Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: არ დავუშვებთ საერთაშორისო ნორმების შელახვას


ჯონ კერი
ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმედოვნებს, რომ მომდევნო თვეებში შესაძლებელი იქნება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა. ჯონ კერი ყირიმის კრიზისსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არავის მისცემს უფლებას ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმედოვნებს, რომ მომდევნო თვეებში შესაძლებელი იქნება ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევა. ირანის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა ვენაში 17-18 მარტს გამართეს.

„ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენ შევიმუშავებთ შეთანხმებას, რომელიც იქნება პრაქტიკული, დაბალანსებული და შინაარსიანი და რომელიც ოთხი თვის შემდეგ დასკვნითი გადაწყვეტილებებით დასრულდება. დრო სწრაფად გარბის და იმ ექვსი თვიდან, რაც მოცემული გვქონდა, ჩვენ ორთვე-ნახევარი უკვე გამოვიყენეთ, მომდევნო თვეებში კი რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები“, - განაცხადა ჯონ კერიმ რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

შეხვედრის მორიგი რაუნდი 7-8 აპრილს გაიმართება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის თანახმად, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, რაც მას ოპტიმისტურად განაწყობს და აფიქრებინებს, რომ ირანისა და მსოფლიო ქვეყნების ლიდერები დათქმულ ვადაში - 20 ივლისისთვის - მიაღწევენ შეთანხმებას. მოლაპარაკებათა მონაწილეები ცდილობენ შეიმუშაონ გრძელვადიანი შეთანხმება, პასუხად დასავლეთის შეშფოთებისა იმის გამო, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. ირანი ამ ბრალდებებს უარყოფს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ინტერესში არ არის რუსეთთან კონფრონტაცია, მაგრამ მოსკოვს არავინ მისცემს უფლებას ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო სამართლის ნორმები.

„არავის ინტერესში არ შედის, რომ კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ჩავარდეს უკრაინა, რუსეთის მიერ სამხედრო ძალების შეყვანისა და მეტი პროვოკაციული ქმედებების გამო. მეორეც, არავის ინტერესში არაა, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მისი ესკალაცია მოხდეს. მესამე, არავის ინტერესში არაა ახალი პრობლემები და შემდგომი მსხვერპლი სირიის, ირანისა და ავღანეთის მსგავსად, სადაც ჩვენ მოვახერხეთ თანამშრომლობა. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა ამ საკითხებზე, არ ვესწრაფვით კონფრონტაციას, არ მოვითხოვთ ამას, მაგრამ ვერავის მივცემთ უფლებას ფეხქვეშ გათელოს საერთაშორისო კანონმდებლობა. ჩვენ ვერ მივცემთ უფლებას რომელიმე ქვეყანას, რომ უნილატერალური ქმედებებით დაანგრიოს საერთაშორისო სტრუქტურები და აღადგინოს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წესრიგი“, - განაცხადა ჯონ კერიმ, რომელმაც 20 მარტს ინტერვიუ მისცა რადიოსადგურ "ამერიკის ხმას".

ხუთშაბათს ევროკავშირმა და აშშ-მა გააფართოვეს სანქცირებულ პირთა სია. ამის პასუხად, რუსეთმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ამერიკელ მოხელეს, ხოლო სატელევიზიო კომენტარში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სარკასტულად შენიშნა, რომ ის გახსნის ანგარიშს ბანკ „როსიაში“, რომელსაც ამერიკამ სანქციები დაუწესა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG