას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG