Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი „ქართული ღვინის გზამკვლევი“


ღვინის კლუბისა და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ძალისხმევით დღის სინათლე იხილა პირველმა „ქართული ღვინის გზამკვლევმა“, რომლის ავტორი ღვინის კლუბის პრეზიდენტი, ლიტერატორი მალხაზ ხარბედიაა.

პირველ რიგში, ეს ღვინის მოხმარების წესებს ეხება, ღვინის შენახვას, ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემებს ...
წიგნიდან მკითხველი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას ქართული მევენახეობა-მეღვინეობის როგორც ისტორიის, ასევე თანამედროვე ტენდენციების შესახებ. „გზამკვლევში“ დეტალურადაა მიმოხილული ვაზის ქართული ჯიშები და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციული რეგიონები. გარდა ამისა, წიგნი შევსებულია საცნობარო და საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციითაც.

„ქართული ღვინის გზამკვლევი“ ბილინგვური - ქართულ და ინგლისულ ენებზე დაწერილი - ტექსტია, რომლის სტრუქტურა, როგორც ავტორი მალხაზ ხარბედია განმარტავს, განაპირობა ნაწილობრივ თანამედროვე ქართველი მომხმარებლის მოთხოვნილებამ, ნაწილობრივ კი სურვილმა ამაღლდეს საქართველოში ღვინის მოხმარების კულტურა:

„პირველ რიგში, ეს ღვინის მოხმარების წესებს ეხება, ღვინის შენახვას, ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ღვინის დაავადებებს და ა.შ. გარდა უშუალოდ გზამკვლევისთვის დამახასიათებელი ისეთი თემატიკისა, როგორიცაა ღვინის რეგიონები, სხვადასხვა კატეგორიის ღვინის დახასიათება, თანამედროვე ქართული ბაზრის მდგომარეობა (ექსპორტი და შიდა ბაზარი), საჭიროდ ჩავთვალე წიგნში შემეტანა ისეთი თავები, როგორიცაა ქართული ღვინისა და ქართული კერძების შეხამება, რომელიც უცხოელებისთვისაც საინტერესო იქნება და ქართველი მკითხველისთვისაც.“

მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია
გარდა ამისა, მალხაზ ხარბედიას თქმით, „გზამკვლევის“ საშუალებით დაინტრესებული მკითხველი მიიღებს პასუხს თავისთვის საინტერესო თითქმის ყველა შეკითხვაზე, მათ შორის იმაზე, თუ სად და რომელი ღვინო შეიძინოს, როგორ გაარჩიოს კარგი ღვინო დაავადებულისგან, რომელ რეგიონში ვაზის რომელი ჯიში ხარობს და როგორი ღვინო მზადდება, როგორ შეინახოს და მოუაროს ღვინოს, სად შეიძინოს საუკეთესო ქვევრის ღვინო და სად - ინდუსტრიული. ამასთან, „გზამკვლევში“, როგორც ღვინის მწერალი ალეკო ცქიტიშვილი განმარტავს, პირუთვნელადაა წარმოჩენილი საქართველოს ბაზარზე მოქმედი თითქმის ყველა ღვინის მწარმოებელი კომპანია და მათი პროდუქტი.

„ეს წიგნი არის მიუკერძოებელი და არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული კომპანიის მხარდამჭერ გამოცემას ან თუნდაც რომელიმე მიმდინარეობის (მაგალითად, ნატურალური ან ინდუსტრიული მეღვინეობის) მხარდამჭერ გამოცემას. აქ თავმოყრილია ყველაფერი ის, რასაც დღეს ქართული მეღვინეობა სთავაზობს მომხმარებელს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ალეკო ცქიტიშვილმა. მისი თქმით, მალხაზ ხარბედიას ეს წიგნი, ფაქტობრივად, ქართული ღვინის პირველი გზამკვლევია. საინტერესოა, როგორ მოხდა ისე, რომ საქართველოში - ღვინის ტრადიციულ ქვეყანაში - ამ ტიპის ლიტერატურა აქამდე არ გამოცემულა. ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ კომპანია “ჩვენი ღვინის“ დამფუძნებელ სოლიკო ცაიშვილს მიმართა.

თბილისიდან სულ ახლოს, რამდენიმე წუთის სავალზე, სოფელი ხაშმია, რომელიც გეოგრაფიულად პირველი ლეგენდარული ადგილია საფერავისათვის ...
სოლიკო ცაიშვილი: „ტრადიციული ღვინის ქვეყანა კი ვართ, მაგრამ ჩვენთან ღვინის ბაზარი ყოველთვის არანორმალური იყო. ჯერ ერთი, ცოტა დასახელების ღვინო გამოდიოდა. ის ჯიშები, რომლებსაც უნდა შეექმნა ქართული ღვინის მრავალფეროვნება, საერთოდ ამოაგდეს ხმარებიდან. ამიტომ იმდენად გაღარიბდა ბაზარი, რომ აღარ იყო გზამკვლევის არანაირი საჭიროება. „წინანდალი“, „გურჯაანი“, „ახაშენი“, „მუკუზანი“, „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“ – აი, ბატონო, ჩამოგითვალეთ თითქმის ყველა ღვინო, რომელიც იყიდებოდა. ამისთვის წიგნებისა და გზამკვლევების დაწერა ნამდვილად არ იყო საჭირო. ახლა კი უკვე დადგა ის ეტაპი, როცა ქართული ღვინის ბაზარი გამრავალფეროვნდა.“

ეს მრავალფეროვნება, რომლის შესახებაც სოლიკო ცაიშვილი ლაპარაკობს, სრულადაა ასახული „ქართული ღვინის გზამკვლევში“, უყურადღებოდ არაა დატოვებული არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ჯიშის ვაზი და ღვინო, თუმცა წიგნში ხაზგასმითაა გამოყოფილი საფერავი, რომელზეც, ავტორის სიტყვებით, ქართული მეღვინეობის წარსული და მომავალი დგას, რომელსაც ყველაზე ძვირფასი მოგონებები და დიდი იმედები უკავშირდება და რომლის სამფლობელო კახეთია.

„თბილისიდან სულ ახლოს, რამდენიმე წუთის სავალზე, სოფელი ხაშმია, რომელიც გეოგრაფიულად პირველი ლეგენდარული ადგილია საფერავისათვის. აქაურ ღვინოს დევის სისხლიც კი შეარქვეს. მომდევნო გაჩერება კარდენახია, სადაც ახოებად ცნობილ ნაკვეთებში კახეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ბლანტი, ალუბლის მურაბასავით დამდგარი მშრალი საფერავი იწურება. იქვეა ანაგური და ტიბაანური საფერავიც. შემდეგ უკვე კლასიკური მუკუზნის ჯერი მოდის, ბროწეულისფერი ძლიერი ღვინისა, რომელიც, ბევრის აზრით, საფერავის ეტალონია.“ - წიგნიდან აღებული ამ მცირე ფრანგმენტიდანაც ჩანს, რომ „ქართული ღვინის გზამკვლევი“ არაა ტიპიური, სტატისტიკური მონაცემებით შევსებული მშრალი ბიზნესცნობარი. ავტორისთვის ღვინო ფუნქციურ საკვებსა და გასაყიდ საქონელზე მეტია. ერთგან, კახური ტიპის ღვინოების ფერის შეფასებისას, ქარვისა და ჩაისფერთან ერთად ნახსენებია უნაბისფერი, ოქროსფერი, ცეცხლისა და მზისფერი. „ღვინო რომ ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და ერთგვარი მამოძრავებელი ძალაა, კარგად ჩანს წიგნის ყველაზე ვრცელ თავში, რომლის სათაური „ქართული ღვინის ისტორიაა“, ამბობს ღვინის კლუბის წევრი, ლიტერატორი სოსო ტაბუცაძე:

დღეს ძალიან ცოტა პიროვნებაა ქართულ მეღვინეობაში, ვგულისხმობ ავტორებს, შემოქმედებს, ინდივიდებს, რომლებიც თავისებურად ხედავენ ღვინოს ...
„ღვინო არ არის მხოლოდ სასმელი, ეს არის ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი! ღვინო განსაზღვრავს ქარველი კაცის ცხოვრების წესს, მოვლენის, სამყაროს, საგნების შეფასებას... დავარქვათ ამას ქართული ფილოსოფია. ეს არის დასაწყისი, შესავალი ქართული ცხოვრების ფილოსოფიაში, რომელიც აუცილებლად გადის ფილოსოფიაზე.“

მალხაზ ხარბედია კი დარწმუნებულია, რომ კარგ ღვინოს შეუძლია შეცვალოს ადამიანის დამოკიდებულება არა მხოლოდ ღვინისადმი, არამედ სამყაროს მიმართაც. დაახლოებით ამავე ძალისაა ღვინის შესახებ დაწერილი ეს წიგნიც, რომლის მთავარ ნაკლად ავტორი „გზამკვლევში“ წარმოდგენილ მეღვინეთა სიმწირეს მიიჩნევს, თუმცა მალხაზ ხარბედიასვე განმარტებით, ამის მიზეზი არსებული სინამდვილე - ანუ შთაგონებულ მეღვინეთა ნაკლებობაა.

„დღეს ძალიან ცოტა პიროვნებაა ქართულ მეღვინეობაში, ვგულისხმობ ავტორებს, შემოქმედებს, ინდივიდებს, რომლებიც თავისებურად ხედავენ ღვინოს და რომლებიც რაღაც ინერტულ პროდუქტს კი არ ქმნიან არამედ ქმნიან გამორჩეულსა და თავისებურს. ამ ადამიანთა რიცხვი, საბედნიეროდ, იზრდება დღევანდელ საქართველოში და იმედი მაქვს, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდება ქართული ღვინო. ყოველგვარი ყალბი ოპტიმიზმის გარეშე ვამბობ ამას: გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით ნამდვილად არის!“ – უთხრა მალხაზ ხარბედიამ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG