Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გზამკვლევი ქართული ღვინის სამყაროში


სულ ახლახან დღის სინათლე იხილა მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილმა „ქართული ღვინის გზამკვლევის“ მესამე, 2014 წლის, ბილინგვურმა (ქართულ-ინგლისურმა) გამოცემამ, რომელშიც ღვინის დაინტერესებული მოყვარული ყველა იმ სიახლეს გაეცნობა, რასაც ადგილი ჰქონდა ქართული ღვინის სამყაროში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. 2014 წლის გზამკვლევი, წინა წლების გამოცემებთან შედარებით, უფრო ვრცელი და მრავალფეროვანია. ტრადიციულად, დიდი ადგილი აქვს დათმობილი გასულ წელს ჩამოსხმული ღვინოების დახასიათებასა და საცნობარო ინფორმაციას, თუმცა არის სიახლეც: ცალკე თავი მიეძღვნა ადგილწარმოშობის დასახელებებს, რომლებსაც ასევე შეხვდებით გზამკვლევისათვის დართულ საქართველოს ღვინის რუკაზე.

„ქართული ღვინის გზამკვლევის“ ავტორის, მალხაზ ხარბედიას თქმით, ქართული ღვინო განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის. გზამკვლევის ყოველწლიურად გამოცემის ტრადიციის დამკვიდრებაც ამ ეტაპის მნიშვნელოვანი და, შეიძლება იქვას, წარმატებული ნაწილია:

„ძალიან განივრცო რეგიონების თავები, დაემატა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მევენახეობის რეგიონების ნიადაგებისა და ჰავის შესახებ. წინა ორ გზამკვლევში ყოველივე ეს ასე დეტალურად არ იყო მიმოხილული, ახლა კი გათვალისწინებულია ნიადაგისა და ჰავის შესწავლის 100-წლოვანი ტრადიცია. გარდა ამისა, დამატებულია ახალი თავები, მაგალითად, „ადგილწარმოშობის დასახელებები“, რომელშიც აღწერილია ზვრები, ნიადაგები, ღვინის ტიპურობა, როგორია ესა თუ ის კონკრეტული ღვინო, მაგალითად, „მუკუზანი“ იქნება ეს, „ქინძმარაული“ თუ „წინანდალი“.“

მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედიას თქმით, წიგნში შეტანილია დეტალური ინფორმაცია თვრამეტივე ადგილწარმოშობს დასახელების შესახებ, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მიკროზონების აღწერას შემდეგი პარამეტრებით: ფართობი, ნიადაგი, კლიმატი, საუკეთესო ზვრები, ვაზის ჯიშები, ღვინის დაყენების მეთოდი და ისტორიული ექსკურსი. საუბარია ყველასათვის კარგად ცნობილ ადგილწარმოშობის ისეთ დასახელებებზე, როგორებიცაა, მაგალითად: კოტეხი, კარდენახი, ტიბაანი, წინანდალი, სვირი, ხვანჭკარა, ტვიში, ატენი და სხვა. ფრაგმენტი 2014 წლის ღვინის გზამკვლევიდან:

ატენი: მდებარეობს გორის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე, მდინარე ტანას მარჯვენა და მარცხენა ფერდობებზე. ვენახები მოიცავს სოფლებს პატარა ატენს, გარდატენს და დიდ ატენს.
ზვრები: დავით კაზვარი დიდ ატენში. ხორგუაანთეული, მეურმეანთეული, ჭეჭელაანთუბანი, ჭიკუაანთეული სიონში, დვალიაანთეული.
ფართობი: 14,5 კვადრატული კილომეტრი.
ნიადაგი: თიხნარი და ლამიანი.
ვაზის ჯიშები: ჩინური და გორული მწვანე.
ღვინო: ატენური ჯერ კიდევ შუასაუკუნებში იყო ცნობილი. ატენურს ეგრეთ წოდებულ ბუნებრივ ცქრიალა ღვინოსაც უწოდებენ. ხეობაში დღესაც აქტიურად მისდევენ მევენახეობა-მეღვინეობას, თუმცა ამ დასახელების ღვინოს არც ერთი ღვინის კომპანია არ აწარმოებს“.
აქ არის ვაზის გავრცელების არეალები, ტურისტულად საინტერესო მარნები, ვაზის ჯიშები და ასე შემდეგ. ბევრი თემატიკაა მოცემული. უკანა გვერდზე კი არის საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ზონის დეტალური ტოპოგრაფიული რუკები...
ზაზა გაგუა

ადგილწარმოშობის დასახელების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე დატანილია საქართველოს ღვინის რუკის უკანა მხარეზე. რუკის ავტორის, ეკოტურიზმის განვითარების ცენტრის წარმომადგენლის ზაზა გაგუას თქმით, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი საქართველოს ღვინის რუკა გაკეთდა შარშან, 2014 წელს კი ის განახლდა და დაიხვეწა.

„აქ არის ვაზის გავრცელების არეალები, ტურისტულად საინტერესო მარნები, ვაზის ჯიშები და ასე შემდეგ. ბევრი თემატიკაა მოცემული. უკანა გვერდზე კი არის საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ზონის დეტალური ტოპოგრაფიული რუკები, რომლიც გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, მაგალითად, წინანდალი რომელ სოფლებს მოიცავს, რა არეალზეა გავრცელებული. ეს, ფაქტობრივად, ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, რომ ასე ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ამ რუკების მხოლოდ სამეცნიერო ნიმუშები არსებობდა. მომავალი წლისთვის დაგეგმილი გვაქვს მისი უფრო მეტად დეტალიზაცია და გაღრმავება სხვადასხვა თემატიკით. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ ღვინის კლუბთან ერთად სხვადასხვა რეგიონების ინფოგრაფიკებზე. უკვე გავაკეთეთ იმერეთის რეგიონის ღვინის ინფოგრაფიკი, სადაც დეტალიზებულია ინფორმაცია ჯიშების, მეღვინეობა-მევენახეობისა და ქვევრების წარმოების კერების შესახებ.
რუკის კეთებისას ვეყრდნობით ძველი ტოპოგრაფიული რუკებიდან ამოღებულ ინფორმაციას, ჩვენს დაკვირვებებს, აეროსურათების დეშიფრირებას... ახლა საქართველოში ხდება ვენახების კადასტრირება და, შესაბამისად, მომავალ წელს უფრო კარგად გვეცოდინება, რომელ რეგიონში ვაზის რომელ ჯიშს რა ფართობი უჭირავს და რუკაც უფრო დეტალური და ზუსტი იქნება“, უთხრა ზაზა გაგუამ რადიო თავისუფლებას.

ზაზა გაგუას გვარს ასევე შეხვდებით გზამკვლევის იმ ნაწილში, რომელსაც „ღვინის დახასიათებები“ ჰქვია. სწორედ ზაზა გაგუასა და მისი მარნის “vino martvile”-ს ძალისხმევით, ბაზარზე მრავალი წლის შემდეგ კვლავ გამოჩნდა მშრალად დაყენებული მეგრული ოჯალეში, რომელსაც მალხაზ ხარბედია „ქართული ღვინის გზამკვლევში“ ასე აღწერს:

გამოცემის პრეზენტაცია
გამოცემის პრეზენტაცია
„ყურძენი ოჯალეშის საუკეთესო მიკროზონაში, მდინარე ტეხურის ხეობაში, სოფელ თარგამეულშია დაკრეფილი ნოემბრის დასაწყისში. ახალი, ჟოლოსფერი ღვინოა, შედარებით მკრთალი, დახვეწილი გარეგნობით. ხალისიანი, ხილის სურნელებით იპყრობს პირველ ყურადღებას, სადაც, პირველ რიგში, მწიფე წითელ ალუჩას, წითელ ქლიავს, მცირედ კვამლისა და მცენარეულ ნოტებს გამოარჩევთ. დაბოლოებისას წინა პლანზე გამოდის ქონდრისა და სხვა ქართული სუნელების არომატი. სასიამოვნო, ხავერდოვანი ტანინებით გამოირჩევა ღვინო. საკმაოდ ხავერდოვანი დაბოლოება აქვს“.

ზაზა გაგაუას თქმით, მეგრულ ოჯალეშს ჯერჯერობით მხოლოდ მისი საოჯახი მარანი აწარმოებს:
მალხაზ ხარბედიას აზრი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, „ქართული ღვინის გზამკვლევი“ ერთადერთი სრული გამოცემაა ღვინის თემაზე...
ნანა მარანელი

„შარშან 400 ბოთლი გვქონდა. წელს, შემოდგომაზე, 800 ბოთლს ჩამოვასხამთ. საკუთარ ვენახს ვაშენებთ და ნელ-ნელა ვაპირებთ გაფართოებას“.

ცხადია, ღვინის გზამკვლევში, მცირე საოჯახო მარნებთან ერთად, წარმოდგენილია ღვინის მსხვილი კომპანიების პროდუქციაც. ნანა მარანელი ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ მარკეტინგის მენეჯერია:

„კომპანიას თავისი მეღვინეები და დეგუსტატორები ჰყავს. შესაბამისად, ხარისხზე ჩვენვე ვზრუნავთ, მაგრამ მალხაზ ხარბედიას აზრი ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, „ქართული ღვინის გზამკვლევი“ ერთადერთი სრული გამოცემაა ღვინის თემაზე. კომპანია „მეღვინეობა ხარება“ აქტიური მხარდამჭერია ამ წიგნისა, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის ცნობადობის აღმავლობას და ღვინის ტურიზმის განვითარებას“.

ღვინის კომპანიების წარმომადგენლების გარდა, მალხაზ ხარბედიას წიგნის მნიშვნელობაზე საუბრობენ ღვინის ჟურნალისტებიც. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, პირველ რიგში, ღვინის გზამკვლევი აჯამებს გასულ, 2013, წელს და ღვინის მოყვარულს აწვდის ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომლებიც მას 2014 წელს ელოდება. გარდა ამისა, მკითხველი წიგნში გაეცნობა ყველა მნიშვნელოვანი ქართული ღვინის დახასიათებას:

ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი
„ლაპარაკია იმაზე, რომ ღვინის მოყვარული ერთ წიგნში ნახავს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას, მაგალითად, იმას, თუ რომელ და რა თვისებისა თუ ხასიათის ღვინოებთან აქვს საქმე. როდესაც მაღაზიის დახლთან არჩევანზე მიდგება საქმე, ეს წიგნი გარკვეულწილად დაეხმარება მას. ...აქ იმდენად ობიექტური ინფორმაციაა მოცემული, თვითონ ავტორი იმდენად ობიექტურად ასახავს ღვინის ტენდენციებს, რომ ღვინის კომპანიებისთვის გარკვეულწილად პრესტიჟია, რომ იყვნენ ამ დახასიათებებსა და ანალიტიკურ სტატიებში, რომლებსაც ავტორი გვთავაზობს. როცა წლის ტენდენციებს აჯამებს ავტორი, პრესტიჟის საკითხია, რომ კომპანიების ღვინოები და მათი საქმიანობა მოხვდნენ ამ ობიექტურ ინფორმაციაში“.
რეკლამა არ ახდენს გავლენას ამ კრებულში შესატანი ღვინოების დახასიათებებზე, ანუ შედის მხოლოდ ის ღვინო, რომელიც ღირსია მოხვდეს ამ გზამკვლევში და რომლებიც, ჩემი აზრით, წარმოადგენენ ქართული ღვინის სახეს...
მალხაზ ხარბედია

როგორ და რა წყაროებიდან მოიძიებს ავტორი ობიექტურ ინფორმაციას საქართველოში დაწურული ღვინოების შესახებ? მალხაზ ხარბედიას თქმით, მისი ცოდნა და დასკვნები ეფუძნება მრავალი ადამიანის გამოცდილებასა და ადგილებიდან მიღებულ ინფორმაციას.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, არა მხოლოდ კახეთში, ქართლსა და იმერეთში, არამედ გურიაშიც, სამეგრელოშიც და სხვა რეგიონებშიც მუდმივი კონტაქტი გვაქვს მევენახეებთან და მეღვინეებთან, რომლებიც გვაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორი იყო გაზაფხული ვენახისთვის, ზაფხული, შემოდგომა, როგორი იყო მწიფობის პერიოდი და ა.შ. ეს მუდმივი თანამშრომლობაა არა მხოლოდ მევენახე გლეხებთან, არამედ კომპანიებთანაც.
რაც მთავარია, ამ გზამკვლევში ღვინოები წარმოდგენილია იმის მიუხედავად, კომპანიებს აქვთ თუ არა განთავსებული რეკლამა. რეკლამა არ ახდენს გავლენას ამ კრებულში შესატანი ღვინოების დახასიათებებზე, ანუ შედის მხოლოდ ის ღვინო, რომელიც ღირსია მოხვდეს ამ გზამკვლევში და რომლებიც, ჩემი აზრით, წარმოადგენენ ქართული ღვინის სახეს“, უთხრა მალხაზ ხარბედიამ რადიო თავისუფლებას.

მალხაზ ხარბედიას წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართული ღვინის ისტორიას, მის დღევანდელობას, შარშანდელი მოსავლის მიმოხილვას, ქართული ვაზის ჯიშების აღწერას, რეგიონებისა და ადგილწარმოშობების დახასიათებას, ღვინის კლასიფიკაციას, ღვინის ტურიზმს, საცნობარო ინფორმაციას, სტატისტიკურ მონაცემებსა და ტექნიკურ დეტალებს, თუმცა, ამის მიუხედავად, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, როგორც მწერალი შადიმან შამანაძე შენიშნავს, ავტორის ცოდნისა და ნიჭის წყალობით, დიდი ინტერესით იკითხება:

შადიმან შამანაძე
შადიმან შამანაძე
„მალხაზი არის ცოცხალი ენციკლოპედია! ყველა ნიუანსში ერკვევა და, რაც მთავარია, ამის შესახებ ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად შეუძლია წერა და ლაპარაკი“.

აკი ლაპარაკობს და წერს კიდეც იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქართული მეღვინეობისა და მისი ტრადიციების აღორძინებისთვის, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების პარალელურად, ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის. „ქართული ღვინის გზამკვლევის“ მიხედვით, საქართველოში ღვინის წლიური მოხმარება ერთ სულზე 15-20 ლიტრს არ აღემატება, რაც მნიშვნელოვანად ნაკლებია ევროპის მაჩვენებელზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რესტორნების ქსელი გაჯერებულია უხარისხო, დაავადებული და, სულაც, ფალსიფიცირებული ჩამოსასხმელი ღვინით. და ეს მაშინ, როცა, მალხაზ ხარბედიას თქმით, სულ უფრო მეტი უცხოელი მომხმარებელი და ღვინით მოვაჭრე ყიდულობს განსაკუთრებული ინდივიდუალობით გამორჩეულ არაერთ ქართულ ღვინოს, რომელიც უნიფიცირებული თანამედროვე ბაზრის პირობებში ბევრისთვის ერთგვარ თავშესაფრადაც იქცა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG