Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 25 მარტი


პრესაში კვლავაც იხილება ხელისუფლებაში უთანხმოების საკითხი, ანუ რაზე ვერ თანხმდებიან, მაგალითად, პრეზიდენტი და მთავრობა, ანდა რატომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილზე ის, რაც თქვა და ა.შ.. დღევანდელ გაზეთებში წაიკითხავთ აგრეთვე მოსაზრებებს შესაძლო მღელვარებისა თუ არეულობის შესახებ, რაც ძირითადად ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კომენტარებს ეხება.

„რეზონანსის“ სათაურია - „სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ახალი რევოლუციით იმუქრება“. ავტორი წერს, რომ „რუსთაველზე შესაძლო აქციების გამართვას და ვარდების რევოლუცია-2-ის მოწყობის მცდელობას ხელისუფლებაში „სახიფათო თამაშის“ დასაწყისად აფასებენ და ექს-პრეზიდენტს რუსული ოცნებების ასრულების მცდელობაში იქით ადანაშაულებენ. პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში სისხლისღვრა და დაპირისპირება გარდაუვალი იქნება, რამაც შესაძლოა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს“. „რეზონანსისთვის“ რამაზ საყვარელიძეს უთქვამს: „თუ „ქართულ ოცნებას“ შეცდომების კასკადი ექნება, მაშინ ახალი ალტერნატივები გაჩნდება და მოსახლეობის დიდი ნაწილი მათკენ წავა და არა „ნაციონალებისკენ“. „რეზონანსში“ გია ნოდიას მოსაზრებასაც გაეცნობით. ის თვლის, რომ სააკაშვილმა „იგულისხმა სცენარი, რომელიც, შეიძლება, მოგვიანებით დადგეს. ზოგადი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, რომ შესაძლოა დღევანდელი ხელისუფლების მოღვაწეობაც იმავე სტილში დასრულდეს, როგორც იანუკოვიჩის“. გია ნოდია თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ „მოსვლის შანსი აქვს“.

„სქემა, რომლითაც „ნაციონალები“ „მაიდანისთვის“ ემზადებიან“ - ეს „ალიას“ სათაურია. გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან, რომელიც ამბობს: „არ შემიძლია ახლა კონკრეტულ დეტალებზე ლაპარაკი, მაგრამ შემიძლია სქემა გითხრათ, რა ხდება სინამდვილეში: მოკლედ, მიდის მზადება და ამზადებენ სამი კატეგორიის ძალას. პირველი ესაა სტუდენტები, რომელთანაც მუშაობს „თავისუფალი ზონა“ და მისი ფილიალები, ტარდება ტრენინგები, მიდის ამ სტუდენტების იდეოლოგიური მომზადება. მეორე, ისაა ფენა სტუდენტებისა დ სპორტსმენების, რომლებიც ულტრანაციონალური და რადიკალური ლოზუნგებით გამოვლენ და მესამე, ეს არის მაღალი დონის სპორტსმენები, რომლებსაც ამზადებენ კონკრეტულ დარბაზებში“.

„გიორგი მარგველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს უპირისპირდება?“ - სათაურში სვამს კითხვას „ახალი თაობა“, რომლის ავტორიც წერს: „ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მარგველაშვილი არ იზიარებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში საპრეზიდენტო არჩევნებამდე განხორციელებული ცვლილებების არსს“. „ახალი თაობისავე“ თანახმად, „„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტრო, ინიციატორი კი მთავრობაა, პარლამენტს იანვრის ბოლოს წარედგინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს 3 თებერვალს მიაწოდა. ეს საკმაოდ ძველი ამბავია, მაგრამ ახლა გამოვიდა სამზეოზე და, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ეს დაპირისპირება გაგრძელდება“.

„ახალ თაობაში“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან ინტერვიუს წაიკითხავთ. ძაბირაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტზე გამოთქმულ კრიტიკასაც ეხმაურება და ამბობს: „განა რა მოხდა ასეთი, ივანიშვილს აღარ მოეწონა მარგველაშვილის რაღაც ნაბიჯები და გააკრიტიკა. ჩვენც ხომ ვაკრიტიკებთ მთავრობას, რა განსხვავებაა ამაში? პრობლემა იქნებოდა, რომ მარგველაშვილი უხმოდ დამორჩილებოდა იმ მოსაზრებებს, რაც შესთავაზა ივანიშვილმა“.

დასასრულ, ისევ „ალიას“ მივუბრუნდები. გაზეთის კორესპონდენტს ჯავახეთში არსებულ ვითარებასა და განწყობებზე ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი ესაუბრება: „ჩვენ დღეს იქ არ გვყავს იდეოლოგიური პარტნიორი, ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის - მე პოლიტიკურად ქართველი ვარ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა და მე მას დავიცავ. მე ცალკეულ ადამიანებზე არ მაქვს ლაპარაკი, მე სერიოზულ ძლიერ კლანებსა და ჯგუფებზე ვსაუბრობ, რადგან ისინი არიან აზრის შემქმნელები. სწრაფად და ძალიან ეფექტურად უნდა მოვახდინოთ ის, რომ იმ ადამიანების გული მოვიგოთ, რომლებიც ამინდს ქმნიან რეგიონში ან პოტენციალი აქვთ, რომ შექმნან“, - ეუბნება „ალიას“ არნოლდ სტეფანიანი, რომელიც თვლის, რომ ჯავახეთში არიან ჯანსაღი ძალები და აქცენტი მათზე უნდა გაკეთდეს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG