Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ყირიმის ანექსიის შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ყირიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას უკრაინის რეგიონის, ყირიმის და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა მას შემდეგ, რაც პუტინმა მიმართა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას, რიგგარეშე გაერთიანებულ სხდომაზე და ყირიმს უწოდა რუსეთის „განუყოფელი“ ნაწილი. მისივე თქმით, ყირიმში კვირას ჩატარებული რეფერენდუმი „დემოკრატიული“ და „საერთაშორისო ნორმების შესაბამისი“ იყო, ხოლო მისი შედეგი - რუსეთთან მიერთების მხარდაჭერა - „დამაჯერებელზე მეტი“. „ჩვენ არ შეგვეძლო, არ გამოვხმაურებოდით ამ თხოვნას. ვერ დავტოვებდით ყირიმსა და მის ხალხს გასაჭირში! სხვაგვარად ეს იქნებოდა, უბრალოდ ღალატი“, განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, რუსეთს არ სურს უკრაინის გაყოფა, მაგრამ ყოველთვის დაიცავს იქ მცხოვრები რუსებისა და რუსულენოვანების ინტერესებს. დეპუტატებმა პრეზიდენტს ბევრჯერ გააწყვეტინეს გამოსვლა აპლოდისმენტებით. მოსალოდნელია, რომ რუსეთის პარლამენტი მოკლე დროში დაამტკიცებს ხელშეკრულებას ყირიმის ანექსიის შესახებ.
XS
SM
MD
LG