Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 8 აპრილი


დღევანდელი ქართული პრესა ცდილობს გააანალიზოს უკრაინაში შექმნილი ვითარება და ის, თუ რა მოელის საქართველოს რუსეთის მხრიდან. „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს: „დღეს ისეთი სიტუაციაა, ყირიმისა და უკრაინის გამო მესამე მსოფლიო ომს ვერავინ დაიწყებს. მე მაქვს იმედი, რომ რუსეთშიც მოვლენ ცოტა აზრზე და მიხვდებიან, რომ ცეცხლთან თამაში არ შეიძლება. დღევანდელი ტრაგედიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რა წესრიგიც დამყარდა და რაზეც შედგა შეთანხმება, ახლა მიდის ამისი რღვევა. მეტიც, ვხედავთ, ეს ყველაფერი ინგრევა“.

„რეზონანსის“ სტატია ასეა დასათაურებული: „განწირული უკრაინა“. ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ „რთულია, უკრაინის ხელისუფლებას დღეს რამე ურჩიო, რადგანაც ნებისმიერი აქტივობა - იქნება ეს სამხედრო თუ სხვა სახის - ხალხის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ამას სერიოზული დაპირისპირება მოჰყვება. სწორედ მაშინ შეიძლება რუსულმა არმიამ უკრაინის საზღვარი გადალახოს“. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „რეზონანსს“ ეუბნება: „ჩვენსა და რუსეთს შორის ორი ოკეანე თუ არა, ერთი საშუალო ზომის ზღვაც რომ არსებობდეს, ან 3-4 ცივილიზებული ქვეყანა, აქტიურობის ფუფუნება გვექნებოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ რუსეთს მხოლოდ ის მავთულხლართები გვაშორებს, რომლებმაც ფეხი აიდგეს და სადაცაა გორამდე და მცხეთამდე ჩამოვლენ“.

„რეზონანსშივე“ ქვეყნდება სტატია, რომელიც საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისა და ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს ეხება. ერთ-ერთი რესპონდენტი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, თვლის, რომ საქართველოს ახლა სჭირდება არა „მაპი“, არამედ პირდაპირ წევრობა, რაც ნაკლებად რეალურია. კიდევ ერთი პოლიტოლოგი კი, ზურაბ დავითაშვილი, „რეზონანსს“ ეუბნება: „მაპის მიღების შემთხვევაშიც კი წევრობაზე რამდენიმე წელი არ უნდა ვიფიქროთ. თუმცა ისიც საკითხავია, მოგვენიჭება თუ არა იგი უახლოეს მინისტერიალზე. მეშინია, ხალხში ყალბი მოლოდინი არ შეიქმნასო“.

ისევ „ალიას“ მივუბრუნდები, სადაც ქვეყნდება ინტერვიუ „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელ ნანა დევდარიანთან, რომელიც რამდენიმე სხვა ქართველ ექსპერტთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვში ახლახან გამართულ კონფერენციაში. ამ ღონისძიების გარდა, დევდარიანი ჰყვება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებაც. მისი თქმით, მოსკოვის შეხვედრაზე ლაპარაკი იყო მავთულხლართებზეც. „ჩვენ განვიცდით ამას იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ხდება, მაგრამ მათი პასუხია, რომ გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება სამხრეთ ოსეთთან, მათთან ურთიერთქმედებაში აკეთებენ ამას. კარასინმა თქვა, რომ ყველგან არის გაკეთებული დაბალი ღობეები, თავისი გადამცემებით, რომელიც მოძრაობას აფიქსირებს. არის გახსნილი არაერთი გამშვები პუნქტი, რომლის მეშვეობითაც ხალხი მოძრაობს. ჩვენც გვესმის, რომ ეს გარკვეული დისკომფორტია, რადგან ხალხი მიჩვეული იყო, რომ მინდორს პირდაპირ გადაჭრიდა და მივიდოდა კონკრეტულ ადგილას. ახლა უწევს ის, რომ შემოუაროს ტერიტორიას და გავიდეს ამ პუნქტითო. ეს ამბავი წარმოუდგენელია ჩვენთვის, მაგრამ მათი მოსაზრება ასეთია და ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკებებით“, - უზიარებს გრიგორი კარასინთან შეხვედრის შინაარსს ნანა დევდარიანი გაზეთ „ალიას“.

ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების კონტექსტში არასაპარლამენტო ოპოზიციის მზადებაზე „ახალ თაობაში“ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ალეკო შალამბერიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის თვლის, რომ დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნის შანსი ჯერ კიდევ არის: „ჩვენ გაერთიანებისთვის მზად ვართ. ოღონდ, ვითხოვთ, რომ საარჩევნო სუბიექტების გაერთიანება მოხდეს. ამაზე ნინო ბურჯანაძის მხრიდან ჯერ დადებითი პასუხი არ მიგვიღიაო“, ამბობს შალამბერიძე, რომელიც „ახალი თაობის“ კორესპონდენტს იმასაც უმხელს, რომ თუკი აღნიშნული პირობა შესრულდება, „სხვა პიროვნულ საკითხებს გვერდზე გადავდებდითო“. „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალეკო შალამბერიძე ამბობს, რომ „თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციური გაერთიანების თემაზე დიალოგს აწარმოებს „ახალ მემარჯვენეებთანაც“.

„ალია“ კი „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას ირაკლი ოქრუაშვილთან მოლაპარაკებების შესახებ ეკითხება. კუკავა პასუხობს: „არ იქნება ახლა კორექტული, როცა ორი ადამიანი საუბრობს და ერთ-ერთს გამოაქვს ეს ყველაფერი საჯაროდ. საჯაროდ ერთად გამოვიტანთ ამ ყველაფერს პარასკევს. მე არ გეუბნებით, ვისთან ვსაუბრობთ. ჩვენ 4-5 პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს. ვისთანაც დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს წარმატებით, პარასკევს გავაკეთებთ განმარტებას. ოქრუაშვილთან შესაძლო თანამშრომლობას კი არც უარვყოფ და არც ვადასტურებ“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG