Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიმატებს სააკაშვილი პროკურატურას სკაიპში?


მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქცია
27 მარტს, 13.00 საათზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამოცხადდა მთავარ პროკურატურაში, სადაც ის მოწმის სტატუსით დასაკითხად იყო დაბარებული. სამაგიეროდ, პროკურატურის შენობასთან მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები, რომელთა შორის მომხდარი დაპირისპირება რამდენიმე აქტივისტის დაკავებით დასრულდა. დღის ბოლოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა ტექნიკური საშუალებებით დისტანციური დაკითხვა სამშობლოში დაბრუნების გარეშე. რას აპირებს პროკურატურა და როგორ ხსნიან პოლიტიკოსები ყოფილი პრეზიდენტის საქციელს?

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით - მაგალითად, skype-ით - დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა. პროკურორ კოკა კაციტაძის თქმით, ამ შემთხვევაში აღარ იქნება სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობა და ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შიშის საფუძველი:

„აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთკვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.
გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, გარკვეული ანაზღაურების გამო თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილია. ჩვენ ყოველთვის მიხეილ სააკაშვილს ვხვდებოდით ხმაურიანად და ახლაც ასეა. ამ ადამიანებთან რეპეტიცია უნდა გავიაროთ...
მელორ ვაჩნაძე
მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი“.

მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში 27 მარტს 13 საათისათვის იყო დაბარებული. სწორედ ამ დროისათვის შეიკრიბნენ იქ მისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები.

„აბა, რომელი ხარ მიშა? აქა ვართ, გამოიხედე... რამდენი აიღე, მიშა რომ გამხდარიყავი?“ - პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე და მისი თანამოაზრეები მთავარი პროკურატურის წინ კონტრაქციის გასამართად მივიდნენ:

„გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, გარკვეული ანაზღაურების გამო თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილია. ჩვენ ყოველთვის მიხეილ სააკაშვილს ვხვდებოდით ხმაურიანად და ახლაც ასეა. ამ ადამიანებთან რეპეტიცია უნდა გავიაროთ, ვიდრე სააკაშვილი ჩამოვა და დაკითხავენ. ყველამ უნდა იცოდეს, თუ რა განწყობაა საქართველოში სააკაშვილის მიმართ“.
მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია
მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია
მელორ ვაჩნაძის განცხადების ადრესატებს კი, ანუ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს, ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები შემდეგი წარწერით: „მადლობა, მიშა!“, ხოლო გულზე ებნიათ სახელდახელოდ დამზადებული სამკერდე ნიშნები, მოთხოვნით: „მეც დამკითხეთ!“. რადიო თავისუფლება ერთ-ერთ მათგანს, კარინა გრიგორიანს, გამოელაპარაკა.

„ჩვენ ვაპროტესტებთ მიხეილ სააკაშვილის დაბარებას პროკურატურაში ათ სისხლის სამართლის საქმეზე. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა ამ ხელისუფლების მიერ. მაგალითად, აშკარად პოლიტიკურია გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალების გამოძიება. შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა. როგორ შეიძლება ამ საკითხზე პრეზიდენტის დაკითხვა?“, უთხრა კარინა გრიგორიანმა რადიო თავისუფლებას.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავად განმარტა გასაგებად, თუ რატომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას იმ ცირკში, რომელსაც ღარიბაშვილის დავალებით მართავს გერმანიაში ნაყაჩაღარი ფარცხალაძე კონსპირაციული ბინიდან...
ზურაბ ჯაფარიძე

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს კონტრაქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, პლაკატები დაუხიეს და კვერცხები ესროლეს, რის გამოც საპატრულო პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. პრეზიდენტის დაკითხვაზე მიუსვლელობას გამოეხმაურა ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობაც“, რომლის ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, განაცხადა:

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავად განმარტა გასაგებად, თუ რატომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას იმ ცირკში, რომელსაც ღარიბაშვილის დავალებით მართავს გერმანიაში ნაყაჩაღარი ფარცხალაძე კონსპირაციული ბინიდან. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განმარტა და მასთან ერთად ბევრმა ევროპელმა ლიდერმა და სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა, რომ ეს ცირკი ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანს მიხეილ სააკაშვილს ვერც მისი თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის თვალსაზრისით და ვერც მისი ავტორიტების შელახვის თვალსაზრისით“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ პროკურატურა მთავრობის პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს. ამგვარი ეჭვების გაფანტვის აუცილებლობის შესახებ საუბრობენ მესამე სექტორის აქტიური წარმომადგენლებიც, რომელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

ამ პროცესების მთავარ მიზანს წარმოადგენს წინასაარჩევნოდ მაქსიმალური პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა და, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ შეხსენება საზოგადოებისათვის...
გიორგი მშვენიერაძე
„ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე გარემოება, რამაც შეიძლება სერიოზული ჩრდილი მიაყენოს ობიექტურ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რატომ წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა მაინცდამაინც ახლა და როგორ მოხდა, რომ რამდენიმე საქმეზე მისი დაკითხვა ერთსა და იმავე დროს გახდა საჭირო“.

ამ განცხადების ერთ-ერთი ავტორი, ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“დამფუძნებელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე ვარაუდობს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართლის განხორციელებასთან:

„ამ პროცესების მთავარ მიზანს წარმოადგენს წინასაარჩევნოდ მაქსიმალური პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა და, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ შეხსენება საზოგადოებისათვის იმ პოლიტიკური შეცდომების, არაპოპულარული ქმედებების შესახებ და იმის კიდევ ერთხელ გახსენება, თუ რას აფუჭებდა წინა ხელისუფლება“.

ორი აქცია პროკურატურის წინ
ორი აქცია პროკურატურის წინ
რატომ დაიბარეს დაკითხვაზე ყოფილი პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ და რატომ ერთდროულად ათამდე საქმეზე? ამ კითხვებით რადიო თავისუფლებამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს, მიმართა. პასუხის თანახმად, საქართველოში ყოველი წელი საარჩევნოა, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებული ეჭვი უსაფუძვლოა. რაც შეეხება საქმეთა რაოდენობას:

„ძალიან ცოტაა ათი საქმე! მე არ მჯერა იმის, რომ 26 მაისს ვანო მერაბიშვილმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რაც უკვე სასამართლოს მიერაა გამოცხადებული დანაშაულად და რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასევე არ მჯერა, რომ 7 ნოემბერს ვანო მერაბიშვილმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ უგულავა ფულს არიგებდა სააკაშვილთან შეუთანხმებლად... უამრავი სხვა უბედურების ჩამოთვლა შეიძლება... „იმედის“ საქმე ავიღოთ. არ მჯერა, რომ სააკაშვილი არ უყურებდა იმ დღეს ტელევიზორს ან არ გასცემდა განკარგულებებს. ასე რომ, ეს ათი საქმე ძალიან ცოტაა!“, უთხრა ზაქარია ქუცნაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, მაშინ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მთავარ პროკურორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოწმე სააკაშვილის იძულებით წარმოდგენა მოითხოვოს ანდა, საკმარისი სამხილების არსებობის შემთხვევაში, ბრალი წაუყენოს ყოფილ პრეზიდენტს და მიმართოს სასამართლოს ძებნის გამოცხადების მოთხოვნით.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG