Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერკუტი: შერისხული კიევში, გმირი აღმოსავლეთში


"ბერკუტისა" და დემონსტრანტების დაპირისპირება კიევში, 2013 წლის 12 დეკემბერი.
"ბერკუტისა" და დემონსტრანტების დაპირისპირება კიევში, 2013 წლის 12 დეკემბერი.
კიევსა და დასავლეთ უკრაინაში გმირებად არიან შერაცხილი ის პირები, რომლებსაც ევრომაიდნის დემონსტრაციების დროს პოლიციასთან შეტაკებები ჰქონდათ და ზოგიერთ შემთხვევაში დაიღუპნენ კიდეც. მაგრამ უკრაინის რუსულენოვან აღმოსავლეთში შებრუნებულ ლოგიკას ვხვდებით. აქ ბევრისთვის პოლიციაა გმირი.

იური სივონენკო სიამაყით იხსენებს ელიტურ საპოლიციო დანაყოფს, რომლის მწვრთნელადაც ის 25 წლის წინ შეარჩიეს. „ოქროს არწივებად“, ანუ „ბერკუტად“, წოდებული ეს დანაყოფი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციებისა და ხალხის დიდი მასის კონტროლისთვის იწვრთნებოდა.

მაგრამ ახლახან, ქუჩებში ამბოხების ფონზე, ეს ოფიცრები აწ უკვე გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, დამცველ ძალად გადააქციეს და „ბერკუტის“ სახელიც მყარად დაუკავშირდა სისასტიკესა და რეპრესიებს.

კიევში „ბერკუტი“ შერისხულია - მას ევრომაიდნის დრამაში მთავარ ბოროტ ძალად მიიჩნევენ, მაგრამ რუსულენოვან სამხრეთსა და აღმოსავლეთში სხვა შეხედულებებს ვაწყდებით.

სივონენკო, „ბერკუტის“ ყოფილი კაპიტანი, გამოცდილი მწვრთნელი და „ბერკუტის“ ვეტერანთა ასოციაციის წევრი, ერთ-ერთი იყო იმ პირებს შორის, რომლებიც ადგილობრივ ოფიცრებს დონეცკში დაბრუნებისას დახვდნენ - მას მერე, რაც იანუკოვიჩმა დატოვა დედაქალაქი: „ვნახეთ, როგორები დაბრუნდნენ ისინი კიევიდან - ჭუჭყიანები, დამწვრობებით, დაჭრილები. არც ერთი მათგანი არ იყო უვნებელი. გაჭაღარავებულები და დაქანცულები იყვნენ. აქედან ახალგაზრდა ბიჭები წავიდნენ, 23-25 წლისანი, უკან კი 40 წლის კაცებად დაგვიბრუდნენ - უსიცოცხლო, დაღლილი თვალებით, მაგრამ დაუმარცხებლები. და აქ ისინი გმირებივით მიიღეს“.

ევრომაიდანზე დაღვრილმა სისხლმა გმირების ახალი გალერეის წარმოშობას დაუდო საფუძველი. მაიდნის მომხრეთათვის გმირები ისინი არიან, ვინც, მათი აღქმით, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცნენ. მაგრამ უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები პრორუსულად განწყობილი მოქალაქეები გმირებს სხვებს უწოდებენ - იმ ოფიცრებს, რომლებმაც ბრძანებები შეასრულეს და ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის დასაცავად კვირების განმავლობაში ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ.

აღმოსავლეთ დონეცკში - ისევე, როგორც ყირიმში, სადაც ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდებას ბევრი არალეგიტიმურად მიიჩნევს - „ბერკუტის“ ყოფილი ოფიცრები ოვაციების ფონზე გამოდიან პრორუსულად განწყობილი დემონსტრანტების წინაშე.

თუმცა უკრაინაში და საზღვარგარეთ ბევრს თავზარი დასცა „ბერკუტის“ მიერ ჩადენილმა სისასტიკის აქტებმა. ერთ-ერთი მასობრივად გავრცელებული ვიდეო, მაგალითად, აჩვენებს, ყინვაში როგორ აშიშვლებენ „ბერკუტის“ ოფიცრები დემონსტრანტს და როგორ იგდებენ მას აბუჩად.

ჩვენ, უბრალოდ, დაგვაღალატეს. სხვანაირად როგორ ავხსნათ ეს, თუკი არსებობის 25-წლიან ისტორიაში „ბერკუტი“ ყოველთვის ასრულებდა ბრძანებებს? ახლა კი მას მხოლოდ იმის გამო აუქმებენ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ისინი არასწორად იქცეოდნენ...
ალექსანდრი
მაგრამ სხვაგვარად ფიქრობენ საკუთრივ „ბერკუტის“ ვეტერანები - მაგალითად, დონეცკში მცხოვრები ალექსანდრი, რომელმაც გვარი არ გაგვიმხილა. „რატომღაც არავინ სვამს კითხვას, მაინც რატომ იქცეოდა „ბერკუტი“ ასეო“, - ამბობს ის.

„ბერკუტის“ ვეტერანები და მათი მხარდამჭერები მიანიშნებენ ათობით სხვა ვიდეოზე, რომლებიც ასახავს რკინის ხელკეტებით და ჯაჭვებით შეიარაღებულ დემონსტრანტებს, რომელთაგან ბევრი ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილს“ ისვრის. ისინი ამბობენ, რომ მღელვარების დროს „ბერკუტის“ოფიცრების ნათესავებს ემუქრებოდნენ.

ახლა კი ვეტერანები ფიქრობენ, რომ უკრაინის ახალი ხელისუფლება შერჩევით სამართალს გაატარებს და გადადგამს ნაბიჯებს, რომლებიც მას ხელს აძლევს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენი ავაკოვმა 25 თებერვალს „ბერკუტი“ დაშალა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ის დასახელდა, რომ დანაყოფმა „ხალხის თვალში საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია მოახდინა“.

ალექსანდრი ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია:

„ჩვენ, უბრალოდ, დაგვაღალატეს. სხვანაირად როგორ ავხსნათ ეს, თუკი არსებობის 25-წლიან ისტორიაში „ბერკუტი“ ყოველთვის ასრულებდა ბრძანებებს? ახლა კი მას მხოლოდ იმის გამო აუქმებენ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ისინი არასწორად იქცეოდნენ. კიდევ ერთხელ მივადექით კითხვას - კიევში ასე მოქცევა არასწორი იყო, მაგრამ თუ აქ მოხდა, მაშინ სწორი იქნება?“

ჩვენ ქვეყანა გვქონდა, მაგრამ ახლა აღარ გვაქვს. მთელი უკრაინა ფურთხის ღირსადაც არ გვთვლის აღმოსავლეთს. ჩვენ მოქალაქეები ვართ თუ არა? თანამოქალაქეებს ამცირებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ისინი გმირები არიან, ჩვენ კი აქ ხეპრეები ვართ, მუშა ხეპრეები...
იგორი
სივონენკო და ალექსანდრი ფიქრობენ, რომ კიევში მთავრობას ახლა სურს „ბერკუტის“ შთამომავალი სხვა დანაყოფი გამოიყენოს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი დემონსტრანტების დასაშლელად. ისინი ამბობენ, რომ უწინდელი „ბერკუტის“ წევრები ახლა „განსაკუთრებული მიზნებისთვის შექმნილ საპოლიციო დანაყოფში“ გააერთიანეს.

მათი თქმით, ოფიცრებს უბრძანეს „უხეშად ემოქმედათ“ დონეცკში, პრორუსულად განწყობილი დემონსტრანტების მიმართ, რომლებმაც გასულ კვირაში ორჯერ დაიკავეს რეგიონალური ადმინისტრაციის შენობა და გამოვიდნენ დონბასის რეგიონისთვის მეტი ავტონომიის მინიჭების მოთხოვნით. სივონენკო და ალექსანდრი ამბობენ, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა.

კიევის კონფლიქტში „ბერკუტის“ შვიდი ოფიცერი დაიღუპა. დონეცკიდან წასულებს შორის ცხრა დაიჭრა. ორი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ფილტვსა და თავში.
სივონენკოს მეგობარი, დონეცკელი იგორი, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ დონბასის რეგიონის ავტონომია სურს:

„ჩვენ ქვეყანა გვქონდა, მაგრამ ახლა აღარ გვაქვს. მთელი უკრაინა ფურთხის ღირსადაც არ გვთვლის აღმოსავლეთს. ჩვენ მოქალაქეები ვართ თუ არა? თანამოქალაქეებს ამცირებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ისინი გმირები არიან, ჩვენ კი აქ ხეპრეები ვართ, მუშა ხეპრეები, რომლებმაც უნდა იმუშაონ და ბიუჯეტში ფული შეიტანონ. მაგრამ ასე ხომ არ ხდება“.

იგორის თქმით, ეს განწყობა დღესდღეობით ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთში მცხოვრებ რუსულენოვან მოქალაქეებს შორის.
XS
SM
MD
LG