Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი და ლავროვი იმსჯელებენ უკრაინის კრიზისის განმუხტვაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი კვირას პარიზში გამართავენ შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ მოსკოვის პასუხს გეგმაზე, რომელიც აშშ-მა შეიმუშავა უკრაინის კრიზისის დე-ესკალაციის მიზნით. შეხვედრა გაიმართება საფრანგეთში რუსეთის ელჩის რეზიდენციაში. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ამერიკული გეგმა მოიცავს არარეგულარული შენაერთების განიარაღებას, უმცირესობების უფლებების დაცვის პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართვას, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი დიალოგის გამართვას და უკრაინაში პოლიტიკური რეფორმების გატარებას. პარიზში დანიშნული შეხვედრის ფონია დაძაბულობა, რომელსაც იწვევს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრის ახლოს რუსეთის ათასობით სამხედროს ყოფნა. შაბათს ლავროვმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ რუსეთი მზად არის დაიცვას უკრაინაში მცხოვრები რუსების და რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებები.
XS
SM
MD
LG