Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჟურნალისტი მოკლეს


გერმანელი ფოტოგრაფი ანია ნიდრინგჰაუზი
გერმანელი ფოტოგრაფი ანია ნიდრინგჰაუზი
პარასკევს ავღანეთში ჟურნალისტი მოკლეს - გერმანელი ფოტოგრაფი ანია ნიდრინგჰაუზი. დაიჭრა მასთან ერთად მყოფი კანადელი ჟურნალისტი კეტი გენონი. ორივე ქალს ავღანელმა პოლიციელმა ესროლა - ერთი დღით ადრე ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო და მუნიციპალურ არჩევნებამდე.

გერმანელი ფოტოგრაფი, პულიცერის პრემიის ლაურეატი ანია ნიდრინგჰაუზი საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ დავალებით იყო ჩასული ხოსტის პროვინციაში, პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარე ავღანეთის ერთ პატარა სოფელში, როცა თავდასხმა მოხდა მასზე და კანადელ ჟურნალისტ კეტი გენონზე.

ნიდრინგჰაუზისაგან განსხვავებით, გენონი გადარჩა. ის დაჭრილია, მაგრამ, ხოსტის გუბერნატორის პრესმდივან მუბარეზ ზადრანის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ოფიცერი, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტს, დაპატიმრებულია და მის მიმართ ამჟამად გამოძიებას აწარმოებენ. ის იდენტიფიცირებულია როგორც ნაყიბულა - ავღანეთის პოლიციის თანამშრომელი, ახალგაზრდა კაცი...

„ინფორმაციით, რომელიც ეს-ესაა მივიღე საავადმყოფოდან, საბედნიეროდ, შემიძლია გითხრათ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ის აღარ არის საფრთხეში“, განაცხადა ხოსტის გუბერნატორის პრესმდივანმა პარასკევს. ის ამბობს ასევე, რომ ადგილზევე დააკავეს თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი - ავღანეთის ეროვნული პოლიციის უმცროსი მეთაური.

„ოფიცერი, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტს, დაპატიმრებულია და მის მიმართ ამჟამად გამოძიებას აწარმოებენ. ის იდენტიფიცირებულია როგორც ნაყიბულა - ავღანეთის პოლიციის თანამშრომელი, ახალგაზრდა კაცი. ვციდლობთ, დავადგინოთ თავდასხმის შესაძლო მოტივები, მაგრამ ჯერ ბევრი ინფორმაცია არ მოგვიპოვებია. როგორც კი დასრულდება გამოძიება, მეტ დეტალს შევატყობინებთ მედიას“, განაცხადა გუბერნატორის პრესმდივანმა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ორი ჟურნალისტი მოგზაურობდა ავტოკოლონასთან ერთად, რომლითაც საარჩევნო ბიულეტენებს არიგებდნენ და რომელსაც ავღანელი ჯარისკაცები და პოლიციელები იცავდნენ. ერთ ადგილას, როცა ავტოკოლონა გაჩერდა, ჟურნალისტების მანქანას მიუახლოვდა პოლიციელი და ცეცხლი გაუხსნა.

მოკლული ანია ნიდრიგჰაუზი 48 წლის იყო. ჟურნალისტისთვის მართლაც გამორჩეული აღიარება მას ერგო 2005 წელს, როცა „ასოშიეიტიდ პრესის“ კიდევ 10 ფოტოგრაფთან ერთად მოიპოვა პულიცერის პრემია ერაყის ომის გაშუქებისათვის.

კონფლიქტებით მოცულ რეგიონებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს 60 წლის კეტი გენონსაც. კანადელი ჟურნალისტი სამი ათწლეულია მუშაობს ავღანეთსა და პაკისტანში, აკეთებს საქმეს, რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა მის არაერთ კოლეგას - არამარტო ანია ნიდრინგჰაუზს.

20 მარტს ქაბულში მოკლეს საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ კორესპონდენტი სარდარ აჰმადი. თავდასხმისას დაიღუპნენ მისი მეუღლე და ორი შვილიც. მანამდე, 11 მარტს, ქაბულშივე მოკლეს შვედი ჟურნალისტი ნილს ჰორნერი.
XS
SM
MD
LG